კობახიძე: "მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს გაწევრიანებას ნატოში"

2018-02-10 12:42:05
323

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ამპლუაში ვაშინგტონში პირველი ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლოს მან ამერიკელ პარტნიორებთან შეხვედრები შეაფასა და საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე და ქვეყნის განვითარებაზე ისაუბრა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყველაზე ცნობილი სლოგანია „ამერიკა პირველ რიგში“. საქართველოსთან ურთიერთობაში თუ იგრძნობა ეს და თქვენი პირველი ვიზიტის ბოლოს თუ შეგიძიათ თქვათ, რომ შეერთებულ შტატებს ისევ აქვს ინტერესი ჩვენს რეგიონში?

ეს ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, გვქონდა შეხვედრები ამერიკელ მეგობრებთან, კოლეგებთან, არაერთ სენატორთან, ასევე გავმართეთ შეხვედრები ანალიტიკურ ცენტრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ძალიან მყარი.

ჩვენ გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი 2017 წელი ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით. იყო ბევრი საუბარი იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო გარკვეული ცვლილებები ჩვენს ურთიერთობებში არჩევნების შემდეგ, თუმცა ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ახალი ფაზა ორმხრივი ურთიერთობების. 2017 წელს კულმინაცია იყო ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში. მან ქართულ საზოგადოებას მიმართა ძალიან მყარი მხარდაჭერის გზავნილებით, რაც იყო ამერიკის მხარდაჭერის კიდევ ერთი მყარი დადასტურება.

მხარდაჭერა არის ძალიან მყარი და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან შეხვედრების დროს.

10 წელი გავიდა ნატოს ბუქარესტის სამიტიდან, სადაც საქართველომ და უკრაინამ ვერ მიიღეს ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა - მაპი, მაგრამ მიიღეს პირობა, რომ ისინი აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ, სად არის დღეს საქართველო ნატოსთან ურთიერთობაში?

ნატოში გაწევრიანება იყო ამერიკელ კოლეგებთან ჩვენი საუბრების ერთ-ერთი მთავარი საგანი. ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების კუთხით.

ამ ათი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს ნატოში გაწევრიანების პროცესი.

ჩვენ ვატარებთ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებიც გვაახლოებს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან, ღირებულებებთან, რომლებსაც ეფუძნება ნატო. ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს აღებული ნატოს მიმართ, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცვლილებები და რეფორმები არის საჭირო ჩვენი სახელმწიფოების შემდგომი გამტკიცებისთვის. ჩვენ გვინდა სწრაფი წინსვლა და იმედი გვაქვს, რომ ამ სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ის განაცხადი, რომელიც გაკეთდა ბუქარესტის სამიტის დროს და ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

გასულ კვირას ჰერიტიჯის ფონდმა, რომელსაც თქვენი მთავრობა ხშირად ციტირებს, სტატია გამოაქვეყნა, სადაც ავტორი ლუკ კოფი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეერთებული შტატების ინტერესებშია. ავტორი იქვე გამოდის იდეით, რომ საქართველო დაჩქარებულად გახდეს ალიანსის წევრი. ის განიხილავს პირობას, რომლის მიხედვითაც კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ ეს კონფლიქტები მშვიდობიანად არ მოგვარდება. „ქართული ოცნების“ მთავრობა იმუშავებს ამ იდეაზე?

ჩვენი ამოცანა არის ნატოში ინტეგრაციის ტემპების დაჩქარება. თითოეული ნაბიჯი რომელიც გადაიდგმება ამ მიმართულებით, გადაიდგმება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის და კონსულტაციების საფუძველზე და ჩვენი სტრატეგიული ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ დაგვჭირდება დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს ეროვნული პრიორიტეტები და ეს პრიორიტეტები სათანადოდ იქნება ასახული ჩვენს გადაწყვეტილებებში.

ამ პრიორიტეტებში შედის თუ არა ის, რომ საქართველო შევა ნატოში და ალიანსის მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

ყველა საკითხი შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი, ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს პრიორიტეტი და მიზანი არ გადაიხედება არც ერთ შემთხვევაში. რაც შეეხება დათქმებს, ეს შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. მთავარია, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ჩვენი გაწევრიანება ნატოში და ეს გაკეთდეს ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

ამ იდეაში ხაზგასმულია, რომ ნატო რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული და აღიარებს მის სუვერენიტეტს. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ დროებით არ გავრცელდება მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თქვენ როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არჩეული პირი, მზად ხართ თუ არა გაიღოთ პოლიტიკური ფასი, რომელიც შეიძლება ამ დისკუსიას მოჰყვეს საქართველოში?

მთავარია ჩვენ პოლიტიკური ფასი არ გავიღოთ ეროვნული ინტერესების საზიანოდ. თუ არ დაზიანდება ჩვენი ეროვნული ინტერესები, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესი, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დააჩქარებს ჩვენს გაწევრიანებას ნატოში.

ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო ისევ რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად. ამ შეფასებებისას კრიტიკის საგანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ის ადამიანები წუხან, ვინც უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ, არის უშიშროების საბჭოს არსებული ფორმით გაუქმება. აღარ იარსებებს პოლიტიკური სათათბირო, სადაც პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთად ითათბირებენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. არ მიიჩნევთ, რომ ასეთი სათათბირო უნდა არსებობდეს?

საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი პოზიტიური ცვლილება შეეხო ზუსტად თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემებს. გვქონდა სრული აღრევა კომპეტენციების, არ იყო შესაბამისობაში მოქმედი თავი თავდაცვის და უსაფრთხოების შესახებ ხელისუფლების დანაწევრების პრინციპების.

