გიორგი ლუკავას გათავისუფლების შედეგები: აფხაზეთი მორიგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა

2018-01-05 17:20:38
1184

რამდენიმედღიანი საახალლო პაუზის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ლუკავას გათავისუფლებასა და ქართული მხარისთვის გადაცემასთან დაკავშირებული სკანდალის ახალი, ამჯერად კიდევ უფრო მძლავრი ტალღ აგორდა.

მათ, ვინც წინასაახალწლო დღეებში საინფორმაციო გამოშვებებს თვალს არ ადევდებდა, შევახსენებთ: 25 დეკემბერს დრანდის ციხიდან გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს 51 წლის გიორგი ლუკავა, რომელსაც აფხაზეთში პარტიზანულ დაჯგუფება “ტყის ძმებთან” კავშირში, ტერორისტული ხასიათის დანაშაულებში სდებდნენ ბრალს და 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საიდანაც გათავისუფლების დროისათვის 7 წელზე ნაკლები ჰქონდა მოხდილი. აფხაზურმა საზოგადოებამ ამის შესახებ ქართული მედიიდან შეიტყო.

სოციალური ქსელების აფხაზურ ჯგუფებში მაშინვე მწვავე პოლემიკა გაჩაღდა. ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული “პოსტი” აფხაზ საზოგადო მოღვაწე ნუგზარ აგრბას ეკუთვნის:

«ქართულ მხარეს გადაეცა ადამიანი, რომელსაც აფხაზი ხალხის წინააღმდეგ უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. ამ ნაბიჯს არანაირი გამართლება არ აქვს. დამნაშავეთა გადაცემა სახელმწიფოს უფლებაა, მაგრამ არა ვალდებულება, - ვალდებულებად იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, როდესაც არსებობს ორმხრივი შეთანხმება სისხლის სამართალის საქმეებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ. როგორც ცნობილია, ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო (აფხაზეთი და საქართველო) აგერ უკვე 25 წელია, ომის მდგომარეობაშია და მშვიდობიანი შეთანხმება არ არის ხელმოწერილი. ამავე დროს, არსებობს სამხედრო ტყვეების გაცვლის მსოფლიო პრაქტიკა, რომელიც გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება, თუმცა ისიც – დანაშაულის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით. კონსტიტუციის გარანტმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, გასცა რა თანხმობა იმ გამოცდილი დამნაშავის გათავისუფლებაზე, რომელიც აფხაზ სამხედროებს განსაკუთრებული სისასტიკით აწამებდა და კლავდა. რომელი პოლიტიკური მიზანშეწონილობით და კონკრეტული სიტუაციით იხელმძღვანელეს ჩვენმა ხელისუფლებამ და მისმა მრჩევლებმა, როდესაც ამ უკანონო გადაწყვეტილებას იღებდნენ? სულ ახლახანს, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ჟღერდა აფხაზური სიმღერა “ჭრილობის შესახებ”. საინტერესოა, რატომ დაავიწყდათ რეალურ ცხოვრებაში ის შეუხორცებელი ჭრილობები, რომელიც ჩვენს ხალხს ომმა და ლუკავას თანამემამულეებმა მოგვაყენეს?!».

კომენტატორების უმრავლესობა აგრბას ეთანხმებოდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ლუკავას გათავისუფლებით გამოწვეული საპროტესტო ტალღის უკან ოპოზიციის ვიწრო პოლიტიკური მიზნები დაინახა:

«[…] აქ ორ ჯგუფს ვხედავ: ერთი მზადაა, ნებისმიერი უმნიშვნელო გადაცდომისთვის ჯვარს აცვას პრეზიდენტი, მეორე კი რეალობას ისე იღებს, როგორც არის. რამდენიც არ უნდა ვიმკითხავოთ და ვწეროთ, ამ გადაწყვეტილებას აქვს თავისი მიზნები და მოტივები, ხოლო რამდენად მართებული იყო იგი – მხოლოდ დრო გვიჩვენებს... ».

