ბიბილოვი: „ყაზბეგის რაიონის მკვიდრთა უფლებებს ყველა დონეზე დავიცავთ“

2017-12-05 14:18:42
2460

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „საზოგადოება დარიალის“ აქტივისტები მიიღო საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის გაირბეკ სალბიევის ხელმძღვანელობით.

„ყაზბეგის რაიონის მკვიდრნი და მაცხოვრებლები, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებულები, სისტემატიურად ჩივიან საქართველოს მიერ მათი უფლების დარღვევის შესახებ, მოინახულონ საკუთარი სახლები, წინაპართა საფლავები, შეხვდნენ ნათესავებს ისტორიულად ოსებით დასახლებულ ამ რეგიონში“, – განაცხადა შეხვედრაზე სალბიევმა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ აცნობა დე ფაქტო პრეზიდენტს, რომ მოამზადა მიმართვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიის ლიდერების, „ორივე რესპუბლიკის პარლამნეტების“ სახელზე და სთხოვს მათ, გამოვიდნენ ერთიანი პოზიციით.  

თავის მხრივ ბიბილოვმა განაცხადა, რომ „ოფიციალური ცხინვალი ყაზბეგის რაიონის მკვიდრთა პრობლემებს უყურადღებოდ არ დატოვებს“.

„სამხრეთ ოსეთი მზადაა დაიცვას ამ რეგიონის მკვიდრთა უფლებები ყველა დონეზე. ჩვენმა დელეგაციამ ეს საკითხი ჟენევის დისკუსიებზე უკვე დააყენა“, – დასძინა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, რომ «Градус Осетии» –ს ცნობით, ოსები, რომლებიც მშობლიურ სოფელ კობში ხატობაზე აპირებდნენ ჩასვლას, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს.

გამოცემის ცნობით, წარმომავლობით კობელმა ოსებმა გადაწყვიტეს, რელიგიური დღესასწაული მშობლიურ სოფელში აღენიშნათ, რომელიც ვლადიკავკაზიდან 60 კმ–ში მდებარეობს. თუმცა სქართველოს საზღვრამდე მოსული 50–მდე ადამიანი მესაზღვრეებმა უკან - ჩრდილოერთ ოსეთში გააბრუნეს, კიდევ რამდენიმეს კი პასპორტებში ჩაურტყეს შტამპები, რომელიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე მომდენო 5 წლის განმავლობაში შემოსვლას უკრძალავს.

„ჩვენი მხრიდან მსგავსი რადიკალური ნაბიჯების მიზეზების გარკვევის მცდელობას მესაზღვრეებმა მხოლოდ დუმილით უპასუხეს. მოგვიანებით კი, ზემდგომების განკარგულებაზე დაყრდნობით მათ მუქარანარევი ტონით გვითხრეს, რომ სოფელ კობის ტერიტორიაზე ამიერიდან ვერც ერთი ოსი ვეღარ შევა“, – განუცხადეს გამოცემა «Градус Осетии»–ს დეპორტირებულმა ოსებმა.