კალაძე "სითი ინსტიტუტს" გენგეგმის საბოლოო ვარიანტის წარდგენისთვის გონივრული ვადის დასახელებას სთავაზობს

2018-01-12 13:02:31
249

დედაქალაქის მერი კაი კალაძე "სითი ინსტიტუტს" გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის წარდგენისთვის გონივრული ვადის დასახელებას სთავაზობს და დროს დღის ბოლომდე აძლევს - ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა გააკეთა.

როგორც მერმა აღნიშნა, "სითი ინსტიტუტის" მიერ წარდგენილი გეგმა არ შეესაბამება დაწესებულ სტანდარტებს. მისი თქმით, "სითი ინსტიტუტთან" 2 წლის განმავლობაში გაფორმებულია ხელშეკრულება, თუმცა ვერც გენგეგმის დასკვნითმა მე-6 დოკუმენტმა ვერ დააკმაყოფილა დადგენილი სტანდარტები.

დედაქალაქის მერის განცხადებით, გენერალური გეგმის შესამუშავებლად არქიტექტურის სამსახურსა და "სითი ინსტიტუტს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეულია მნიშვნელოვანი სამუშაოები.

კალაძის თქმით, მისი ნაწილი მისაღები და გამოსადეგია, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებით არის სამუშაო, რათა გენერალურმა გეგმამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შექმნას.

„ხელშეკრულების თანახმად ჩვენ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა თბილისის მერია "სითი ინსტიტუტის" მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას, მის დასკვნით დოკუმენტს. ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და არასრულყოფილი დოკუმენტი მივიღოთ. ჩვენ ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც უკვე გასწია "სითი ინსტიტუტმა" ამ პროცესში. ყველაფრის გათვალსწინებით, ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა თუ რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას. ჩვენ ჩვენის მხრივ სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.