საქმეს არც დე ფაქტო გენერალური პროკურატურის განცხადებამ უშველა და არც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებებმა, რომელიც ვითარების სულ უფრო მეტად დაძაბვის ფონზე არასამუშაო დროს – ღამის 2 საათზე გავრცელდა:

«2017 წლის 25 დეკემბერს საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე აფხაზურმა მხარემ ქართულს გიორგი ლუკავა გადასცა. ეს აქცია მსჯავრდებულთა გაცვლის იმ პროცესის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თხოვნით დაიწყო. 2008 წლის მოვლენების შედეგად, რომლის დროსაც ქართული ჯარები სამხრეთ ოსეთში შეიჭრნენ, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები ტყვედ აიყვანეს და შემდგომში საქართველოში მრავალწლიანი ვადებით გაასამართლეს, მათ შორის ზოგიერთს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. აფხაზურ, ოსურ და ქართულ მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმებები ტყვეთა გაცვლის თაობაზე. გიორგი ლუკავა ქართული მხარის მიერ მოწოდებულ გასაცვლელთა სიაში ირიცხებოდა, თუმცა იმ მომენტისთვის მისი გადაცემა შეჩერდა. შემდგომში მასზე და კიდევ ერთ მსჯავრდებულზე – გიორგი გიუნაშვილზე, რომელიც ოსური მხარის მიერ იქნა გადმოცემული, ბ. კვიცინიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი როლანდ ჟიბა გადაიცვალა. ეს უკანასკნელი საქართველოში იმალებოდა და მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში იმალება აფხაზეთის რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მათ შორის – რუს დიპლომატ დიმიტრი ვიშერნევის მკვლელი. აფხაზური მხარე ყველაფერს აკეთებს ამ პირების გადმოცემის მისაღწევად. ეს საკითხები ისმება ყველა დონეზე და შეხვედრაზე, რომელიც ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში იმართება. შესაძლოა, ვინმეს არ აწყობდეს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებსაც დანაშაულები აქვთ ჩადენილი და საქართველოში იმალებიან, აფხაზეთს უნდა გადმოეცნენ და ჩვენი კანონმდებლობით მოიხადონ სასჯელი. ომის დასრულების შემდეგ განვლილი პერიოდის განმავლობაში ქართულ მხარეს რამდენიმე პირი გადაეცა, რომელთაც აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მათ შორის - გოგოხია, უგრეხელიძე, კეკელია, გერხელია, მამასახლისი და სხვები. იმ პერიოდში ეს არ იწვევდა არანაირ წინააღმდეგობას იმ პირთა მხრიდან, ვინც დღეს სიტუაციის დაძაბვას ცდილობს. მივმართავთ ქვეყნის მოქალაქეებს თხოვნით, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აჰყვნენ პროვოკაციულ მოწოდებებს».

დე ფაქტო ხელისუფლების ოპონენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა რაულ ხაჯიმბას ვიზირებით მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიტინგები წამოიწყეს.

 4 იანვარს მიტინგი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ გაიმართა. მისი ორგანიზატორები პირველი მოწვევის აფხაზური პარლამენტის (1991-1996 წ.წ.) წევრები დავით ფილია, ოლეგ დამენია, კლიმენტი ჯინჯოლია, სტანისლავ ლაკობა, ასევე ყოფილი დე ფაქტო შს მინისტრი, ამჟამად კი დეპუტატი რაულ ლოლუა და პარტია “აინარის” ლიდერები იყვნენ.

ლოლუამ აცნობა შეკრებილთ, რომ დე ფაქტო პარლამენტმა აფხაზურ გენერალურ პროკურატურასა და “სახელმწიფო უშიშროების სამსახურს” ჯერ კიდევ ახალ წლამდე მიმართა, თუმცა პასუხები დღემდე არ მიუღია.

«დღეს ლუკავა საქართველოში ინტერვიუებს იძლევა და ამბობს, რომ “აფხაზეთი ძალისმიერი მეთოდებითაა დასაბრუნებელი”. ის თავისუფლად დაბრუნდება ჩვენთან, რომელიმეს გაგვიტაცებს ან მოგვკლავს... ყველა თქვენგანის მსგავსად, მსურს, მოვისმინო პასუხი კითხვაზე: მაინც ვინ გაუშვა ლუკავა, ვინ?» - განაცხადა რაულ ლოლუამ.

