კავკასიური გაურკვევლობა: წინსვლისა თუ უკუსვლის სტადიაშია საქართველო-ჩრდილოეთ კავკასიის ურთიერთობები?

2018-01-09 22:11:41
582

ბოლო დროს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის ურთიერთობები პარადოქსულად ვითარდება. ერთის მხრივ, საქართველოში მეტი ჩერქეზი ჩადის, ხოლო ოსური სანომრე ნიშნები თბილისი-ზემო ლარსის ტრასაზე ყოველდღიურობად იქცა. მეორეს მხრივ კი, საქართველოში ახმედ ჩატაევი მოკლეს, პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა და ვრცელდება ცნობები ქვეყანაში არაერთი ჩრდილოეთკავკასიელის შესვლის აკრძალვის თაობაზე. მაინც რასთან გვაქვს საქმე: საქართველო-ჩრდილოეთ კავკასიის ურთიერთობების რენესანსთან, თუ ჩრდილოეთკავკასიელებისთვის საქართველოს დახურვასთან?

წაუკითხავი თავი

გასულ წელს დაიხურა საქართველო-ჩრდილოეთ კავკასიის ურთიერთობების თავი, რომელიც 2012 წლის ზაფხულის ბოლოს ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა. 2017 წლის 8 სექტემბერს კიევში თემურ მახაევის (იგივე რუსლან პაპასკირის) დაღუპვამ, რომელიც ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციაში ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის სტატუსით მონაწილეობდა, ასევე ახმედ ჩატაევის სიკვდილმა, რომელიც იმავე სპეცოპერაციასთან მიმართებაში ჯერ მომლაპარაკებლად ითვლებოდა, ხოლო შემდეგ უკვე ბრალდებულად ფიგურირებდა, შემდგომი გამოძიება ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა.

2017 წლის 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, რომელსაც ჩატაევი შეეწირა, ასევე 28 დეკემბერს პანკისში ხუთი პირის დაკავებამ, რომელთაც ჩატაევთან ერთად ტერაქტის მზადებაში დასდეს ბრალი, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ ჩრდილოეთკავკასიელების ნდობა შეამცირა.

როგორც ისრაელის “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის” დირექტორი, პოლიტოლოგი ავრაამ შმულევიჩი აღნიშნავს. პანკისის ხეობა ნელ-ნელა იბრუნებს რეპუტაციას, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პერიოდში გააჩნდა.

სააკაშვილის დროს საქართველოს სპეცსამსახურებმა პანკისის ხეობაში წესრიგი დაამყარეს, თუმცა ბოლო დროს იგი კვლავ ხშირად ფიგურირებს კრიმინალურ ქრონიკებში, რაც ხეობაზე ქართული სპეცსამსახურების კონტროლის შესუსტებაზე მეტყველებს", - აღნიშნავს ექსპერტი.

მიუწვდომელი არქივები?

ჩრდილოეთკავკასიურ სამეცნიერო წრეებში ხმა დაირხა, რომ გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, საქართველომ მათ არქივები დაუხურა. ავრაამ შმულევიჩს კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე ჩრდილოეთკავკასიელ მეცნიერთან, რომელთაც ქართული საცავებიდან ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრეს.

"ეს ცალსახად რუსეთის კარნახით კეთდება. რუსეთშიც ძნელია ჩრდილოეთკავკასიელი მეცნიერებისთვის საკუთარი ხალხების ისტორიის შესასწავლად არქივებში მოხვედრა. განსაკუთრებით ეს რუსეთის კავკასიური ომების ამსახველ მასალებს ეხება. თუ ადრე ამ ინფორმაციის თავისუფლად მისაღებად ჩრდილოეთკავკასიელი მეცნიერები საქართველოში ჩადიოდნენ, ახლა მათ ეს გზაც გადაუჭრეს", - ამბობს ექსპერტი.

არის კიდევ ერთი ამბავი, რომელმაც ჩდილოეთკავკასიელები შეაშფოთა: აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცება და საზღვარზე გადაყვანა. ამან საქართველოში საცხოვრებლად გადასვლის ბევრი მსურველი დააფრთხო.

