მაინც ვინ გვატყუებს: მოსკოვი, თუ თბილისი?

2018-02-07 23:03:27
1584

საქართველო-რუსეთის 2011 წლის შეთანხმებიდან გამომდინარე დოკუმენტი - 2017 წლის ქართულ-შვეიცარიული კონტრაქტი, ისევე, როგორც ორივეს რეალიზების პერსპექტივები, კვლავ ბურუსითაა მოცული. 2017 წლის კონტრაქტსაც, რომელიც, მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ დრომდე არ განსაჯაროებულა და თავად 2011 წლის შეთანხმებასაც მხარეები კარდინალურად განსხვავებულად ინტერპრეტირებენ. ამასთან, ორივე ირწმუნება, “ეს ხომ დოკუმენტში შავით თეთრზე წერიაო”… ამ ფონზე სულ უფრო მკაფიოდ ყალიბდება განცდა, რომ ვიღაც გვატყუებს, მაგრამ ვინ?

საქმის პრედისტორია, უფრო ზუსტად, მისი ოფიციალური ვერსია ასეთია: 2011 წელს, როდესაც საქართველოს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა, რუსეთი კი (როგორც ამბობენ, აშშ-ის მხრიდან პედალირებით) მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გასაწევრიანებლად დგამდა ნაბიჯებს, ოფიციალურმა თბილისმა, როგორც ამ ორგანიზაციის წევრმა, მოსკოვს პირობა წაუყენა: თანხმობას მოგცემ მსო-ში გაწევრიანებაზე, თუ რუსეთიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შემავალი ტვირთების ნეიტრალური – შვეიცარიული მხარის მიერ მონიტორინგს დასთანხმდებიო. კარგიო, -  უპასუხა კრემლმა. კეთილი და პატიოსანიო, - თქვა თბილისმა (აქაც, როგორც ამბობენ, აშშ-ის დაჟინებული თხოვნით). და აი, 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის შუამავლობით გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება “ტვირთბრუნვის მონიტორინგისა და საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ», რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ნახსენები არ არის ( https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1512898 ). ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მონიტორინგს კერძო შვეიცარიული კომპანია SGS განახორციელებდა.


ქართული მხარე ამ შეთანხმებას დიდ დიპლომატიურ გამარჯვებად აფასებდა. თუმცა საქმე ასე მარტივი არ აღმოჩნდა: შემდგომი 6 წლის განმავლობაში, ანუ თითქმის ერთი წლის განმავლობაში – საქართველოს ჯერ კიდევ ძველი, ხოლო შემდგომი 5 წლის განმავლობაში უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში ამ მიმართულებით ახალი არაფერი მომხდარა. ქართველ ჟურნალისტებს არაერთხელ მოგვიკითხავს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რა ხდებოდა 2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიმართულებით, თუმცა საპასუხოდ მუდმივად ისმოდა, “დეტალებზე მუშაობა მიდისო”. რეალურად კი, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რუსეთიც და მასთან ერთად რაღაც მიზეზით საქართველოც შვეიცარიულ მხარესთან კონტრაქტების გაფორმებას გაურბოდნენ და მხოლოდ დროს წელავდნენ. 


სიახლე მხოლოდ გასული წლის ბოლოს – 19 დეკემბერს გაჩნდა: საქართველომ შვეიცარიულ SGS-სთან კონტრაქტი, როგორც იქნა, გააფორმა. ახლა თითქოს ისღა რჩებოდა, ანალოგიური დოკუმენტი რუსულ მხარესაც დაედო. მოსკოვიდან განცხადებები ისმის, “გავაფორმებთ აუცილებლად, თანაც მალეო”. თუმცა…


საქმე ასე მარტივად კვლავაც არ არის: რუსეთი 2011 წლის შეთანხმებას  თბილისისგან სრულიად განსხვავებულად კითხულობს. კერძოდ, თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად ირწმუნება, რომ 2011 წლის შეთანხმება გაფორმდა იმისთვის, რათა თბილისმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან რუსეთის ტვირთბრუნვის კონტროლი შეძლოს, მოსკოვის ხედვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემგრიგორი კარასინმა ასე ჩამოაყალიბა: “ეს ხელშეკრულება ძლიერ ბიძგს მისცემს რეგიონში ვაჭრობას, რომელიც სერიოზულად იყო შეფერხებული 2008 წლის შემდეგ იმის გამო, რომ საქართველო არ აღიარებდა მის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, ეს კი აბრკოლებდა საბაჟო კონტროლის პუნქტების განსაზღვრას. 2011 წლის ხელშეკრულებამ ამ საკითხში სიცხადე შეიტანა. ამ საერთაშორისო შეთანხმებაში განსაზღვრულია ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები, რომლებიც განკუთვნილია ქართული საბაჟო სამსახურისთვის. ეს არის ყაზბეგის რაიონი - რუსეთთან საზღვარი, მდინარე ენგურის სამხრეთით, სადაც აფხაზეთის ტერიტორია იწყება, და გორის მიდამოები (სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს)“.