«ჩვენს შორის ბევრს ვერც კი წარმოუდგენია იმ საქმის დეტალები, რომელსაც სამხედრო პროკურატურა იძიებდა, თუმცა ცალკეული მონათხრობებიდან ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ლუკავას წარმოუდგენელი სისასტიკის დანაშაულები აქვს ჩადენილი. იგი პირადად აჭრიდა თავებს დაკავებულ აფხაზებს, ჩვენს ოფიცრებს, რომლებიც საზღვარზე მსახურობდნენ, პირადად ანაწევრებდა ადამიანებს და აგზავნიდა ჩვენთან – აფხაზეთში. ამ ოდიოზური ქართველი ტერორისტის გადაცემის შემაძრწუნებელ ფაქტს არანაირი გამართლება არ აქვს. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენს ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაძაბულობა. ოფიციალური სამართლებრივი პროცედურების საწინააღმდეგოდ, ხალხის ზურგსუკან მიიღება არსობრივად დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომელმაც მთელი ჩვენი საზოგადოება წინასაახალწლოდ შოკში ჩააგდო. და ახლა, იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეები გამოავლინოს და დასაჯოს, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანოს და ძალოვანები საკუთარი ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად გამოიყენოს. მთელი რიგი საკადრო გადაწყვეტილებებისა, იატაკქვეშა ალიანსები იწვევს შეშფოთებას ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს ცალკეული საეჭვო ჩინოსნების კარნახით ხდება, რომლებიც, პატრიოტულ რიტორიკას ამოფარებულნი, საკუთარ მერკანტილურ მიზნებს ემსახურებიან» - განაცხადა, თავის მხრივ, დავით ფილიამ.

მომიტინგეთა მოთხოვნით, მათ წინაშე დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაურ არშბა წარსდგა, თუმცა ამან, ცხადია, საქმეს ვერ უშველა და რაულ ლოლუას ინიციატივით, ადგილობრივი დროით 20:00 სთ-ისთვის აფხაზური პარლამენტის საგანგებო სხდომა ჩაინიშნა. დასვენების დღეების მიუხედავად, ექსტრემალურ რეჟიმში 35-დან 24 დე ფაქტო დეპუტატის შეგროვება მოხერხდა. აფხაზი პარლამენტარები ლუკავას გათავისუფლების კანონიერების საკითხს საგანგებო სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში დე ფაქტო ძალოვანი უწყებებისა და მთავრობის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების მონაწილეობით განიხილავდნენ.

სხდომის გახსნისას დე ფაქტო სპიკერმა ვალერი კვარჩიამ აცნობა შეკრებილთ, რომ ვითარებაში გასარკვევად შექმნილია შესაბამისი 7-კაციანი კომისია, რომელსაც რაულ ლოლუა ხელმძღვანელობს.

სხდომას ესწრებოდა დე ფაქტო შს მინისტრის მოადგილე გარი არშბა, რომელმაც აღნიშნა, რომ გიორგი ლუკავა “პრეზიდენტის ბრძანებულებით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 53-ე მუხლის საფუძველზე ჯერ კიდევ 2017 წლის 27 იანარს იქნა შეწყალებული, რაც მას სასჯელის ვადის შემდგომი მოხდისგან ათავისუფლებდა, მისი ქართული მხარისთვის გადაცემა კი აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე განხორციელდა”.

დე ფაქტო გენპროკურორმა ზურაბ აჩბამ დაამატა, რომ შეწყალების აქტი, რომელიც აფხაზური კონსტიტუციის 53-ე მუხლის 23-ე პუნქტითაა გათვალისწინებული, მოიცავს დე ფაქტო პრეზიდენტის განსაკუთრებულ უფლებას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაულ ხაჯიმბამ ეს კანონიერი უფლება გამოიყენა:

«2017 წლის 25 დეკემბერს გიორგი ლუკავა სასჯელის ვადის შემდგომი მოხდინასაგან პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად გათავისუფლდა და მსჯავრდებულთა გაცვლის ირგვლივ მოლაპარაკებათა პროცესში ადრე მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე ქართულ მხარეს გადაეცა. აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, შეწყალება ხორციელდება ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ. იურიდიული, სამართლებრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტის ბრძანებულების კანონიერებას ვადასტურებ, რადგან შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციურად დადასტურებული უფლებაა. რაც შეეხება შეწყალების კომისიას, რომ ყოფილიყო შეწყალების კომისია, მაშინ იქნებოდა მსჯავრდებულის მიმართვაც და მე, როგორც გენერალური პროკურორი, ვალდებული ვიქნებოდი, წარმომედგინა დასკვნა, ვეთანხმებოდი თუ არა აღნიშნულ აქტს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ შემთხვევაში არანაირი მიმართვა არ ყოფილა, კომისია, ბუნებრივია, არ ყოფილა, რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალების უფლება გამოიყენა».

