"გვსურს, საქართველოს ბაზარზე ფრანგული კაპიტალი გააქტიურდეს"

2018-01-12 20:17:57
192

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში საქართველოში საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს უმასპინძლა. საქმიან შეხვედრას ქართულ-ფრანგული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი სოფია გოძინა და ფონდის მენეჯმენტი ესწრებოდა.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, ფრანგული მხარე სხვადასხვა სექტორში ინვესტირებითაა დაინტერესებული და ინფრასტრუქტურის, მძიმე ინდუსტრიის, წარმოების, მრეწველობისა და ტურიზმის მიმართულებით ფრანგული კაპიტალის გააქტიურებას აპირებს.

„საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობით, საფრანგეთი გერმანიასა და იტალიას ჩამორჩება. ჩვენი სურვილია, თქვენს ქვეყანაში ფრანგული კაპიტალი გააქტიურდეს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.