სომხური არმიის დღე და “დამოუკიდებლობის” მილოცვა ოსებს – რა ხდება ჯავახეთში

2018-01-31 14:13:45
7893

ამ დღეებში ახალქალაქის ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სომხეთის არმიის ფორირების 26-ე წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიება სლოგანით «მე შენი ხელის დარტყმა ვარ», რომელსაც საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის წინამძღოლი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და “საქართველოს სომხური დახმარების კავშირის” თავმჯდომარე კარინე თადევოსიანიც ესწრებოდნენ, “თავისუფლებისთვის ჯავახ მებრძოლთა” საზეიმო შემოსვლით გაიხსნა.


ფოტო - "JNews"


jnews.ge-ს ინფორმაციით, ეპისკოპოსმა მისალოც სიტყვაში მშვიდობა უსურვა ჯარისკაცებს, რომლებიც სომხეთის საზღვარზე მსახურობენ. თავის მხრივ, ახალგაზრდული ცენტრის სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა შეგირდებმა მათ მილოცვები და მადლობა შეუთვალეს სომხეთის საზღვრების საიმედო დაცვისათვის, რის შემდეგაც პატრიოტული სომღერები და ცეკვები შეასრულეს.



ფოტო - "JNews"


ღონისძიებაზე მიწვეულ ყოფილ მებრძოლებს კი სამადლობელი სიგელები გადაეცათ და საზეიმო ტორტის გაჭრის პატივი ხვდათ წილად, რომელზეც სომხეთის ღერბი იყო გამოსახული.

«მსგავს ღონისძიებებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ახალგაზრდები ხომ ამით ეროვნული თვითშეგნებით იზრდებიან და იძენენ ცოდნას ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანების შესახებ. ჩვენი დღევანდელი ლოზუნგი – «მე შენი ხელის დარტყმა ვარ» უნდა იქცეს ხელმისაწვდომად თითოეული ჩვენი შეგირდისთვის», – განუცხადა Jnews.ge-ს კარინე თადევოსიანმა.

სომხური არმიის საიუბილეო ღონისძიებას ნინოწმინდიდან და ახალციხიდან ჩასული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს სომხური ოპოზიციური პარტია “ერკირ ცირანის” ლიდერი, ერევნის უხუცესთა საბჭოს წევრ ზარუი ფოსტანჯიანი, რომელიც უმთავრესად სომხებით დასახლებულ ახალქალაში მიემართებოდა “სომხების ჯანყისა და ქართული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ჯავაგხის [ჯავახეთი] თვითგამორკვევისთვის” აგიტაციის საწრმოებლად.



ზარუი ფოსტანჯიანი

საზოგადოებრიობასთან დაგეგმილი შეხვედრების თემატიკა ფოსტანჯიანს სრულიადაც არ დაუმალავს და მიუხედავად ამისა, გააკვირვა იმ ქვეყანაში არშეშვების გადაწყვეტილებამ, რომლის დესტაბილიზაციასაც ცდილობს ერთ-ერთ ყველაზე რთულ – ჯავახეთის რეგიონში სეპარატისტული განწყობების გაღვივების მცდელობებით”, - წერდა მაშინ “Вестник Кавказа”.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კვირით ადრე სომეხი პოლიტიკოსი ახალქალაქში უკვე იმყოფებოდა, ადგილობრივ სომხებს შეხვდა და აგიტირება გაუწია ანტიქართული გამოსვლებისათვის საქართველოსგან ჯავახეთის გამოსაყოფად. “სტუმარი” ღიად აცხადებს, რომ მსგავს ქცევაში დასაძრახს ვერაფერს ხედავს და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მაშინ საქართველოს ხელისუფლებას მისთვის ხელი არ შეუშლია.