კარასინის ამ განცხადებიდან ორიოდ დღეში, მიმდინარე წლის 31 იანვარს ამ შეთანხმების რეალიზების პერსპექტივებს საუბარი უკვე პრაღაში, მასსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე შეეხო. თუმცა ამ საუბარმა მხოლოდ დაადასტურა, რომ თბილისისა და მოსკოვის პოზიციებს შორის უფსკრულია. ( http://accent.com.ge/ge/news/details/46236; http://accent.com.ge/ge/news/details/46185 ).

“მე ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მისი პრინციპებისა და დებულებების სრული პატივისცემით, ყოველგვარი ინტერპრეტირების და პოლიტიზირების გარეშე. არადა, ბოლო პერიოდში რუსეთში ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადებები, რომელიც აღნიშნული შეთანხმების პრინციპებსა და არსს ეწინააღმდეგება. კერძოდ, იქ საუბრობდნენ ე.წ. საბაჟო საზღვრებზე – საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის. მაგრამ ამ შეთანხმებაში არავითარ საბაჟო საზღვრებზე საუბარი არ არის, საუბარია ტერმინალებზე, რომელიც უნდა განლაგდეს სავაჭრო დერეფნების შესასვლელებსა და გასასვლელებში და ამ ტერმინალებზე უნდა იმუშავონ შვეიცარიული კომპანიის მონიტორებმა. შვეიცარიული კომპანიის მოვალეობაა მხოლოდ აღნუსხვა იმ ტვირთისა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის ფარგლებში აღნიშნული დერეფნებით გადაადგილდება, თორემ ის, თუ რა ტვირთი გაივლის დერეფნებზე, - ეს უკვე შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. ამავე დროს, ეს არის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის და იქ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონები მოხსენიებული არ არის.  პრაღაში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გამოიკვეთა პოზიციათა სერიოზული სხვაობა. დადასტურდა, რომ რუსული მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციებს უკეთებს შეთანხმების დებულებებს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აღნიშნული პროექტის ამოქმედებას“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში ზურაბ აბაშიძემ.


ამ ვითარებაში, შეთანხმების გაფორმებიდან უკვე 7 წლის თავზე ქართველ ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, ვისთვის იყო რეალურად უფრო მომგებიანი ეს დოკუმენტი – თბილისისთვის თუ მოსკოვისთვის? ( http://accent.com.ge/ge/news/details/46097 ).


მხოლოდ ბუნდოვანებას ჰმატებს ისედაც ბურუსით მოცულ საქმეს ოფიციალური თბილისის მიერ 2017 წლის ბოლოს – 19 დეკემბერს შვეიცარიულ მხარესთან გაფორმებული კონტრაქტი, რომლის ტექსტი, ექსპერტებისა და ოპოზიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ განსაჯაროებულა, - განსხვავებით თავად 2011 წლის შეთანხმებისაგან. ხოლო იმ ფონზე, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის წინაშე გააჟღერა ინიციატივა, სომხეთიდან მომავალი ტვირთები ფორსმაჟორულ სიტუაციებში რუსეთში ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით დაიშვას, ბევრს საქართველოში ეჭვი გაუჩნდა: ხომ არაფერი შეუცვლია “ოცნების” ხელისუფლებას 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით? 


ქართულმა ოპოზიციამ პრემიერ კვირიკაშვილის ხსენებული ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკა. მას აზერბაიჯანული მხარის პროტესტიც მოჰყვა (http://accent.com.ge/ge/news/details/44863 ).ამ დღეებში კი მედიაში საექსპერტო წრეებზე დაყრდნობით გაჩნდა ინფორმაცია, რომელმაც ბევრი შეაშფოთა:

„[შვეიცარიულ კომპანია] SGS-სთან დადებული კონტრაქტი 2011 წლის შეთანხმებისგან იმით განსხვავდება, რომ საქართველო  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გამავალი სატრანზიტო გზების პოტენციურ გახსნას თანხმდება. ეს არანაირად არ წარმოადგენდა საქართველოს თავდაპირველ მიზანს, არამედ სრულიად საპირისპირო რამაა. პროექტმა უფრო ფართო კონტექსტი შეიძინა, მაგრამ ის რომც ამოქმედდეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება – მართლაც საგანგებო სიტუაციებში გაიხსნება თუ არა სატრანზიტო მოძრაობა, თუ კონტრაქტის ეს ნაწილი მხოლოდ ქაღალდზე დარჩება?“ - განუცხადა  JAMnews-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ამჟამად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.