"არის საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან, მაგრამ არ სურს ცხოვრება და ბიზნესის კეთება პუტინის რეჟიმის პირობებში, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება, ჩაერიოს საქმეში. თუ ადრე ისინი ხსნას საქართველოში ხედავდნენ, დღეს მათთვის საქართველო სულაც აღარ არის ტერიტორია, რომელზეც ისინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ", - ამბობს პოლიტოლოგი.

ერთი ადგილის ტკეპნა

მთლიანობაში, შმულევიჩის აზრით, საქართველო სააკაშვილის დროიდან შემორჩენილი მემკვიდრეობის “ფლანგვას” განაგრძობს.

"არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკა არა მარტო ამ რეგიონთან, არამედ მთლიანობაში რუსეთთან მიმართებაში საქართველოს აღარ აქვს. საქართველო მთლიანად რუსული პოლიტიკის ფარვატორში მიდის და ყველა ის მოვლენა, რომელიც შეიძლება, მოსკოვს ძაბავდეს, ნიველირდება. და ვინაიდან ჩრდილოეთ კავკასია მოსკოვისთვის ძალზე მტკივნეული თემაა, არანაირი წინსვლა საქართველოს ამ მიმართულებით არ ექნება. შანსი, კავკასიაში წამყვან ძალად ქცეულიყო, საქართველოს ხელიდან აქვს გაშვებული” - თვლის ებრაელი ექსპერტი.

ნათელი წერტილი

ამავე დროს, პოზიტიური ტენდენციები ჩაისახა საქართველოს ურთიერთობებში ჩერქეზებთან. 2017 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე კონფერენცია ჩატარდა.

ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი მერაბ ჩუხუა ამბობს, რომ მისი ორგანიზაციის საქმიანობა ფართოვდება. კერძოდ, კონფერენციები 2017 წელს უფრო მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე წინა წლებში.

"შემოდგომაზე ანაკლიაში ჩავატარეთ ქართულ-აფხაზურ-კავკასიური ლიტერატურის ფესტივალი და საერთაშორისო სამეცნიერო სესია “რუსუდან ჯანაშია - 80”. შევკრიბეთ მონაწილეები სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიიდან, პოლონეთიდან, საქართველოდან. აფხაზეთიდანაც კი გვყავდა პოეტი - ნიკა ბაძაღუა", - ყვება მერაბ ჩუხუა.

წლის ბოლოს - 16 და 17 დეკემბერს ცენტრმა დიდი კონფერენცია “ჩერქეზები, აფხაზები და ოსები – ქართულ-კავკასიური ცივილიზაციის კონტექსტში: ენა, ისტორია, კულტურა” ჩაატარა, რომელშიც იორდანიის, თურქეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

გამოიცა ორი მნიშვნელოვანი მონოგრაფია. პირველი “კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალებია". მისმა ავტორმა - ცენტრის სამეცნიერო კოორდინატორმა, პროფესორმა ნუგზარ ანთელავამ წარმოადგინა ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც კავკასიის რეგიონის ყველა ხალხის მითოლოგიასა და სარიტუალო პრაქტიკას უკავშირდება. მეორე თავად მერაბ ჩუხუას ნამუშევარია "ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეთიმოლოგიური ძიებანი".

"რამდენიმე ათასი ლექსემის ანალიზის საფუძველზე ვამტკიცებ, რომ ქართული, ადიღური და აფხაზური ენები მონათესავეა და საერთო წარმომავლობა აქვთ. და ეს ნათესავობა მტკიცდება არა მარტო ენით, არამედ გენეტიკითაც (ქართველების, ჩერქეზებისა და აფხაზების უმეტესობა გაპლოჯგუფ G2a-ს განეკუთვნება), ასევე არქეოლოგიური მასალითა და უამრავი სხვა კულტურული მტკიცებულებით", - ამბობს მერაბ ჩუხუა.

https://www.kavkazr.com/a/kavkazskaya-neopredelennost/28959377.html