"უკრაინის ეს არადემოკრატიული ნაბიჯი პრობლემად იქცა როგორც პოლონეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის"

2018-02-13 14:50:38
144

ევროპარლამენტის დეპუტატი ანდერი მამიკინსი საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერი მეთოდებით დაკავებასა და უკრაინიდან პოლონეთში იძულებით გამგზავრებას ეხმიანება.

მისი განცხადებით, ევროპარლამენტარებმა მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინონ, რადგან მათი ვალდებულებაა დაიცვან თითოეული მოქალაქის უფლებები.

"უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ეს ძალიან არადემოკრატიული ნაბიჯია. ახლა ეს გახდა პრობლემა პოლონეთისთვის და მთლიანად ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ნებისმიერი პიროვნების უფლებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის. ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ ჩვენ სააკაშვილის მომხრე პოლიტიკურ ჯგუფებს ან პარტიებს წარმოვადგენთ. გუშინდელი ფაქტი არის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის გაგრძელება. ვფიქრობ ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება ამაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიცია ევროპარლამენტში დაფიქსირდება. როგორც ევროპარლამენტარებმა ჩვენ მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა მასთან მიმართებაში და შეშფოთება არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით", -აცხადებს ანდერი მამიკინსი.

ცნობისთვის:უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა  მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან "სულგუნში" დააკავა. მოგვიანებით საქართველოს ექს–პრეზიდენტი პოლონეთში გაამგზავრეს. 

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრეს–სპიკერის განცხადებით, უწყების წარმომადგენლებმა ძალა თავდაცვის მიზნით გამოიყენეს.

გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია მათთვის მოულოდნელობა იყო. „უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაცია გენერალური პროკურატურისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან მესაზღვრეებს ჩვენ ამის შესახებ არ გავუფრთხილებივართ“, - აცხადებენ გენპროკურატურაში.

ამასთან, უწყების ცნობით, სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე გამოძიება გაგრძელდება.