საქართველოში 15 000-მდე ქალი ორსულობის დროს ერთხელ მაინც უცემიათ

2018-03-06 13:11:10
1095

საქართველოში, დაახლოებით, 15 000 ქალი ფეხმძიმობის დროს უცემიათ. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ევროკავშირის დაფინანსებით ჩაატარა.

"იმ ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური ძალადობა მინიმუმ ერთი ორსულობის დროს. საქართველოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 000 ქალს უდრის", - ნათქვამია კვლევაში. საუბარია ძალადობის ფორმებზეც:

"მათგან 37%-მა განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში ჩაარტყეს მუშტი, ან წიხლი. იმ დროს ქალების 64%, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა. უფრო მეტიც, 6%-მა განაცხადა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა", - აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევისვე მიხედვით, საქართველოში ყოველი 7 ქალიდან 1 ძალადობის მსხვერპლია.კვლევის შედეგების თანახმად, 2009 წლიდან მოყოლებული მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ არსებობს პრობლემები. გამოკითხული ქალების 22%-ს და კაცების 31%-ს მიაჩნია, რომ ქალის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია.

ამასთან, კვლევისვე თანახმად, საქართველოში 7-დან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, 5-დან ერთი ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

"მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა ცალსახად წინ მიდის ძალადობასთან ბრძოლის კუთხით, მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება იყოს შესაბამისი და საზოგადოებამაც ხელი შეუწყოს ამ პრობლემის შემცირებას და მოძალადეების მიმართ დამოკიდებულება იყოს განსხვავებული, ვიდრე ზოგიერთ შემთხვევაში არის ხოლმე", - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ცნობისთვის: კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სტატისტიკის ეროვნულმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. ეს არის პირველი დოკუმენტი 2009 წლის შემდეგ, რომელიც ძალადობას ეხება.