ბიბილოვის იდუმალი გაორება ოსურ საზოგადოებას საგონებელში აგდებს

2018-02-13 17:23:45
1339

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალი დე ფაქტო ხელისუფლების გაორებული საგარეო პოლიტიკური ვექტორი ოსურ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს. ბევრისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება, ერთის მხრივ, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლისთვის იღწვოდე და ამავდროულად დღემდე არნახულ ძალისხმევას იჩენდე ოკუპირებული რეგიონის "დამოუკიდებლობის" ფართო საერთაშორისო აღიარების მისაღწევად.

თავად დე ფაქტო ხელისუფლებას თუ დავუჯერებთ, ოსი ჩინოსნების ნებისმიერი ვიზიტი საზღვარგარეთ არა მხოლოდ უკვე არსებული კავშირების განმტკიცებასა და ახლების მოძიებას, არამედ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის" შემდგომი აღიარების შესაძლებლობების რეანიმირებას ისახავს მიზნად.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების ისტორია 2008 წლის ომის შემდეგ იღებს სათავეს. პირველი, ვინც მის მიერვე ოკუპირებული ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" აღიარა, რუსეთის ფედერაცია იყო, რომელსაც შემდეგ ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ვანუატუ და ტუვალუ მიჰყვნენ (მოგვიანებით ვანუატუმ ეს გადაწყვეტილება გაიწვია). მაშინ, ცხრა წლის წინ ბევრ ოსს ეგონა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარება ასევე აქტიურად გაგრძელდებოდა. ამ იმედებს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას იმჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც უღვივებდა განცხადებებით იმის შესახებ, რომ "აღიარებას, სულ მცირე, კიდევ 10 სახელმწიფო გეგმავდა". თუმცა მსგავსი არაფერი მოხდა და აი, ოსური საგარეო პოლიტიკური ვექტორი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლისაკენ გადაიხარა. ბოლო დე ფაქტო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩვენები კი მოიგო პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ოსებს რუსეთის შემადგენლობაში უსწრაფეს შესვლას ჰპირდებოდა.

2017 წლის დეკემბერში, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რეზონანსული განცხადება გააკეთა: „ისინი, ვინც გულწრფელად იღწვის სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, უნდა დაფიქრდნენ, რატომ ემთხვევა მათი პოზიცია საქართველოსას, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში ჩვენს შესვლას ასევე ეწინააღმდეგებაო“.

ბიბილოვის განცხადება სარწმუნო ყველასთვის როდი აღმოჩნდა. აი, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ოსი ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი კოსტა კოშტე:

„თუ ასეა, საქართველოს უნდა აწყობდეს ჩვენი დამოუკიდებლობა, არადა, ყველამ ვიცით, რომ ის ჩვენს აღიარებას არ აპირებს და მეტიც, ეს მისთვის სიკვდილის ტოლფასია. ამიტომაც გაუგებარია, საიდან რა მოაქვს ბატონ ბიბილოვს“.

მისივე აზრით, მთელს ამ აქტივობას სურეალიზმის შეგრძნებას ჰმატებს წარსულის შეცდომების გამეორება:

„საერთაშორისო თანამეგობრობასთან საუბრისას იმ პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლებიდან უნდა ამოვდიოდეთ, რომელზეც აიგო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია და ყველაფერი თვითდინებაზე მივუშვით. ჩვენ ვსაუბრობდით ბრძოლაზე, ქართულ აგრესიაზე, მაგრამ ფუძემდებლური იურიდიული ფაქტები, რომელზეც აიგო ჩვენი სახელმწიფო და რომელიც აღარავის მისცემდა შესაძლებლობას, ჩვენთვის "სეპარატისტები" დაეძახა, ხოლო რუსეთისთვის – "ოკუპანტი", დროთა განმავლობაში ნულზე იქნა დაყვანილი. ისინი არც დღევანდელ აქტივობებში შეიმჩნევა. რაღა თქმა უნდა, ცუდი არაფერია იმაში, რომ ჩვენს შესახებ კიდევ სადმე გაიგებენ, მაგრამ საკითხავია, როგორ გაგვიცნობენ: როგორც სეპარატისტულ სახელმწიფოს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, თუ როგორც სახელმწიფოს, რომელიც აშენდა სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან, რომელსაც საქართველო და მისი მხარდამჭერი ქვეყნები არღვევენ?“.

