ანატოლი ბიბილოვი: “სამხრეთ ოსეთს აყვავებულს ვხედავ და ცალსახად რუსეთის შემადგენლობაში”

2018-01-11 23:37:44
805

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც “ოფიციალური ვიზიტით” “რესპუბლიკა სერბულს” ეწვია, “სპუტნიკ სერბეთს” ვრცელი ინტერვიუ მისცა. ოსურმა მედიამ ეს ვიზიტი “ევროპაში პირველ გასვლად” მონათლა, თავად ბიბილოვი კი მას “შორეულ უცხოეთში პირველ ვიზიტს” უწოდებს. ამ საკითხის გარდა, ინტერვიუში იგი საუბრობს თბილისთან ურთიერთობაზე, რუსეთის როლზე, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” მომავალზე. “აქცენტი” ამ ინტერვიუდან ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

— [...] ვფიქრობ, სამხრეთ ოსეთსა და რესპუბლიკა სერბულს, სხვა მრავალთან ერთად, აერთიანებთ სურვილი, იქცნენ, შესაბამისად, რუსეთისა და სერბეთის ნაწილებად, გაერთიანდნენ ამ ქვეყნებთან, იქცნენ მათთვის მონათესავედ, მოძმედ...


— “მოძმედო” - არ ვიტყოდი. ეს აბსოლუტურად შეუსაბამო სიტყვაა. მოძმეს ვერ უწოდებ ხალხებს, რომლებიც ერთ ერს წარმოადგენენ. ეს ერთი ხალხია. ზოგჯერ მეცინება კიდეც, როცა ამბობენ, მაგალითად, რომ რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი – ეს მოძმე ხალხებია. ჩვენ მოძმე ხალხები კი არა, ერთი ხალხი ვართ. და ამ ხალხმა უნდა იცხოვროს ერთად, ერთიან ტერიტორიულ და პოლიტიკურ სივრცეში.
[…] როგორც რესპუბლიკა სერბულის სერბებისთვისაა სერბეთი ისტორიული სამშობლო, ისეა რუსეთიც სამხრეთ ოსეთისთვის. სწორედ ამაშია, ალბათ, ამ პრობლემების მთელი არსი, რადგან სერბეთიც, რესპუბლიკა სერბულიც რუსეთს თავის მთავარ მოკავშირედ, მეგობრად განიხილავს. ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება აქვს სამხრეთ ოსეთსაც.

—  და დამცველადაც?


— დამცველადაც, რა თქმა უნდა.

—  თუმცა არსებობს კიდევ ერთი გარემოება. რესპუბლიკა სერბულისთვის ხელის შეშლა სურს ნატოს. ნატო კავკასიაში არსებულ სიტუაციაშიც ერევა. არადა, ნატო საშიში მოწინააღმდეგეა. როგორ აპირებთ ამასთან ბრძოლას?

— როდესაც არსებობს იდეები და ხალხი აღსავსეა ამ იდეებით, მაშინ ბლოკები, კავშირები, სახელმწიფოები,რომლებიც ამის წინააღმდეგ ილაშქრებენ, რაღაც მომენტამდე გავლენის მოხდენას ახერხებენ. მაგრამ იდეა ხომ არსად ქრება, ის ცოცხლობს! ამ იდეასთან ბრძოლა ნატოს ან კიდევ რამის დახმარებით არაშორსმჭვრეტელური და არასწორია.

მშვენივრად გვახსოვს სამხრეთ ოსეთის მაგალითი. სწორედ ნატო ამზადებდა ქართულ ჯარს, შეაიარაღა იგი, წვრთნებსაც ატარებდა, სპეციალისტებსაც იწვევდა უკრაინიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან. თუმცა ფაქტობრივად ის მივიღეთ, რომ ხალხის იდეამ გაიმარჯვა. ასე, რომ ხალხის იდეის წინააღმდეგ ვერ იბრძოლებ.

