"თუ ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ"

2018-02-13 18:18:21
87

„თუ ადამიანს ბრალს სდებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მას ქვეყნიდან არ აძევებენ", - ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. 

„გუშინდელის შემდეგ ძალიან მტკივა კისერი, რადგან ყველანაირად ცდილობდნენ, მოეგრიხათ. კისრის ტკივილი გამივლის, მაგრამ მათ ვპირდები, რომ უკრაინელ ხალხთან ერთად ჩვენ კისერს მოვუგრეხთ უკრაინელ ოლიგარქებს და მათ მთავრობას", – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის უკრაინელ პოლიტიკოსად რჩება.

„მინდა, ვკითხო ლუცენკოს, ამ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელმაც ჩემს გამოძევებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა, რამდენიმე დღის წინ საჯარო ულტიმატუმი წამიყენა, თავად წახვალ ჰოლანდიაში, ან შენს ექსტრადირებას მოვახდენთ საქართველოშიო და როგორ წარვდგები ახლა სასამართლოს წინაშე, როგორ მოვხვდები უკრაინის სასამართლოში ახლა, თუ ჩემზე ძებნას გამოაცხადებთ? რა ბედი ელის ამ შეთითხნილ საქმეს? უკრაინიდან ჩემი ფიზიკურად გაძევებით პოროშენკო იმას ფიქრობს, რომ მოიშორა პოლიტიკური ოპონენტი, რომლისაც ყველაზე ძალიან ეშინია. ჩემი რომ ეშინია, ამის ფაქტები საკმარისზე მეტია. ეშინიათ იმიტომ, რომ ჩემი ყიდვა არ შეიძლება. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად. რა თქმა უნდა, ქართველი ვარ, მე ვიბრძოლებ უკრაინის მოქალაქეობის აღსადგენად", - აღნიშნა სააკაშვილმა. 

ცნობისთვის:უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა  მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" დააკავა. მოგვიანებით საქართველოს ექს–პრეზიდენტი პოლონეთში გაამგზავრეს.