კითხვაზე, რამდენად მართებულია ლუკავას მსგავსი მსჯავრდებულის შეწყალება, აჩბამ განაცხადა, რომ “ნებისმიერი შეიძლება, იქნას შეწყალებული, თუ ეს სახელმწიფო ინტერესებშია».

დაისვა ასევე კითხვა იმის შესახებ, რამდენად შეეძლო დე ფაქტო პრეზიდენტს, შეწყალების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიეღო. მას დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ გასცა პასუხი და განაცხადა:

აფხაზეთი საპრეზიდენტო სახელმწიფოა, პრეზიდენტს უფლებამოსილებათა ფართო წრე გააჩნია. ამჟამად თავადაც ვერკვევი ამ პროცესში, რომელიც ჩემი პასუხისმგებლობის ფარგლებს გარეთაა. სახელმწიფო კომისია სარეკომენდაციოა პრეზიდენტისთვის, ბოლო სიტყვას მაინც პრეზიდენტი ამბობს. თუ გადავეცით პირი, რომელიც ესოდენ მძიმე დანაშაულებშია ბრალდებული და არ ვიცოდით ამის შესახებ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ დაშვებულია შეცდომა და უნდა გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები, - ეს ყოველთვის ერთი ადამიანი როდია. ამდენად, კომისიის შექმნას მხარს ვუჭერ».

7-საათიანი განხილვის განმავლობაში სხდომა რამდენჯერმე დაიხურა. არაერთგზის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირებაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით.

დასასრულს, ღამის დაახლოებით 2 სთ-ისთვის დე ფაქტო დეპუტატები მომიტინგეებთან გავიდნენ.

«დეპუტატებს რამდენიმე კითხვა ჩამოუყალიბდათ, კერძოდ, ჰქონდა თუ არა უფლება პრეზიდენტს, შეწყალების აქტისთვის ერთპიროვნულად მოეწერა ხელი. დღეს ამ კითხვაზე პასუხი ჯერ-ჯერობით ვერ მივიღეთ. ამისათვის ხვალაც მოგვიწევს მუშაობის გაგრძელება და შედეგად, იმედია, დაიდება დასკვნა ქართული მხარისთვის ლუკავას გადაცემის მართებულობასა და კანონიერებასთან დაკავშირებით» - განუცხადა შეკრებილთ რაულ ლოლუამ.

ოპოზიციური პარტია “ამცახარას” წარმომადგენელმა მიზან ზუხბამ კი დაამატა:

«თუ 5 იანვარს პრეზიდენტის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს არ დავინახავთ, თუ ის არ გამოვა და არ განუმარტავს ხალხს მომხდარს, უფლებას ვიტოვებთ, ხალხი შევკრიბოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ».

აფხაზეთში შექმნილი კრიზისის ფონზე ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა აფხაზი კოლეგის მხარდასაჭერად საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც, კერძოდ, ვკითხულობთ:

«ძვირფასო აფხაზო ძმებო! შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში მოძმე აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც მსჯავრდებულთა გაცვლის პროცესს უკავშირდება. აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დასახსნელად საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების თხოვნით იქნა მიღებული. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ამ თხოვნის დაკმაყოფილება მსგავს შედეგებს გამოიწვევდა და აფხაზეთში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავებამდე მიგვიყვანდა. მსურს, შეგახსენოთ, რომ ჩვენს მიერ აფხაზური მხარის ანალოგიური თხოვნა იქნა დაკმაყოფილებული. ეს მიესადაგება ჩვენი ურთიერთობების ძმურ ხასიათსა და მთლიანობაში საერთაშორისო პრაქტიკას. სამხრეთ ოსეთისთვის ძვირფასია აფხაზეთის რესპუბლიკასთან არსებული ძმური ურთიერთობები და დიდი იმედი გვაქვს, რომ მოძმე ოსი ხალხისთვის გაწეული დახმარება, რომელიც პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას კეთილ პოლიტიკურ ნებაში გამოიხატა, აფხაზეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზად არ იქცევა».

გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ბიბილოვი ხაჯიმბას მხარდასაჭერად აფხაზეთში ჩასვლასაც გეგმავს.