პოლიტოლოგი დინა ალბოროვა კი ბიბილოვისა და მისი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ოსურ პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მისაღწევად ამ თემის ერთგვარ კოზირად გამოყენების მცდელობებზე საუბრობს:

„რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თემა არახალია. მსგავსი ვექტორი ყოველთვის არსებობდა, 2008 წლის შემდეგ კი ცალკეულმა პოლიტიკოსებმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხის წამოწევით საკუთარი კარიერები აიგეს. ნუ გვავიწყდება, რომ არსებობს პოლიტიკური ამბიციები. როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მიღწევა გსურს, რაღაც კოზირი უნდა გქონდეს, რაღაც „განსაკუთრებული“ შესთავაზო საზოგადობას. ხელისუფლების სათავეში ბიბილოვის მოსვლის დროისთვის სწორედ ეს – რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ველი იყო თავისუფალი. ეხლა ორი ასეთი ურთიერთგამომრიცხავი მიზნის დეკლარირება, ბუნებრივია, დისონანსს იწვევს, თუმცა პარტიამ სახე ხომ უნდა შეინარჩუნოს?! მე ამ ყველაფერს სწორედ ასე აღვიქვამ“ (https://www.ekhokavkaza.com/a/29005419.html).

ზემოაღნიშნული განცხადებიდან ერთ კვირაში იგივე ბიბილოვი უკვე „რესპუბლიკა სერბულს“ სტუმრობდა და სხვა თემებთან ერთად, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის შემდგომი აღიარების პერსპექტივებს განიხილავდა. კიდევ ცოტა ხანში საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრი დიმიტრი მედოევი იმავე მიზნით ნაურუში ოკეანეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან მართავდა შეხვედრებს (http://accent.com.ge/ge/news/details/46274). კერძოდ, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაიმართა შეხვედრები მიკრონეზიის ფედერაციული შტატების პრეზიდენტ პიტერ კრისტიანთან და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის სპეცწარმომადგენელ ნიკოლას მესეტთან.

გარდა ამისა, დიმიტრი მედოევმა და ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ დივავეს ვაკამ ხელი მოაწერეს "შეთანხმებას გამარტივებული სავიზო მიმოსვლის შესახებ". ამიერიდან "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები" შეძლებენ, ნაურუს ვიზის გარეშე ეწვიონ და ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში დარჩნენ.

ამასთანავე, ე.წ. "სამხრეთ ოსეთსა" და ნაურუს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლითაც ნაურუმ, როგორც გაერო-ს წევრმა ქვეყანამ, ორგანიზაციაში "სამხრეთ ოსეთის ინტერესების დაცვის" ვალდებულება აიღო.

ნაურუს შემდეგ იყო სამხრეთ კორეა.

„ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს ჩვენს მეგობრებთან, ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გვაღიარეს, ასევე სახელმწიფოებთან, რომელთაც ჯერ არ ვუღიარებივართ. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას და როგორც ოს ხალხს დავპირდით, მომავალშიც გავაგრძელებთ. ახლახანს ვიყავი სამხრეთ კორეაშიც. თუ აუცილებლობა შეიქმნება, სახრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებსაც ვეწვევით და მთელს მსოფლიოსაც“, – განაცხადა მედოევმა სამხრეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ.

თუმცა ოკუპირებულ რეგიონში არიან ისეთებიც, ვინც ცხინვალელი მაღალჩინოსნების გახშირებულ ვიზიტებს უფრო თვითპიარს უკავშირებს:

„ბატონმა მედოევმა სოციალურ ქსელში გასაოცარი აქტიურობა გამოიჩინა და ნაურუში ვიზიტი ნამდვილ ტროლინგად აქცია. სასაცილო ფოტოები, ყელზე ყვავილების ასხმით, ქოქოსებითა და "მის ნაურუთი" მინისტრის კარგ დასვენებაზე მეტყველებს, მაგრამ არა მის სურვილზე, სერიოზულად იმუშავოს აღიარების მიმართულებით". https://www.ekhokavkaza.com/a/29005419.html

თავის მხრივ, პოლიტოლოგი დინა ალბოროვა არ გამორიცხავს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური აქტიურობა „სტრატეგიულ პარტნიორ“ რუსეთთანაა შეთანხმებული:

„იყო სიგნალი იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე აღიარების გზით უნდა გვეარა და ეს სიგნალი ცხინვალში აღქმულ იქნა. ჩემი აზრით, ეს სიგნალი არა მხოლოდ შიგნიდან, არამედ, უფრო დიდი ალბათობით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან მოდიოდა. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან ცხადად და ცალსახად განუმარტეს. შესაბამისად, ეს ამოცანა სადღეისოდ უფრო აქტუალურია. რაც შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ამოცანას, სადღეისოდ იგი უბრალოდ დროებით ჰაერში დაეკიდა და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ წამოიწევს წინა პლანზე“.

