"ცდილობენ, სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ რეგიონად წარმოაჩინონ, სადაც გამუდმებით ირღვევა ადამიანის უფლებები"

2018-03-13 14:43:35
489

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი არჩილ ტატუნაშვილის საქმეში ოფიციალური თბილისის პოზიციას "სპეკულაციას" უწოდებს.

როგორც მან "მე-15 რეგიონისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, "ქართულ მედიაში არსებულ სპეკულაციებს ორი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი მათგანი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაწყებული მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა":

"სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები პოპულისტური განცხადებებითა და აქციებით ქულების დაგროვებას ცდილობენ, რაც კარგად მიიღწევა ნაციონალიზმის თემით, რევანშისტული განცხადებებით. ერებს შორის სიძულვილს აღვივებენ", - განაცხადა დე ფაქტო ლიდერმა.

მეორე მიზეზად კი მან დასავლეთი დაასახელა:

"საქართველოს კურატორები უფლებადამცველ ორგანიზაციებს იყენებენ, რომ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ რეგიონად წარმოაჩინონ, სადაც გამუდმებით ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები".

"ჩვენ გვესმის, რომ ამ საინფორმაციო თავდასხმის სამიზნეს რეალურად რუსეთი წარმოადგენს, რადგან დასავლელი პოლიტიკოსები ცდილობენ, რუსეთი აგრესორად და ოკუპანტად წარმოადგინონ", - დასძინა ბიბილოვმა.