არის უმარტივესი ლაფსუსი, რომელიც ჩარჩა 2010 წლის ცვლილებების შემდეგ. არსებობს ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც რჩევას აძლევს პრეზიდენტს იმ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში. ეს ლაფსუსი იყო გასასწორებელი. მე ვარ პირადად ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი და ეს ორგანო მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, რაიმე წვლილი შეიტანოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და უსაფრთხოების სისტემის უკეთ ფუნქციონირებაში.

ეროვნული უშიშროების საბჭო არ არის საპარლამენტო სისტემისთვის დამახასიათებელი ორგანო, საპარლამენტო სისტემაში ამ ფუნქციას ითავსებს მთავრობა და მთავრობის ქვეშ უნდა შეიქმნას ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მთავრობის კოორდინაციას უსაფრთხოების კუთხით.

ოღონდ ეს სტრუქტურა პოლიტიკურ თათბირში არ იწვევს ქვეყნის მთავარსარდალს, ქვეყნის პრეზიდენტს...

რაც შეეხება მთავარსარდლის სტატუსს, საპარლამენტო რესპუბლიკების უმეტესობაში ეს სტატუსი მინიჭებული აქვს სახელმწიფოს მეთაურს. თუმცა მთავარსარდლობა არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის გამგებლობის ქვეშ არის თავდაცვის სფერო. ის სტრუქტურა, რომელიც დაკავებული იქნება უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებით. ის უნდა იყოს მთავრობის ქვეშ. მთავრობა არის ის სტრუქტურა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კოორდინაცია.

უშიშროების საბჭო არ არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ის არის სათათბირო. პრეზიდენტი უნდა იყოს თუ არა ამ თათბირის ნაწილი?

ამ თათბირის ნაწილი უნდა იყვნენ ის სუბიექტები, რომლებსაც აქვთ კომპეტენცია მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. თუ რამე სათათბირო ორგანო იქმნება, მან რჩევა უნდა მისცეს იმ ორგანოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

უკრაინის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა პოლიტიკურ თავშესაფარზე, რაც უკრაინის მთავრობას საფუძველს აძლევს მისი ექსტრადიციისთვის. რა ბედი ელის ყოფილ პრეზიდენტს, მოითხოვთ თუ არა ხელახლა მის ექსტრადიციას?

ამ საკითხს აქვს ორი მხარე. ერთი არის პოლიტიკური მხარე, მეორე - სამართლებრივი მხარე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი თუ სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში, უკრაინაში თუ სადმე სხვაგან. პოლიტიკური თვალსაზრისით ის ნაკლებად აქტუალურია საქართველოში. 2016 წლის არჩევნებამდე და ის, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, იყო ერთგვარი საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, თუმცა 2016 წლის შემდეგ ეს ვითარება შეიცვალა. აქედან გამომდინარე პოლიტიკური ინტერესი ხელისუფლებას არ აქვს ამ საკითხის მიმართ.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ესაა შესაბამის უწყებებს შორის განხილვის საგანი და შესაბამისი უწყებების ფორმატში იქნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაგრძელდება პროცედურები.

ეს არ არის ჯერ გადაწყვეტილი? მოითხოვთ მის ექსტრადირებას?

ეს არის სამართლებრივი უწყებების საქმე, მე არ მინდა ჩავერიო ამ საქმეში. პოლიტიკური ინტერესი ამ საკითხის მიმართ არ არსებობს.

საერთაშორისო შეფასებებში ასევე მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების საქმე. ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ ამბობს, რომ არსებობს კითხვები საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობაზე. თვითონ მუხთარლიც საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს აზერბაიჯანის მთავრობასთან თანამშრომლობაში. დღეს პარლამენტის წევრმა თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ ამ საქმეში კონსპირაციების ეჭვებს ხედავს. თქვენც განიხილავთ როგორც კონსპირაციას?

მუხთარლის შემთხვევა იყო ძალიან პრობლემური შემთხვევა და ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიება მივიდეს ბოლომდე. ჩვენთვის მნიშნელოვანია ბოლომდე მოეფინოს ნათელი ამ საქმეს. ეს არის ზოგადი დამოკიდებულება.

რაც შეეხება მუხთარლის ბოლო განცხადებებს, ეს არის ძალიან სამწუხარო, იმ პირობებში როდესაც ინფორმაცია არ არსებობს თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. სამწუხაროა, რომ წინასწარ კეთდება კონკრეტული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობის თაობაზე. ძალიან სამწუხაროა როდესაც კონკრეტული საფუძვლის გარეშე კეთდება ასეთი განცხადებები, ამან შეიძლება, ბუნებრივია, ზოგადი ეჭვები გააჩინოს.

მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. არსებობს კითხვები გამოძიებასთან დაკავშირებით, ვიდეოჩანაწერების არარსებობა, იგივე „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, ან საქართველოს მთავრობა მონაწილეობდა ამ საქმეში, ან სათანადოდ არ მოქმედებს ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად. თქვენმა გუნდმა გაიღო თუ არა სათანადო ძალისხმევა, რომ ეს კითხვები არ არსებობდეს?

საქართველოს პარლამენტის ინტერესებშია ამ საქმეს ბოლომდე მოეფინოს ნათელი. ჩვენ ვთქვით რომ დაველოდებოდით გამოძიების შედეგებს. იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ გამოძიება ბოლომდე ვერ სცემს პასუხებს დასმულ კითხვებს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ დამატებითი მექანიზმების ამოქმედებაზე, ვგულისხმობ ზედამხედველობას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/intw-with-speaker-of-the-parliaemnt/4247462.html