ცხინვალი კიდევ ერთხელ მოუწოდებს აფხაზებს, ლუკავას გათავისუფლების გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდონ

2018-01-11 21:18:34
490

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება კიდევ ერთხელ მიმართავს აფხაზეთის მოსახლეობას და სთხოვს, გიორგი ლუკავას გათავისუფლებისა და ქართული მხარისათვის გადაცემის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდოს.

ამჯერად ამთხოვნით აფხაზებს ინფორმაციისა და ბეჭდვითისიტყვის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ მიმართა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე მან შეშფოთება გამოხატა ლუკავას გათავისუფლების გამო აფხაზეთში წარმოქმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის გამო და მოუწოდა ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას, “საზოგადოების გახლეჩა არ დაუშვას”.

"ჩვენ კარგად გვესმის აფხაზების უკმაყოფილების. ეს სამართლიანი არმიღებაა - ჩვენს გულებში ხომ ჯერ კიდევ ღიაა ჭრილობა, რომელიც ომმა მოგვაყენა", - განაცხადა კოტოვამ.

ამასთან, დე ფაქტო საინფორმაციო უწყების ხელმძღვანელმა შეახსენა შეკრებილთ, რომ “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით 2016 წელს მოხერხდა იმ 4 ოსი მოქალაქის გათავისუფლება, რომლებმაც 11 წელი ქართულ ციხეში ეროვნული ნიშნით დამცირებასა და წამებაში გაატარეს”.

"არავის – ტყვეთა ნათესავებსაც კი არ ჰქონდათ მათი გათავისუფლების იმედი და ჩვენი ხალხი ძალიან მადლიერია აფხაზი ძმების, რომ გრძელი 11 წლის შემდეგ ჩვენმა მოქალაქეებმა ახალი წლის საკუთარ სახლებში, საკუთარ ოჯახებთან შეხვედრა შეძლეს” - აღნიშნა მან.

კოტაევამ შეახსენა შეკრებილთ, რომ “აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოდან”.

"ჩვენ გვყავდა და გვყავს საერთო მტერი, ამიტომაც აუცილებელია, შევინარჩუნოთ სიმტკიცე, სიძლიერე და არ ავყვეთ პროვოკაციებს", - დასძინა მან.

ცნობისთვის: 2017 წლის 25 დეკემბერს გიორგი ლუკავა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებით სასჯელის ვადის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდა და ქართულ მხარეს გადმოეცა. ამას აფხაზეთში მღელვარება მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე არ ცხრება.