სამწუხაროდ, იყო სიკვდილი, ნგრევა. და რუსეთს რომ არ ეიძულებინა საქართველო მშვიდობისთვის, დღეს სამხრეთ ოსეთი აღარ იარსებებდა.
ამიტომ იყო ესოდენ მტკივნეული რეაქცია საქართველოს მხრიდან ჩემს აქ ჩამოსვლაზე? წავიკითხე თურქეთში საქართველოს ელჩის განცხადება, რომელიც ამავდროულად არის ელჩი ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში. მაგრამ აქ არა მტკივნეულად რეაგირებაა საჭირო, არამედ, უპირველესად, ბოდიშის მოხდა იმისათვის, რაც ჩაიდინეთ. ამის შემდეგ კი უკვე შესაძლებელია საუბარი რაიმე სხვაზე.

- სერბებმა ბევრი არაფერი იციან იმ გზის შესახებ, რომელიც სამხრეთ ოსეთმა განვლო – ჯერ თითქმის ორი საუკუნის წინ რუსეთის ნაწილად იქცა, შემდეგ – საქართველოს ნაწილად. მოგვიყევით, თუ შეიძლება, თქვენი ქვეყნის ისტორია.


— ოსეთი მთლიანობაში, სამხრეთად და ჩრდილოეთად დაყოფის გარეშე, რუსეთის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა.


—  ეს ნებაყოფლობითი შესვლა იყო?

— დიახ. რაც ყველაზე საინტერესოა: პირველი ელჩები ოსებმა სანქტ-პეტერბურგში  1745 წელს გააგზავნეს. ანუ, ათწლეულობით გვქონდა ურთიერთობა, ჩვენი ელჩები დადიოდნენ იქ, მათ იღებდნენ, საბოლოოდ კი ოსეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა. უკვე რევოლუციის, სამოქალაქო ომის შემდეგ რუსეთში, როცა ნაწილ-ნაწილ დაიწყო საბჭოთა კავშირის გაერთიანება, ოსეთი კავკასიონის ქედის გასწვრივ ორ ნაწილად გაყვეს. სამხრეთ ნაწილი საქართველოს მიაკუთვნეს, ჩრდილოეთი  - რუსეთს. მაგრამ ეს მაინც ერთიანი ქვეყანა იყო – სსრკ. თანაც ტერიტორია გაცილებით დიდი იყო, ვიდრე დღეს. აი, ამ პერიპეტიებმა, სამწუხაროდ, მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ მისი ნაწილი დავკარგეთ.

საქართველოს სამხედრო გზა კავკასიონის ქედის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან – ეს ოსეთი იყო. იგი ოსეთს საქართველოს მხრიდან კვეთდა. მაგრამ ეხლა, სამწუხაროდ, ისტორია ისე ჩამოყალიბდა, რომ ჩვენ ეს ტერიტორიები დავკარგეთ. ისტორია თავისებური რამაა, ხვალ შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს. ამას ვხედავთ საბჭოთა კავშირის მაგალითზეც, იუგოსლავიისაც...

—  როდესაც სსრკ დაიშალა, საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა აღარ გინდოდათ?


— ჩვენ ჩავატარეთ რეფერენდუმი და 99%-მა ხმა მისცა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. მაგრამ აქ ისევ და ისევ საერთაშორისო თანამეგობრობის საკითხია… ხალხისათვის აზრის კითხვა მოდური არ იყო, ისევე, როგორც, პრინციპში, დღესაც. თუ ესადაგება რაღაც გაუგებარ ფსევდონორმებს, მაშინ კი. მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

