„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლები ნარკოტესტზე მასობრივად გადაჰყავთ": რას ამბობენ კომპანიაში

2017-12-07 14:49:42
349

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლები ნარკოლოგიურ შემოწმებაზე მასობრივად გადაჰყავთ,- ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე დავით სუბელიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

მისი თქმით, საუბარია დაბალხელფასიან თანამშრომლებზე და არა მენეჯმენტზე. როგორც სუბელიანმა თანამშრომლებისგან გაარკვია, კომპანიაში მსგავსი შემოწმება არ ჩატარებულა და ახალ პირობებში სამსახურის შესაძლო დაკარგვის გამო შიშობდნენ, ვინაიდან "მარიხუანის კვალი სისხლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება". 

თავად კომპანიაში კი განმარტავენ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ქვეყნისთვის სტრატეგული ობიექტია, რომელიც დედაქალაქს სასმელი წლით ამარაგებს, თავად თანამშრომლებს კი ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ურთულესი, მაღალი რისკის სამუშაოების შესრულება, ამიტომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია. 

მათივე თქმით, შემოწმება უტარდება რამდენიმე ადამიანს, რადგან გაჩნდა ეჭვი მათ არაფხიზელ მდგომარეობაში შესაძლო ყოფნის თაობაზე და ეჭვის დადასტურების შემთხვევაში ისინი მიიღებენ გაფრთხილებას. 

მათივე თქმით, შემოწმება ტარდება ერთჯერადად და კომპანიაში მსგავს სამუშაოს რუტინული სახე არ აქვს: 

"უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომ მათი შრომითი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. განსაკუთრებით სახიფათოა არაფხიზელ მდგომარეობაში მსგავსი რისკის შემცველი სამუშაოების შესრულება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ალკოჰოლური ზემოქმედება, ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული. არ შეესაბამება სიმართლეს ის ინფორმაცია, რომ ნარკოტესტზე გადაყვანას მასობრივი ხასიათი ჰქონდა. ჩვენ მომხმარებლები სხვადასხვა საკითხებზე მოგვმართავენ. დღეს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლები ასრულებდნენ მაღალი რისკის შემცველ ტექნიკურ სამუშაოებს, რაც დაუშვებელი იყო. სწორედ მათი, მათთან ერთად მომუშავე ადამიანების უსაფრთხოების დაცვის, პრევენციის მიზნით მათ ჩაუტარდათ ტესტირება",- აცხადებენ კომპანიაში.