გვარამია "ციანიდის საქმეში" ადვოკატის სტატუსით ჩაერთო: "იმას არ ველოდი, რაც აქ გავიგე"

2018-03-13 17:42:02
932

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის გენდირექტორი ნიკა გვარამია "მატროსოვის ციხეში" დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ირკვევა, რომ გვარამია საქმეში ადვოკატის სტატუსით ჩაერთო და დეკანოზსაც ამავე სტატუსით შეხვდა. ამასთან, როგორც მამალაძის ოჯახის წევრები განმარტავენ, გადაწყვეტილება ოჯახმა დაცვის მხარის გასაძლიერებლად მიიღო. საქმეს მესამე ისტანცია ჯერ არ გაუვლია. დაცვამ სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში დღეს გაასაჩივრა.  

გვარამია დეკანოზ მამალაძეს ციხეში ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ დეკანოზი "სახელმწიფოსა და საპატრიარქოს მძევალია".

"იმას არ ველოდი, რაც აქ გავიგე. ეს ადამიანი ქართული სახელმწიფოს და სამწუხაროდ, ეკლესიის შიგნით არსებული გარკვეული დაჯგუფებების მძევალია. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანი მძევლობიდან გამოვიხსნათ. ის იმყოფება უკანონო პატიმრობაში. ის საქართველოს პრეზიდნტის მიერ შეწყალებულ უნდა იქნას. ბუნებრივია, ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა გამართლდეს, თუმცა ამის იმედი არავის აქვს. ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ, მაგრამ ეს გრძელი გზაა. დარწმუნებული ვარ, რომ დეკანოზი მამალაძე სტრასბურგში საქმეს მოიგებს, თუმცა თუ იქამდე ციხეში დავტოვეთ, ეს შეიძლება, კარგად არ დასრულდეს. იგი სასჯელს იხდის იმ დანაშაულებებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს",– განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ოჯახთან კონსულტაციებისთვის რამდენიმე დღე დასჭირდება, შემდეგ კი გააჟღერებს იმ ინფორმაციას, რაც დეკანოზისგან დღეს მიიღო.