«ოცნება» და ბანდიტები

2017-12-04 23:28:34
1224

ამ დღეებში მთელი საქართველო შეიარაღებულ ინციდენტზე მსჯელობ, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. ახლა ქართული ოცნება” გამალებით ცდილობს, აჩვენოს საზოგადოებას, რომ მომხდარიდან გაკვეთილი გამოიტანა და, როგორც იქნა, გადაწყვიტა, მოზარდთა აგრესიის პრობლემას ყურადღება მიაქციოს.

ეს ძალზე თვალთმაქცურად გამოიყურება: თითქოს საშობაოდ ნასუქი, ცხოვრებით კმაყოფილი და მუდამ მოჩვენებითი ოპტიმიზმის მფრქვეველი “ოცნებელი” ჩინოსნები ეკრანებიდან დაშტამპულ ფრაზებს გვესვრიან - “უნდა გავაუმჯობესოთ”, “უნდა დავხვეწოთ», “გავაღრმავოთ», «შევქმნათ კომისია», «ჩამოვაყალიბოთ უწყებათაშორისი ჯგუფი» და სხვა ბიუროკრატიულ ბოდვებს.

ამ ყველაფრიდან ცხადი ხდება: არაფრის კეთებას ისინი არ გეგმავენ და რომც დაგეგმონ, ვერ შეძლებენ, უნარი არ აქვთ. მთავარია, როგორმე გაწელონ დრო – მერე ყველას ყველაფერი დაავიწყდება და შესაძლებელი გახდება უდრტვინველი ცხოვრების გაგრძელება...

არც ის გამიკვირდება, ახლა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი “უწყებათაშორისი ჯგუფის” არაეფექტურობის გამო რომ სპეციალური კომისია შეიქმნას პირველის მუშაობის გასაკონტროლებლად. და კიდევ ერთი კომისია – იმ კომისიის საკონტროლოდ, რომელიც შექმნილია “ჯგუფის” გასაკონტროლებლად...

რეალურად კი, იმისათვის, რომ, თუ არ გავანადგუროთ, შევამციროთ მაინც სკოლების კრიმინალიზაციის დონე, არანაირი უწყებათაშორისი ჯგუფი თუ კომისია საჭირო არ არის. ამისათვის სულ რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯია გადასადგმელი.

«ქართულმა ოცმებამ» უნდა აღიაროს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის საწინააღმდეგო მიზანმიმართული კამპანია, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში იმხანად – ოპოზიციაში, ახლა კი უკვე ხელისუფლებაში მყოფი ძალა აწარმოებდა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა იყო. უნდა აღიაროს, რომ ნულოვანი ტოლერანტობა არა მანიაკებისა და სადისტების ახირება იყო, როგორც “მეოცნებეები” წარმოაჩენენ, არამედ სასიცოცხლო აუცილებლობა მომაკვდავ ქვეყანაში, რომელიც სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას მოითხოვდა.

უნდა მიხვდეს, ბოლოს და ბოლოს, რომ საქართველო არაა ნორვეგია და მუშაობის ნორვეგიული წესები აქ ყველაში მხოლოდ სიბრალულის ღიმილს გამოიწვევს. ქვეყანაში, სადაც მრავალი თაობა შეხვედრისას “გამარჯობის” ნაცვლად “ქურდებს სიცოცხლეს” ამბობდა, მხოლოდ მორალის კითხვა საქმეს არ უშველის.

მიხვდეს, რომ საუბრები “ძალადობა გამოსავალი არ არის” მიამიტური სიბეცეა. არა, მარსზე ხისტი კურსი შესაძლოა, მართლაც არ მუშაობდეს, მაგრამ პლანეტა დედამიწაზე იგი უკვე მრავალი ათასწლეულია, ადასტურებს საკუთარ მტკიცე ეფექტურობას. და ამის არაერთი მაგალითი მოგვეპოვება საქართველოშიც.

