საქართველო - ტერორიზმის უშუალო სამიზნე

2017-12-26 19:52:18
1508

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ერთი თვის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის კონტექსტი შეცვალა. კერძოდ, თუ აქამდე ანალიტიკოსები ქვეყნის მასშტაბებიდან და შესაძლო რეზონანსიდან გამომდინარე ნაკლებად მიიჩნევდნენ საქართველოს საერთაშორისო ტერორიზმის სამიზნედ, სუს-მა ამ მოლოდინებს ცალსახა პასუხი გასცა - "განეიტრალებული ჯგუფის წევრები" ტერორისტული აქტების განხორციელებას საქართველოსა და თურქეთში გეგმავდნენ, სამიზნე დიპლომატიური მისიები იყო" http://accent.com.ge/ge/news/details/44658, თუმცა პასუხგაუცემელია კითხვა - რა დონის არის საფრთხე, დადასტურებულად შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ამ საფრთხის უკან საერთაშორისო ტერორიზმი დგას. თავდაპირველად შს მინისტრმა პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ტერორიზმზე, თუმცა უშუალოდ "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირებზე არა, მსგავსი კავშირი დღეს არც სუს-ს დაუდასტურებია. შესაბამისად, მოგვიწევს აღნიშნული კავშირი თავად ახმედ ჩატაევის ბეგრაუნდში ვეძიოთ, რომელიც უკანასკნელი მონაცემებით "ისლამური სახელმწიფოს" საერთაშორისო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ მან "ისლამური სახელმწიფო" მის მიმართ გაჩენილი კითხვების გამო დატოვა. თავად ეს დეტალი ჩატაევის პერსონიდან http://accent.com.ge/ge/news/details/43329 გამომდინარე მისი საქართველოში დაფიქსირების სიმძიმეს არ ამსუბუქებს, თუმცა მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და მოსალოდნელი საფრთხეების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, დღესვე  ცნობილი გახდა, რომ ჩატაევთან კავშირისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს http://accent.com.ge/ge/news/details/44658. მათგან ერთი, 19 წლის ტიმერლან მაჩალიკაშვილი სიკვდილს ებრძვის. მას ჭრილობები თავისა და მხარის არეში აღენიშნება. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდამ წინააღმდეგობა გასწია და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას შეეცადა. განსხვავებულ რეალობას წარმოაჩენენ ახალგაზრდის ახლობლები. მათი თქმით, მაჩალიკაშვილი "კარის შეღებისთანავე, საწოლში დახვრიტეს". http://accent.com.ge/ge/news/details/44675 აღნიშნულ ინციდენტს და ზოგადად პანკისელი ახალგაზრდების ისნის სპეცოპერაციასთან დაკავშირებას ხეობაში მღელვარება მოჰყვა. უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ  "პანკისის ხეობა სამართალდამცველების „განტევების ვაცია". კერძოდ, საქმის გამოძიება ვერ მოხერხდა და პანკისში განვითარებული მოვლენებიც აღნიშნულს უკავშირდებ

„პანკისის ხეობა ძალოვანი სტრუქტურებისთვის "განტევების ვაცია". რაიმე მოხდება, აუცილებლად აქ უნდა მოვარდნენ და აქედან უნდა ააქოთონ ყველაფერი. მეორეც, ხელოსანი დოქს ყურს იმ მხრიდან მიაბამს, საიდანაც უნდა,“ - განაცხადა უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა.    

სუს-ის მიერ დღეს განსაჯაროებული ინფორმაცია კითხვებს უჩენს კავკასიოლოგ ალეკო კვახაძეს:  
 