როდესაც ვამბობთ, რომ ხალხს თვითგამორკვევის უფლება აქვს, გამოდის, რომ ეს მხოლოდ რჩეულებს ეხებათ. ეს შეიძლება, ეხებოდეს კოსოვოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა სამხრეთ ოსეთს, რესპუბლიკა სერბულს, იმ ხალხებს, რომლებიც არ იზიარებენ მათ იდეოლოგიას (…). ჩვენი ბრძოლა დასრულდა 2008 წელს. ანუ, 1989-დან 2008 წლამდე იყო პერმანენტული ომი, სისტემატიური ცეცხლის გახსნები, მკვლელობები და ა.შ. საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს, ხოლო უკვე შემდეგ რუსეთმა შემოიყვანა ჯარი, რათა არ მიეცა საქართველოსთვის ოსი ხალხის განადგურების შესაძლებლობა. და აი, უკვე მშვიდობისთვის იძულების ამ ოპერაციის შემდეგ, რომელიც 8-დან 13 აგვისტომდე გრძელდებოდა, 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკები აღიარა.

— სადღეისოდ როგორ გამოიყურება ცხინვალი და მთლიანად სამხრეთ ოსეთი?


— […] დღეს სამხრეთ ოსეთი ვითარდება, ომის კვალს ვეღარსად ნახავთ. მშენებლობასთან ერთად ვშლით იმ ნანგრევებს, რომელიც ომის დროს წარმოიქმნა. გაჩნდნენ ინვესტორები, რომელთაც სჯერათ, რომ ჩვენთან სტაბილურობა არა დროებითია, არამედ საფუძვლიანი, მუდმივი. ხალხსაც სწამს, რომ სახელმწიფო და კანონები დაიცავთ მათ და მათ ინვესტიციებს. ადამიანები ნელ-ნელა ბრუნდებიან. ძირითადი მასა უკვე დაბრუნდა, რა თქმა უნდა.

—  ისინი მაშინ ჩრდილოეთ ოსეთში წავიდნენ?


— დიახ, ახლა ბრუნდებიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ ომის პირველ წლებში წავიდა, 90-იანების დასაწყისში. იქმნება ინფრასტრუქტურა, გზები, სახლები, ვითარდება ეკონომიკა, განათლება, მედიცინა. ანუ, ჩვენ მშვიდად მივდივართ იმ დონისკენ, რომლის ხილვასაც ისურვებდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა.

- და როგორია ამ პროცესში რუსეთის როლი? ვიცი, რომ რუსეთი ყოველწლიურად გამოყოფს გარკვეულ თანხებს. ეს დახმარება გრძელდება?


— დიახ, რა თქმა უნდა. რუსეთის გარეშე ვერას გავხდებოდით. ეს ცალსახაა. ეს არის, მათ შორის, საინვესტიციო პროგრამა 2018-2019 წლებისათვის. 2015-2017 წლების საინვესტიციო პროგრამის 90%-ზე მეტი დასრულებულია. ახლა აღებული გვაქვს კურსი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და უპირველესად – სოციალურ სფეროში: ბაღების, სკოლების. არსებობს რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების საინვესტიციო პროგრამაც. რა თქმა უნდა, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების გარეშე აბსოლუტურად ვერაფერს გავაკეთებდით.

ამავე დროს, ნელ-ნელა საკუთარი საბიუჯეტო შემოსავლებიც იზრდება. და ამ მხრივ დიდი სამუშაო მიდის.

- რა ურთიერთობები გაქვთ საქართველოსთან? გემუქრებათ თუ არა იგი? ადრე საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ შესაძლოა, ხელი მოეწეროს მემორანდუმს ძალის არგამოყენების შესახებ, მაგრამ ის დღემდე არ არის ხელმოწერილი.


- სამწუხაროდ, ასეა - გვემუქრება. როდესაც ადამიანი მუქარის პოზაში დგას, მაგრამ არ ამბობს, რომ დაგარტყამს, ეს ხომ მაინც მუქარაა. და შენც ვალდებული ხარ, საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყო.