ასე, მაგალითად, 90-იან წლებში ქვეყანას ნახევრადლეგალური ბანდები ატერორებდნენ და მათ საქართველო იქამდე მიიყვანეს, რომ საღამოს 5 საათისთვის თბილისი ცარიელდებოდა. მაშინ ბევრი ამბობდა: ვერაფერს ვიზამთ, ეს ბიჭები გაძღებიან, დააგროვებენ კაპიტალს, სტრუქტურირდებიან, იქცევიან ბიზნესმენებად და ყველაფერი თავისთავად, მშვიდობიანად დალაგდებაო.

თუმცა არავის არაფრად სტრუქტურირება არ სურდა, ბანდიტებს არც კი უფიქრიათ არანაირ ბიზნესზე და მთელს ფულს ჰეროინზე ხარჯავდნენ. შედეგად, 1996 წელს შევარდნაძემ მისი საკმაოდ მცირერიცხოვანი კეთილი საქმეებიდან ერთი გააკეთა და ისინი დაშალა. და მაშინაც საუბრობდნენ “ძალადობის არაეფექტურობაზე».

კიდევ ერთი მაგალითი: 90-იანები – 2000-იანების დასაწყისი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც საყოველთაო და ტოტალური ნარკოტიზაციის წლები. რას აღარ უშვებოდნენ ნარკომანებს – ყირგიზეთში (პროფესორ ნაზარალიევთან) დაჰყავდათ სამკურნალოდ, უსევდნენ მღვდლებს, არიგებდნენ, მორალს უკითხვადნენ...

თუმცა რეალურად ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ვანო მერაბიშვილმა დაიწყო მარტივად, ხისტად, ბიბლიისა და ნაზარალიევის გარეშე, ნარკომანების ციხეში ჩასმა. რა თქმა უნდა, ნარკოტიკები სერიოზულ პრობლემად რჩება დღესაც, თუმცა მისი მასშტაბები შეუდარებელია იმასთან, რაც რამდენიმე წლის წინ ხდებოდა...

«ოცნებამ» ციფრების თვალიერებაც უნდა შეწყვიტოს. დღეს დანაშაულისა და ხულიგნობისადმი რბილი მიდგომა – ეს არის უბრალოდ სწრაფვა, არ გაიფუჭო სტატისტიკა. გუშინდელმა ოპოზიციამ და ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თავის დროზე წარმატებას მიაღწია პროპაგანდისტულ კამპანიაში სახელწოდებით «რატომ არის საქართველოში ამდენი - 26 000 პატიმარი?».

ამ კამპანიის ფარგლებში იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო – ეს რომელიღაც კანონმორჩილი ფინეთია და მოულოდნელად, კაცმა არ იცის, საიდან, ჰალსინკიში ხელისუფლებაში ვიღაც მანიაკები მოვიდნენ, რომლებმაც უდანაშაულო და გაოგნებული ფინელების მასობრივი დაპატიმრება დაიწყეს...

«ქართულმა ოცნებამ» უნდა აღიაროს, რომ არანაირი “უდანაშაულო ბიჭები” ბუნებაში არ არსებობენ, არსებობენ სოროებში ჩამალული გველები, რომლებსაც უნდა წყვეტდე, რადგან მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდებიან. და ციხეებში პატიმრების რაოდენობა იმაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, რას ფიქრობენ ამაზე მუქთახორები “ოცნებიდან”, არამედ იმაზე, რამდენი ადამიანი იმსახურებს ციხეში ჯდომას. მე თუ მკითხვათ, ჩვენს რეალობაში 26 000 ზედა ზღვარი სულაც არ არის…

უნდა შეწყდეს ყველა ეს საუბარი სოციალიზაციაზე, ეკონომიკაზე და ა.შ. ეს ყველაფერი კეთილსიბეცეა. 90-იანებში საქართველოში ყველაზე აღვირახსნილი და უმოწყალო ორი ბანდა იყო – «ვერის საძმო» და «კულინარები» (იმ კულინარიული მაღაზიის გამო, რომლის მახლობლადაც ეს ნაძირლები იკრიბებოდნენ). ჰოდა, ორივე ბანდა მხოლოდ და მხოლოდ პრესტიჟული და მდიდარი ოჯახების შვილებით იყო დაკომპლექტებული, რომელთაც არ ჰქონიათ პრობლემები არც ეკონომიკის, არც სოციალიზაციის, არც სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით.

