სოხუმი: “იმედია, ამჯერად თბილისი საკუთარი განცხადებების პრაქტიკულ რეალიზებას დაიწყებს”

2018-03-13 16:39:06
945

აფხაზური მხარე რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას ეხმიანება და კვლავინდებურად ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს, პირდაპირ დიალოგს კი მხოლოდ “სახელმწიფოთაშორის” ფორმატში ხედავს.

 

სოხუმის პოზიცია დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ინტერნეტ-გამოცემა “აფსნიპრესთან” ინტერვიუში გაახმოვანა. “აქცენტი” მის თარგმანს გთავაზობთ:

-
ბატონო კოვე, როგორ აფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას? ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლაც მზადაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის დაგროვებული პრობლემებისა და მთლიანობაში კონფლიქტების მოსაგვარებლად?

-
ჩვენ ყურადღება მივაქციეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მორიგ განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა. აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგი დაამყაროს. აუცილებელია, აღინიშნოს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ხასიათის პირველი განცხადება არ არის. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ-ჯერობით ქართული მხრიდან ვერ ვხედავთ რეალურ ნაბიჯებს, რომელიც დიალოგის დაწყებასა და მთლიანობაში კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობდა ხელს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მსვლელობისას ვაწყდებით ქართული მხრიდან არსებული პრობლემების აღქმნის სრულ არარსებობასა და კატეგორიულ უარს, მიღებულ იქნას ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი დოკუმენტი. ჩვენი თვალთახედვით, მსგავსი დოკუმენტის მიღება კარგი საფუძველი გახდებოდა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებებისთვის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მოსაგვარებლად რუსეთისა და სხვა იმ საერთაშორისო აქტორების შუამავლობით, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მონაწილეობენ.

- ნიშნავს თუ არა ეს, რომ აფხაზეთი მზადაა, შემხვედრი ნაბიჯი გადადგას და სრულფასოვან ორმხრივ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთოს?

-
მსურს, ყველას შევახსენო, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა 1993 წლიდან მონაწილეობდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ირგვლივ მოლაპარაკებებში, რომელიც გაეროს ეგიდით, ეუთოს ჩართულობით, რუსეთის ფედერაციის შუამავლობით ტარდებოდა და კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებაზე იყო მიმართული. 2008 წლის მოვლენებმა ეს ფორმატი მთლიანად მოსპო.

რეგიონში ჩალოყალიბებული ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოქმედი ფორმატი, რომელიც მოწოდებულია, კავკასიაში უსაფრთხოება უზრუნველყოს. თუნცა როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები სტაგნაციაშია და მრავალი წლის განმავლობაში არ იძლევა სასურველ შედეგს.

აფხაზური მხარე ყოველთვის ავლენდა მზადყოფნას დიალოგისა და ურთიერთმისაღები კომპრომისებისთვის, რომელიც არსებულ ვითარებას გააუმჯობესებდა. თუ დავინახავთ რეალურ და არა დეკლარირბულ მზაობას ქართული მხრიდანაც, სრულყოფილი სახელმწიფოთაშორისი დიალოგი დაიწყოს, აფხაზური მხარე მზად იქნება მასში მონაწილეობის მისაღებად.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი ინიციატივის რეალიზებისთვის აუცილებელია სანდო პლატფორმის შექმნა, რომელზეც მთელი პროცესი იქნება ბაზირებული. ვიმეორებ, ჩვენი გაგებით, ასეთ საფუძვლად ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმება შეიძლება, იქცეს.

გვსურს, იმედი ვიქონიოთ, რომ ამჯერად საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და საკუთარი განცხადებების პრაქტიკულ რეალიზებას დაიწყებს.

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"