ოსი ექსპერტი იური ვაზაგოვი “Эхо Кавказа”-სთან საუბარში (https://www.ekhokavkaza.com/a/28955208.html) საკითხის პრედისტორიას ასე იხსენებს:

«მსჯავრდებულთა გაცვლის პროცესს ჯერ კიდევ პრეზიდენტ თიბილოვის დროს დაედო სათავე, ოსურმა მხარემ იგი 2012 წელს წამოიწყო. 31 დეკემბერს თიბილოვმა შეიწყალა და ქართულ მხარეს გადაეცა დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ეკონომიკის ექს-მინისტრი თეიმურაზ ჯერაფოვი, რომელიც ცალმხრივი გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. 2015 წლის მარტში შედგა გაცვლა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე: ქართულმა მხარემ სამი ოსი მსჯავრდებული გაათავისუფლა, ოსურმა კი მას სანაკოევის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაში ბრალდებული იგორ ფუხაევი გადასცა. ამასთან, ფუხაევზე თიბილოვის ამნისტია გავრცელდა იმ დროს, როცა მისი სასამართლო პროცესი ჯერ დასრულებული არ იყო. თავის მხრივ, საქართველომ 2015 წლის 8 მარტს გაათავისუფლა სამი ოსი მსჯავრდებული - ზასეევი, ვალიშვილი და კოჩიევი, რომლებიც 2005-2006 წლებში გორში დააკავეს და ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს. ტერორისტი გიორგი გიუნაშვილი ქართულ მხარეს აფხაზეთის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე გადაეცა, რომლითაც მან ოს კოლეგას სამხრეთ ოსეთში ვიზიტის დროს მიმართა».

ვაზაგოვის ინფორმაციით, “ქართველი დივერსანტების ცალმხრივად გათავისუფლება ოსურ საზოგადოებაშიც განსხვავებულ რეაქციას იწვევდა, თუმცა საპროტესტო მიტინგები არ ყოფილა”.

ოსი ექსპერტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ “სოხუმი თბილისის წინაშე ცალმხრივ დათმობებზე წავიდა”, თუმცა ფიქრობს, რომ პროცესი “არათანაბარმნიშვნელიანია და მასში ქართული მხარე იგებს”:

«ლუკავას გათავისუფლება მორიგი ნაბიჯია პროცესში, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მსჯავრდებულთა სამმხრივი გაცვლა, რომელიც ცხინვალის, თბილისისა და სოხუმის მიერ იყო ინიცირებული, არათანაბარმნიშვნელიანია და ამ პროცესში ქართული მხარე იგებს, რადგან რიცხოვნობის თვალსაზრისით ყველაზე მეტი სწორედ საქართველოს მოქალაქეა გათავისუფლებული. 2008 წლამდეც კი მოლაპარაკებათა პროცესის ფარგლებში ოსურმა მხარემ საქართველოს ბევრი მოქალაქე გაათავისუფლა. განსაკუთრებით ბევრი ქართველი სამხედრო და ძალოვანი, რომელთაც კავშირი აქვთ 2008 წლის სამხედრო დანაშაულებთან, უკვე 2008 წლის აგვისტოს შემდგომ გათავისუფლდა. საქართველომ ოსი მსჯავრდებულების გათავისუფლების პირობა დადო, თუმცა სიტყვა არ შეასრულა. ამგვარად, ამ პროცესს საქართველოსთვის უფრო მეტი დივიდენდი მოაქვს, ვიდრე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის. ეს საყოველთაოდ ცნობილი ტენდენციაა – ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკების შეუძლებლობა. თუ აფხაზი და ოსი პოლიტიკოსები მიღწეული შეთანხმებების ერთგულნი რჩებიან, ქართული მხრიდან მხოლოდ ფუჭი დაპირებები ისმის. ახლაც, თუნდაც ყოფილიყო გარკვეული ორმხრივი შეთანხმებები, ჯერ-ჯერობით თბილისის მხრიდან რაიმე პრაქტიკული ნაბიჯები არ ჩანს. ჯერ კიდევ 1989 წლიდან ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს სამხრეთ ოსეთი კეთილი ნების ცალმხრივ ნაბიჯებს დგამდა. ეს უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკა არც ისე აგრესიულია და კონფრონტაციული. თუმცა ეს იწვევს კრიტიკას და არსებობს მოსაზრება, რომ პოლიტიკა უნდა გამკაცრდეს».

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”