"დღეს დაკავებული ბაიდურ ჩოფანაშვილი ქართველ სამართალდამცველებს აიუპ ბორჩაშვილის (საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლობის ბრალდებით გასამართლებული) დაკავების დროსაც ჰყავდათ აყვანილი, თუმცა დაკითხვით შემოიფარგლნენ და გაათავისუფლეს. მას შემდეგ აღრიცხვაზე იყო აყვანილი. როდესაც აღრიცხვაზე აყვანილი პირი მსგავსი მასშტაბის მოქმედებებში არის მხილებული, ეს გარკვეულ ეჭვებს და კითხვებს ბადებს. გარდა ამისა, ორი წლის წინ ამ ადამაიანმა თურქეთის საზღვრის გადაკვეთა სცადა, თუმცა თურქეთიდან უვადო დეპორტაცია მიიღო. საინტერესოა, ამ პირობებში როგორ მონაწილეობდა თურქეთიდან მოქალაქეების შემოყვანის ოპერაციაში? კიდევ ერთი დაპატიმრებული ზურაბ გორნაკაშვილი სპეცოპერაციის დღეებშიც იყო დაკავებული და შემდეგ გათავისუფლდა. ეს ადამიანი ხელოსანია. მუშაობდა სხვადასხვა ობიექტეზე, მათ შორის სახემწიფო ტენდერებზეც. ბინას, რომელშიც სპეცოპერაცია ჩატარდა, საწყობად იყენებდა. გარდა ამისა, საინტერესოა, თუ ამ ადამიანებმა ასე კარგად იცოდნენ საქართველოს რელიეფი, თურქეთ-საქართველოს საზღვრის "შავი ხვრელები", ამ ერთი თვის განმავლობაში მიმალვა რატომ არ სცადეს? ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაკავებული 5 პირიდან სამს მსგავსი ოპერაციის განხორციელების გამოცდილება და შესაძლებლობა არ ჰქონდა. მე არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია მეტ კითხვებს აჩენს". 

რაც შეეხება ახალ რეალობას და ამ რეალობიდან მომდინარე საფრთხეებს, კვახაძე რამდენიმე მიმართულებით ხედავს:  

"ბუნებრივია, სირიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მონდომებენ უკან დაბრუნებას, ან შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადასვლას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საფრთხეა რუსეთის რამდენიმე ათასი მოქალაქის დაბრუნების საკითხიც. მათთვის ყველაზე მოკლე გზა საქართველოზე გადის. მოგეხსენებათ, საქართველო-თურქეთს, საქართველო-რუსეთს შორის (ცალმხრივად) უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ისინი აუცილებლად შეეცდებიან ამ დერეფნის გამოყენებას. გარდა უშუალოდ ტერორიზმია საფრთხე მომდინარეობს თავად რუსეთიდან - პანკისის თემა რუსული დიპლომატიის რიტორიკაში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. გვახსოვს ლავროვის არაერთი განცხადება, რომ პანკისში ტერორისტების ბანაკებია და ა.შ. უკვე წლებია რუსულ პოლიტიკურ ელიტაში მუსირებს საქართველოში ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის გახსნის აუცილებლობის თემა. თუ საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" თუ სხვა "ჯიჰადისტური" დაჯგუფებების მებრძოლების მოძრაობა დაფიქსირდება, ბუნებრივია, რუსეთს ექნება შესაძლებლობა საქართველოსთან მიმართებაში აგრესიული ნაბიჯები გადადგას. მით უფრო, რუსეთის სამხედრო დოქტრინა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ნებას რთავს, ძალა გამოიყენოს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე თუ რუსეთის მოქალაქეს საფრთხე ექმნება".

რაც შეეხება საფრთხის დონეს, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის გიორგი გობრონიძის შეფასებით, მომატებულია.