სადღეისოდ საქართველო, სამწუხაროდ, კვლავ უარზეა, ხელი მოაწეროს ამ მემორანდუმს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში, წელიწადში რამდენჯერმე იმართება კონსულტაციები ამ საკითხზე. თუმცა ჯერ-ჯერობით დიპლომატია ვერ იმარჯვებს. ჩვენთვის ეს სიგნალია იმისა, რომ საქართველომ შესაძლოა, კვლავ ძალა გამოიყენოს, რათა გარკვეულწილად ზემოქმედება მოახდინოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბედზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაშფოთებს.

სადღეისოდ რუსეთი ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, ხელმოწერილი გვაქვს შეთანხმება, ვამუშავებთ უსაფრთხოების ერთიანი კონტურის საკითხს, - დაწყებული მესაზღვრეებით, დამთავრებული შეიარაღებული ძალებით.

- თუ აქვს სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან რაიმე ურთიერთობები?


- სადღეისოდ საქართველოსთან არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. არ მუშაობს კავშირები არც საერთაშორისო ორგანიზაციების, არც არაკომერციული ორგანიზაციების ხაზით.


—  და თუ არის შესაძლებელი საქართველოში ჩასვლა მათთვის, ვისაც იქ ნათესავები ჰყავს?


- თუ ვინმეს სურვილი აქვს, მიდიან კიდეც. ჩრდილოეთ ოსეთის გავლით, - იმ ოფიციალური გზით, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს, საქართველოს სამხედრო გზით. ჩვენს ტერიტორიაზე კი გამარტივებული კვეთის პუნქტი შევქმენით მათთვის, ვინც ლენინგორის [ახალგორის] რაიონში ცხოვრობს, მათ აქვთ საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის კვეთის საშუალება ნათესავების მოსანახულებლად და შემდეგ შინ დასაბრუნებლად.

—  იმედი მაქვს, ურთიერთობები ოდესმე გაუმჯობესდება…


- თუ მათი მხრიდან საამისოდ პოლიტიკური ნება იქნება, - თუმცა მათთვის ეს უბრალოდ პოლიტიკური ნებაც კი არ არის, ეს,პრაქტიკულად, გმირობაა, - მაშინ ურთიერთობების დარეგულირებაც იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მეზობლები ვართ და ამას ვერსად გავექცევით. ნებისმიერს სურს მეზობელთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. მაგრამ თუ მეზობელი აღიარებს საკუთარ ბინას, მაშინ შენიც ხომ უნდა აღიაროს და არა ბრაზიანად განეწყოს შენს მიმართ და მის წართმევას ეცადოს!

—  მაგრამ სააკაშვილი წავიდა…


- პოლიტიკა არ იცვლება. პოლიტიკა ვერც შეიცვლება, რადგან რეჟისორი ვაშინგტონია. ამჟამად საქართველოს ხელმძღვანელობისთვის ქვეყნის კეთილდღეობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, რას იტყვის ბიძია სემი. თუ ბიძია სემი იტყვის, ისინი საკუთარი ქვეყნისთვის საზიანოდ ამას გააკეთებენ.

სამწუხაროდ, სადღეისოდ საქართველოში ასეთი პოლიტიკაა. თუ ხვალ, ერთი წლის შემდეგ, ან ათი წლის შემდეგ პოლიტიკა შეიცვლება, სამხრეთ ოსეთის პოზიციაც დაიწყებს შეცვლას და დავიწყებთ კეთილმეზობლური ურთიერთობების მშენებლობას.

—  როგორად ხედავთ სამხრეთ ოსეთს ათი წლის შემდეგ?


— აყვავებულად და რუსეთის შემადგენლობაში - ცალსახად. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ოსი ხალხი გაერთიანდეს. აქ არანაირი ეჭვი არ არსებობს. და რუსეთის შემადგენლობაში განვვითარდეთ, როგორც მთლიანობაში რუსული საზოგადოება, ვიქცეთ რუსეთში არსებული ამ ლამაზი ეროვნული ფაზლის ნაწილად.

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”