არადა, ფოსტანჯიანის მოღვაწეობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლს მიესადაგება, მათ შორის – "ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების” თაობაზე და რამდენიმე კიდევ უფრო მძიმე მუხლს. შესაბამისად, ახალქალაში მისი მორიგი გამოჩენის შემთხვევაში მართებული იქნებოდა ამ ქალბატონის დაკავება და სასამართლოს წინაშე წარდგენა საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. თუმცა თბილისმა, როგორც ჩანს, ამ თემაზე გარდაუვალ ისტერიკას თავი აარიდა და ამჯობინა, ერევნის უხუცესთა საბჭო წევრისთვის არაოფიციალურად მიენიჭებინა სტატუსი “პერსონა ნონ გრატა”, რომლის საფუძველზეც იგი ქვეყანაში ვეღარასოდეს შემოვა (http://accent.com.ge/ge/news/details/45831).

კიდევ რამდენიმე დღით ადრე, 15 იანვარს ჯავახეთის სომხური სათვისტომოს დამფუძნებელი აგასი არაბიანი მოსკოვში დაესწრო ღონისძიებას, რომელიც “რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საელჩომ” კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების შეყვანის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართა.

 


აგასი არაბიანი

ღონისძიების დასრულების შემდეგ არაბიანმა რუსეთში მოქმედ სომხურ გამოცემა www.armmuseum.ru-სთან ინტერვიუში არაერთი პროვოკაციული განცხადებაც გააკეთა, მათ შორის – ასეთი:

რუსეთის სამხედრო ძალების ჩარევა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართველთა მხრიდან წარმოებული სისხლისღვრის შესაჩერებლად, რომელიც მიმართული იყო ოსი ხალხისა და მისი უფლებების წინააღმდეგ“; “[…] თრიალეთის ფერდობზე მცხოვრები ოსები სომხური რეგიონისკენ, ჯავახეთისკენ გაიქცნენ, ჯავახი სომხები მოძმეებს უსასყიდლოდ დაეხმარნენ და უზრუნველჰყვეს მათი ევაკუაცია გიუმრისკენ, საიდანაც ისინი ბესლანში გადავიდნენ”; “ოსები და სომხები უნდა გაერთიანდნენ, რათა საკუთარი ისტორიული სიმართლე დაამტკიცონ”; “დღეისთვის სამხრეთ ოსეთი დაინტერესებულია მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებით და სომხებმა მხარი უნდა დაუჭირონ რეგიონში მშვიდობას”; “რუსეთი, საქართველო, ჯავახეთი და სომხეთი უნდა გაერთიანდნენ  და ერთად განახორციელონ ჰუმანიტარული და ეკონომიკური პროექტები, რაც რეგიონში უამრავ სამუშაო ადგილს შექმნის და ასევე მოძმე ერებს დაახლოებს”.

თავად www.armmuseum.ru-ს ჟურნალისტი დასძენს, რომ „ოს ხალხს სრული უფლება აქვს,  თავად გადაწყვიტოს საკუთარი ისტორიული ბედი“. წერს იმასაც, რომ „მიმდინარე პროცესების ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანი იყო აგასი არაბიანის შეხვედრა სამხრეთ ოსეთის ელჩთან რუსეთში ზნაურ გასიევთან, რომელზეც საუბარი კულტურულ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ საკითხებს შეეხო: სომხები ხომ დაინტერესებულნი არიან, კავკასიაში განვითარდეს სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზეც გაივლიან. თუმცა საქართველო ამ მცდელობას აქტიურად ეწინააღმდეგება, რაც 1991-1993 წლის მოვლენების გამოძახილია, როდესაც ნაციონალისტურად განწყობილი ზვიად გამსახურდიას მომხრეები ოსებს დაესხნენ თავს”.

ცნობისთვის: არაბიანის რიტორიკას ოფიციალური თბილისის მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია, ყოველ შემთხვევაში - საჯაროდ.

ამ თვალსაზრისით ანალოგიურად იქცევა სომხური მხარეც: ოფიციალური პირები დუმილს ინარჩუნებენ ამ დღეებში ერევანში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის ჩაშლის (http://accent.com.ge/ge/news/details/46072) თემაზე.


ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელმაც საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და ისიც ფეისბუქ-კომენტარის სახით, სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრის მრჩეველი მესროპ ესაიანია, რომელიც წერს:

«საინტერესოა, არიან კი ნახსენები ამ წიგნში ჯავახკის სომხები, რომლებიც სააკაშვილმა ციხეში ჩასვა?».

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”