რეალურად მოხდა თუ არა კონტრაქტში თავდაპირველი იდეის მოდიფიცირება, ვერავინ გავიგებთ, სანამ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ახალ დოკუმენტს საიდუმლოდ ტოვებს. მხარეთა მიერ დოკუმენტების არსის ინტერპრეტირებისა და ახლადგაჩენილი ეჭვების ფონზე როგორც ქართველი, ისე რუსი ექსპერტები ოფიციალურ თბილისს 2017 წლის ბოლოს შვეიცარიულ კომპანია SGS-თან გაფორმებული კონტრაქტის შინაარსის განსაჯაროებისკენ მოუწოდებენ, რათა საქმეს ერთხელ და სამუდამოდ მოეფინოს ნათელი.


“ქართველმა დიპლომატებმა რაღაც მომენტში ირწმუნეს საკუთარი პროპაგანდის, თითქოს ეს შეთანხმება ახალგაზრდა რესპუბლიკებთან [აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი] ვაჭრობის კონტროლზე იყო მიმართული. ამასვე უყვებოდნენ ქართველ ხალხს. რეალურად კი, ამ შეთანხმებაში დაფიქსირებულია იმ დერეფნების კოორდინატები, რომელშიც საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთებმა უნდა იმოძრავოს და საბაჟო დამუშავებას არა მხოლოდ სატრანზიტო საქონელი ექვემდებარება. კერძოდ, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ყველა ტვირთი, რომელიც საქართველოდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ან აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან საქართველოში მიემართება, საბაჟო დამუშავებას ქართულ მხარეს გაივლის. ეს ნიშნავს, რომ ქართული საბაჟო დგას არა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, არამედ საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის.  შესაბამისად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საკუთარ საბაჟო ტერიტორიებს ფლობენ.  ამერიკელებს ძალიან უნდოდათ საქართველოს ხილვა მსო-ში და საქართველოს ასეთი შეთანხმება გააფორმებინეს. დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ პუნქტისთვის გვერდის ავლას და იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ შეთანხმების მიზანი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ვაჭრობის კონტროლი იყო. საქმე მთლად ასე არ არის. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განასაჯაროვოს კონტრაქტის ტექსტი. მაშინ ყველაფერს ნათელი მოეფინება» - ამბობს რუსი ექსპერტი ნიკოლაი სილაევი.

თემას მისი კოლეგა ალექსეი მუხინი აგრძელებს და იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ 2011 წლის შეთანხმება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გააფორმა, მისი რეალიზება კი უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლებას უწევს, რაც მისთვის “პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება”. მისი აზრით, ის, რომ მოსკოვი მთელი ეს წლები ერთგვარად დროს წელავდა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ერთგვარ ანგარიშის გაწევად შეიძლება, ჩაითვალოს:


“საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ამ შეთანხმების რეალიზება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება: პოლიტიკური ოპონენტები ამას აუცილებლად შეაფასებენ კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებად. ამ გაგებით, მთელი გასული წლების განმავლობაში შეთანხმების რეალიზებასთან მიმართებაში მოსკოვისა და მასთან ერთად ცხინვალისა და სოხუმის პოზიციების შეუვალობა ამჟამინდელი ოფიციალური თბილისისთვის ანგარიშის გაწევად აღიქმება. ჩვენ [რუსეთს] ხომ ახლა თბილისთან არცთუ ცუდი კონტაქტები გვაქვს: როგორც პრაღის ბოლო შეხვედრაზე აღინიშნა, პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, ეკონომიკურ სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება; წლის შედეგებით, ორმხრივი ტვირთბრუნვა 1/3-ზე მეტით გაიზარდა და 1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია; რუსეთი ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორის, კერძოდ, საქართველოში წარმოებული ღვინის 2/3 რუსულ ბაზარზე გავიდა. აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოშიც და იგივე უკრაინაშიც ახლა მძიმე როგორც საგარეო, ისე შიდა წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ჩვენ მათ ვეხმარებით და მანევრირების შესაძლებლობას ვაძლევთ».


