უკრაინის გენპროკურორი: "იმედგაცრუებული ვარ"

2017-12-06 17:13:14
461

გუშინდელი და დღვანდელი მოვლენებით მეც იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ გუშინდელი მოქმედება სრულიად კანონიერი იყო,- ამის შესახებ უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ რადაში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


"სააკაშვილის გაქცევის შემდეგ მასზე ძებნაა გამოცხადებული და ძალოვანმა სტრუქტურებმა ის უნდა დააკავონ. ეს კანონიერი და აუცილებელი ქმედებაა ნებისმიერ ქვეყანაში. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ შეგვეძლო, ვყოფილიყავით უფრო ეფექტურები. უსაფრთხოების სამსახურის იმ 12 თანამშრომელს, რომლებსაც სააკაშვილი დაკითხვაზე მიჰყავდათ, შეეძლოთ, ცეცხლი გაეხსნათ გაქცეულისთვის, მაგრამ  ჩვენ ვფიქრობდით სახელმწიფოზე, სააკაშვილი კი უკრაინელი ხალხის ზურგს იყო ამოფარებული, რომლებიც კრუჩენკოს ფულით იყიდა. ის მხოლოდ ამ ქვეყნის შერყევაზე და საკუთარ კომფორტზე ფიქრობს. სააკაშვილს აუცილებლად დააკავებენ და საუკეთესო, რისი გაკეთებაც მას შეუძლია თუ კაცია და მართლა უყვარს უკრაინა, მივიდეს დღეს ვლადიმირსკის ქუჩაზე ჩვენების მისაცემად. ეს არის ერთადერთი გზა, რომ არ გაანადგუროს უკრაინა",- განაცხადა ლიცენკომ. 

ცნობისთვის: ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გუშინ, დღის პირველ ნახევარში დააკავეს. სპეცრაზმი სააკაშვილის საცხოვრებელ ბინასთან გუშინ გამთენიისას მივიდა, მიხეილ სააკაშვილი კი სახურავზე ავიდა და მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდა. როგორც თავად განმარტა, ამ ქმედებით დრო მოიგო. გარკვეული პერიოდის შემდეგ სააკაშვილი სახურავიდან  ჩამოიყვანეს, ბრალი წარუდგინეს და დააკავეს, თუმცა მისი საგამომძიებო ორგანოში გადაყვანა ვერ მოხერხდა - მიკროავტობუსი, რომელშიც დაკავებული სააკაშვილი იმყოფებდა, მხარდამჭერებმა ალყაში მოაქციეს, ჩახერგეს ყველა გასასვლელი, მანქანის საბურავები დაუშვეს და სამართალდამცველებს პატიმრის გადაყვანის შესაძლებლობა არ მისცეს. პროცესმა თითქმის სამ საათს გასტანა. საბოლოოდ, მხარდამჭერებმა სააკაშვილის გათავსიუფლება შეძლეს. უკრაინის გენპროკურატურამ განმარტა, რომ სააკაშვილს ორგანიზებულ ჯგუფთან კავშირი და ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა ედება ბრალად. საუბარია რუსეთთან კავშირზე და კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაზე. საბოლოოდ, გათავისუფლებულმა სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად რადას შენობასთან გადაინაცვლა და პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციები დაიწყო. საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ამავდროულად, უკრაინის შსს-მ სააკაშვილზე ძებნა ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა. გუშინ, გვიან ღამით მაედანზე სპეცოპერაციაც ჩატარდა, თუმცა ირკვევა, რომ სამართალდამცველებს კარავი შეეშალათ.