დროა, «ოცნებამ» გაიგოს, რომ საქართველოში მკვლელობების 90% არა მშიერი შვილების გამო, არამედ თვითდამკვიდრების წყურვილის საფუძველზე ხდება. ეს ქურდული კოდექსის მემკვიდრეობაა: ქურდები აღარ არიან, მაგრამ თვითდამკვიდრების მათ მიერ პროპაგანდირებული ხერხი არსად გამქრალა.

«ქართული ოცნება» მუხლმოდრეკილი უნდა ითხოვდეს პატიებას იმისათვის, რა უქნა სასკოლო მანდატურების საკმაოდ ეფექტურ და სასარგებლო ინსტიტუტს, რომელიც არაუწყებრივი დაცვის დონემდე ჩამოაქვეითა – მხოლოდ იმ მიზნით, რომ სააკაშვილისთვის წაეკბინა: მიშამ მანდატურების სამსახური შექმნა? - ესე იგი, უნდა გავანადგუროთო… მიშა რომ იმ დღეებში მანდატურების გინებით გამოსულიყო, ამის გამგონე “მეოცნებეები” უთუოდ გადაიფიქრებდნენ და პირიქით, გააძლიერებდნენ ამ ინსტიტუტს – ისევ და ისევ მიშას ჯინაზე.

«ოცნებამ” უნდა შეიგნოს და აღიაროს: როდესაც მისი მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი «შებღალული ღირსების აღდგებაზე» საუბრობდა, ჯერ კიდევ გასარკვევია, რას გულისხმობდნენ ისინი. განსაკუთრებით – თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საერთოდაც არ აქვს წარმოდგენა იმაზე, რა არის ნამდვილი ღირსება.

ერთი სიტყვით, «მეოცნებეებმა» უნდა აღიარონ, რომ შეცდნენ და, ბოლოს და ბოლოს, დაიწყონ ხისტი ზომების გატარება. არ მიაქციონ ყურადღება განრისხებულ დედიკოებსა და მამიკოებს, რომლებიც ყოველთვის დაიცავენ საკუთარ პირმშოს; არასამთავრობო სექტორს, რომელიც სალვადორში ნორვეგიული პროცედურების დაცვის მოთხოვნას დააყენებს.

არ მიაქციონ ყურადღება თვალთმაქცურ და საძულველ საზოგადოებრივ აზრს, რომელიც ყველაფერს ძალიან მალე დაივიწყებს და კვლავ ატირდება იმაზე, როგორ “აიძულებენ ჩვენს ბიჭებს ჩამშვებობას».

გაითავისოს, რომ დღეს საქართველოში რეალურად მოქმედი ორი აკადემიაა – «სუფრის აკადემია» და «ქუჩის აკადემია» და სანამ ისინი არ აღიგვება პირისაგან მიწისა, ვერანაირი სხვა აკადემია ჩვენში ფეხს ვერ მოიკიდებს...

რაღაც მკარნახობს, რომ ჩამოთვლილიდან არაფერი გაკეთდება. 5,3 მლრდ დოლარის ღირებულების «ანაკონდას» (ივანიშვილის მეტსახელი) შეუძლია, ხლართოს ინტრიგები, თუმცა დინების საპირისპიროდ ცურვა არ ძალუძს…

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის პოზიციას ასახავს,რომელიც შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციისას

https://www.ekhokavkaza.com/a/28896331.html