თბილისი, თავის მხრივ, ამ ყველაფერს კვლავინდებურად უარყოფს, ყოველ შემთხვევაში - ოფიციალურ დონეზე, და კვლავინდებურად უარზეა, 2017 წლის კონტრაქტი განასაჯაროვოს. ზურაბ აბაშიძეს კი, რომელიც სულ ახლახანს, კარასინთან შეხვედრის შემდეგ ცალსახა და მტკიცე განცხადებებს აკეთებდა, დღეს უკვე საუბარი არც 2011 წლის შეთანხმების, არც 2017 წლის კონტრაქტის დეტალებზე სურს. 

«აქცენტი» მასთან დღეს ჩაწერილ ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:   

– ბატონო ზურაბ, საექსპერტო წრეებში გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის ხელშეკრულების თავდაპირველი იდეა, რომლის თანახმადაც, რუსეთიდან აფხაზეთში და ცხინვალში შემოსული ტვირთები გაკონტროლდებოდა, საქართველოს მთავრობის მიერ გასული წლის დეკემბერში  შვეიცარიულ SGS-თან გაფორმებულ კონტრაქტში მოდიფიცირდა და მასში უკვე ტრანზიტის შესაძლებლობაც გაჩნდა...

– დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით, რადგან არ ვარ მე ამის სპეციალისტი. ასეთი დეტალური კითხვა სჯობს, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამუშაო ჯგუფს დაუსვათ.

– მაგრამ, ბატონო ზურაბ, ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები ხომ ახლახანს რუს კოლეგა გრიგორი კარასინთან განიხილეთ?...

–კარასინთან ერთად ჩვენ ამ პროცესის დაჩქარების თემა განვიხილეთ მხოლოდ...


 – ნამდვილად? კეთილი. მაგრამ კარასინის მიერ თქვენთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ალბათ, გაეცნობოდით. ის გამჭოლ მოძრაობას ახსენებს და 2011 წლის ხელშეკრულების ტექტზე აპელირებს. თქვენ კი საპასუხოდ ბრძანეთ, რომ მასში მსგავსი არაფერია ნახსენები. შესაბამისად, ამ ტექსტს იცნობთ, ხომ? მინდა, გკითხოთ, არსებობს თუ არა მასში რაიმე ისეთი პუნქტი, რომელშიც სურვილის შემთხვევაში ტრანზიტის შესაძლებლობა მართლაც შეიძლება, განჭვრიტო?

– არ ვიცნობ. დიდი კონტრაქტია, უშველებელი რამ. მე არ ვარ ის პიროვნება, რომელმაც თქვენ პასუხი უნდა გაგცეთ ამ კითხვებზე. ამ დეტალებზე ვერ გესაუბრებით, შეიძლება, რაღაც შემეშალოს კიდეც. სჯობს, იმ ხალხს დაეკონტაქტოთ, ვინც მასზე იმუშავა. მე ასე დეტალურად კარასინთან არ მისაუბრია. ვიმეორებ, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ეს ამბავი [2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაცია] დავაჩქაროთ.

კონტრაქტს რაც შეეხება, შეიკრიბნენ შვეიცარიაში, ჩვენმა მხარემ მოაწერა ხელი, რუსებმა კი თქვეს, «ჩვენ კიდევ დრო გვჭირდებაო». ეხლა რომ შევხვდით [აბაშიძე და კარასინი], იგივე ითქვა: «ჩვენ კიდევ დრო გვჭირდება და ამ კონტრაქტს გავაფორმებთო». აი, ეს მოვისმინე მე მისი [კარასინის] მხრიდან. 

– ქართული მხარის მიერ SGS-თან გაფორმებული კონტრაქტი, ოპოზიციისა და საექსპერტო წრეების მოთხოვნების მიუხედავად, ამ დრომდე არ განსაჯაროებულა. თქვენი ინფორმაციით, აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მის განსაჯაროებას ახლა მაინც, როცა რუსული მხარე 2011 წლის ხელშეკრულებისა და ამ კონტრაქტის სათავისოდ ინტერპრეტირებას არ წყვეტს? მისი განსაჯაროება ხომ, ქართული საზოგადოების ინტერესს რომ თავი დავანებოთ, რუსული მხარის ინტერპრეტაციებს მაინც დაუსვამდა წერტილს ...

– არ ვიცი. თქვენ ისეთი კითხვები დამისვით, რაც ნამდვილად არ ვიცი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება
საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”