პოროშენკო - კიევის მოვლენებზე: "ვფიქრობდი, ჩემი გაკვირვება რთული იყო"

2017-12-06 15:34:40
403

ჩემი გაკვირვება რთულია, თუმცა გუშინდელმა მოვლენებმა მთელი უკრაინა შოკში ჩააგდო ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ლვოვში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა. ამ განცხაებით პოროშენკო პირველად გამოხმაურა კიევში გუშინ განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, სააკაშვილის დაკავებას, რომელიც შემდეგ მის გათავისუფლებასა და პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნაში გადაიზარდა:  

"მტერი სულ უფრო დიდ ფსონს დებს, რომ დარტყმა ზურგში მოგვაყენოს, აგვაფეთქოს შიგნიდან, მოახდინოს ვითარების დესტაბილიზაცია უკრაინაში. მოსკოვში ძალას არ იშურებენ, მათ ფულიც საკმარისად აქვთ. ვფიქრობდი, რომ ჩემი გაკვირვება რთული იყო, თუმცა რაც დაინახა და მოისმინა მთელმა ქვეყანამ გუშინ, ყველა შოკში ჩააგდო. მახარებს, რომ უკრაინელმა ხალხმა ძალოვანების რეაგირებამდე გაშიფრა მოსკოვიდან დაფინანსებული კამპანია და ამიტომ მოახდინა რადასთან მიმდინარე აქციის იგნორირება. ორგანიზატორებს მართლაც სურდათ სისხლის ღვრა და ცდილობდნენ ძალოვანების პროვოცირებას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალოვანები ამას არ წამოეგენ. ძალოვანების მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანი იყო",- განაცხადა პოროშენკომ. 

ცნობისთვის: ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გუშინ, დღის პირველ ნახევარში დააკავეს. სპეცრაზმი სააკაშვილის საცხოვრებელ ბინასთან გუშინ გამთენიისას მივიდა, მიხეილ სააკაშვილი კი სახურავზე ავიდა და მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდა. როგორც თავად განმარტა, ამ ქმედებით დრო მოიგო. გარკვეული პერიოდის შემდეგ სააკაშვილი სახურავიდან  ჩამოიყვანეს, ბრალი წარუდგინეს და დააკავეს, თუმცა მისი საგამომძიებო ორგანოში გადაყვანა ვერ მოხერხდა - მიკროავტობუსი, რომელშიც დაკავებული სააკაშვილი იმყოფებდა, მხარდამჭერებმა ალყაში მოაქციეს, ჩახერგეს ყველა გასასვლელი, მანქანის საბურავები დაუშვეს და სამართალდამცველებს პატიმრის გადაყვანის შესაძლებლობა არ მისცეს. პროცესმა თითქმის სამ საათს გასტანა. საბოლოოდ, მხარდამჭერებმა სააკაშვილის გათავსიუფლება შეძლეს. უკრაინის გენპროკურატურამ განმარტა, რომ სააკაშვილს ორგანიზებულ ჯგუფთან კავშირი და ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა ედება ბრალად. საუბარია რუსეთთან კავშირზე და კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაზე. საბოლოოდ, გათავისუფლებულმა სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად რადას შენობასთან გადაინაცვლა და პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით აქციები დაიწყო. საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ამავდროულად, უკრაინის შსს-მ სააკაშვილზე ძებნა ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა. გუშინ, გვიან ღამით მაედანზე სპეცოპერაციაც ჩატარდა, თუმცა ირკვევა, რომ სამართალდამცველებს კარავი შეეშალათ.