ამასთან, ალბოროვას აზრით, თავად ოსურ საზოგადოებაზე საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებები უკვე ნაკლებადაა დამოკიდებული.

მისთვის, ვინც რუსეთის პოლიტიკას - “თქვი ერთი, აკეთე მეორე” კარგად იცნობს, ალბოროვას ვერსია მართლაც სარწმუნოდ გამოიყურება. და თუ ბიბილოვის გაორებულ კურსს ამ რაკურსში განვიხილავთ, ბიბილოვის “გაორების” ირგვლივ იდუმალების ბურუსი სრულად გაიფანტება. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ცხინვალისთვის “აღიარებისთვის ბრძოლის” დავალების გაცემის ფონზე რუსეთი ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. სახელმწიფო ორგანოების ჩანაცვლებას აქტიურად აგძელებს.

 

კერძოდ, დაჩქარებული ტემპით მიდის “ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრისათვის” განკუთვნილი შენობების რეკონსტრუქცია. ხსენებული ცენტრი მოსკოვსა და ცხინვალს შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. შეთანხმების ფარგლებში, "ორგანიზებულ და სხვა საშიში სახის დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლის მიზნით” ჯერ კიდევ სამი წლის წინ – 2015 წლის მარტში შეიქმნა, თუმცა მისი ამოქმედება მხოლოდ მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

აქცენტი” უკვე წერდა, რომ რუსული და ოსური შს სტრუქტურების ესოდენ მჭიდრო ინტეგრაციამ ოკუპირებულ რეგიონში ბევრი აღაშფოთა: შედეგად ხომ შს ადგილობრივი დე ფაქტო ორგანოები უფლებამოსილებას უცხო სახელმწიფოს – რუსეთს უნაწილებენ, რიგ შემთხვევებში კი ცენტრის თანამშრომლებს ოს სამართალდამცველებზე მაღალი სტატუსი ექნებათ, მაგალითად, დიპლომატიური იმუნიტეტით იქნებიან დაცულები. შესაძლოა, ცენტრის ამოქმედების სამწლიანი გაჭიანურებაც სწორედ ოსური საზოგადოების უკმაყოფილებით აიხსნებოდეს.

თუმცა მათთვის, ვინც კარგად იცნობს რუსეთის პოლიტიკის კიდევ ერთ საყოველთაოდ ცნობილ სლოგანს - “ძალა აღმართს ხნავს”, გასაკვირი არ არის, რომ ოსების უკმაყოფილებამ რუსეთს ამ მიზანზე ხელი არ ააღებინა. და აი, ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო შსს ფაქტობრივად, ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის კონტროლქვეშ შევიდა.

ანალოგიური ტრანსფორმაცია განიცადა ცოტა ხნის წინ ოსურმა ჯარმაც, რომელიც 2017 წელს რუსულს ფაქტობრივად, შეერწყა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გაცილებით უფრო სერიოზული საგარეო პოლიტიკური დარდები აქვს, იგი თანმიმდევრულად აგრძელებს სახელმწიფო სუვერენიტეტის ნიშნების წართმევას რესპუბლიკებისთვის, რომელთა დამოუკიდებლობაც 10 წლის წინ თავადვე აღიარა” - წერს ამასთან დაკავშირებით ოსი ანალიტიკოსი ვალერი ძუცატი (https://www.kavkazr.com/a/koordinacia-v-odni-vorota/29035304.html).

დასავლეთში ელიან, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმას გააგრძელებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ღია ანექსია შეუმჩნევლად გაგრძელდება. გავლენიანი ანალიტიკური ორგანიზაცია Heritage Foundation”-ის ამასწინანდელ ანგარიშში მოცემულია რეკომენდაცია, წინასწარ იყოს შეთანხმდეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების პაკეტი, რომელიც მის მიერ ამ ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში ავტომატურად ამოქმედდება.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსას და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

 საინფორმაციო სააგენტო „აქცენტი“