გიორგი გობრონიძე: ტერორისტული ორგანიზაციებისთვის მსგავსი ტიპის თავდასხმები რაღაც მომენტში შესაძლოა, საინტერესო არ იყოს, მაგრამ დიპლომატიური მისიების თვალსაზრისით რეზონანსი იქნება. გადავხედოთ "ალქაედას" პრაქტიკას - მან, როგორც საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციამ ფართო ასპარეზზე გამოსვლა კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმების განხორციელებით დაიწყო. საინტერესო იქნებოდა იმის ცოდნა, რომელი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე იგეგმებოდა თავდასხმები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღქმა, რა პოლიტიკური მოთხოვნა არსებობდა ზოგადად საქართველოსთან მიმართებაში. ტერორიზმი პოლიტიკური ძალადობის ერთგვარი ფორმაა, შესაბამისად, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელსაც გააჩნია მოტივი - შეაცვლევინოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ან სხვა ტიპის ქცევა და მოახდინოს გავლენა უშუალოდ სახელმწიფოზე ან საერთაშორისო თანამეგობრობაზე, რომლის წევრიცაა ეს სახელმწიფო. გავიხსენოთ ესპანეთის ტერაქტები -  მიზანი ავღანეთიდან ესპანეთის შეიარაღებული ნაწილების გამოსვლა იყო. ეს დეტალები საინტერესოა. აქამდე ვერსიებზე ვსაუბრობდით, ახლა კონკრეტული მოცემულობა გაჩნდა. ბუნებრივია, ბრალდებულების ახლობლები შეეცდებიან განსხვავებული ვერსიის დამტკიცებას და გაჩნდება ორი რეალობა, თუმცა ეს არ უნდა გახდეს რწმენის ან ურწმუნოობის საგანი. ჩვენ არ ვსაუბრობთ რელიგიურ სწავლებაზე. თუ არსებობს მტკიცებულებებით გამყარებული ბრალდება, სასამართლოში გამოჩნდება. საქართველოში არსებობდა "ისლამური სახელმწიფოს" დასაყრდენი, რომელის ხელმძღვანელიც დააკავეს. ის ახორციელებდა საქართველოდან მოქალაქეების რეკრუტირებას ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით. იმის თქმა, რომ კონკრეტული ხელმძღვანელის დაკავებით საფრთხე მოიხსნა, გადაჭარბებულია. როდესაც არსებობს ტერორისტული კლასტერი, არ შეიძლება გამორიცხვა, რომ ვიღაცეები ამ ყველაფერს გამოიყენებენ. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ყველა ეს ადამიანი [იგულისხმებიან გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული პირები] იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და არ შეიძლება იმის გამორიცხვაც, რომ სხვა ქვეყნები იყვნენ დაინტერესებული საქართველოში ამგვარი ტერორისტული აქტების განხორციელებით. საქართველოს ამგვარი სამწუხარო გამოცდილება გააჩნია - ყველა ტერორისტული აქტი რაც კი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულა გარდა ერთისა, მეორე სახელმწიფოს მიერ არის მხარდაჭერილი. ამასთან, სპეცსამსახურებს გარკვეული ოპერატიული პოზიციები გააჩნიათ სხვადასხვა ტიპის ტერორისტულ ორგანიზაციებში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიის ცალსახად უარყოფა არ შეიძლება. დაბალი ალბათობის საფრთხე არ ნიშნავს, რომ საფრთხე საერთოდ არ არსებობს. 

განეიტრალებული ჯგუფის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაუდასტურებია, ადრე ახსენა შს მინისტრმა საერთაშორისო ტერორიზმი, მაგრამ ახმედ ჩატაევის ბეგრაუნდიდან გამომდინარე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ ამ კავშირზე. სუს-ის მიერ დღეს მოწოდებული ინფორმაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველო, როგორც გამტარი ქვეყანა "ტრანსფორმირდა" და "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტივში მოექცა როგორც სამიზნე და მსგავს თავდასხმებს უნდა ველოდოთ?

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო "გამტარი" ქვეყნის ფუნქციას ნამდვილად შეინარჩუნებს - ტერორისტები საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას შეეცდებიან,  თუმცა ასევე ცხადია, რომ სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას თვითონ ქვეყნის შიგნით ტერორისტული აქტების პრევენციის მიზნით. ქვეყნის ანტიტერორისტული პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. თუ აქამდე იყო დაბალი ინტენსივობის, ახლა ეს საფრთხეები მომატებულია. აქ საინტერესოა ერთი ნიუანსი - "ისლამური სახელმწიფო" დამარცხების შემდეგ გადავა იატაკქვეშეთში და შეეცდება სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი პატარ-პატარა უჯრედების გააქტიურებას. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დასუსტების ფონზე "ისლამური სახელმწიფო" შეეცადოს რეაბილიტაციას მათი გადმოსახედიდან შედარებით სუსტ სახელმწიფოებში ტერორისტული აქტების მოწყობით, განსაკუთრებით დიპლომატიურ მისიებზე შეტევით. თავად საქართველოს დაზიანება მათთვის ბევრს არაფერს იძლევა, მაგრამ რეზონანსული იქნება რომელიმე დასავლური, ძლიერი სახელმწიფოს საელჩოზე თავდასხმის განხორციელება.   

ახალი ამბების სააგენტო "აქცენტი"

ავტორი: დიანა მუსელიანი