ასათიანი - მოზარდების მკვლელობაზე: "ჩვენი თაობის ბრალია, რომ ჩვენი შვილები მოძალადეები არიან"

2017-12-04 21:07:20
449

"ძალიან გვიანი გულზე მჯიღის ცემა და კონკრეტული დამნაშავის ძიება საზოგადოებაში",- ამის შესახებ ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

"ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მკვლელს და მკვლელობას. ასეთი კონფლიქტები სკოლაში ერთ დღეს ხომ არ იწყება? ასეთ კონფლიქტებს დაახლოებიოთ 2-3 თვიანი ისტორია აქვს, რომელსაც ხედავენ ან ვერ ხედავენ პედაგოგები და დირექტორები, მაგრამ იციან მოსწავლეებმა. მე არ მესმის რას ნიშნავს, ბიჭები იკრიბებოდნენ ტუალეტში და იქ რაღაც საქმეებს არჩევდნენ. ახლა იმის თქმა, რომ შეცდმა იყო, როდესაც მანდატურების რაოდენობა შემცირდა სკოლაში და ამ საზარელი ამბის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მანდატურები დაბრუნდ სკოლაში, ჩემი აზრით, დაგვიანებულია, რადგან კონკრეტულად ამ ამბავს და სხვა ბულინგის შემთხვევებს შეეწირნენ ახალგაზრდები. გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას ჰგავს ეს ამბავი, როდესაც ყველამ იცის, რომ რაღაც ხდება სკოლაში და ყველა ჩუმად არის. 

ჩვენს საზოგადოებას უყვარს გულზე მჯიღის ცემა, მაგრამ რეალურად, ახლა ორ დედას ორი სასახლე უდგას სახლში. თუ ვინმეს ესმის ამ ორი ქალბატონის, ეს მე ვარ. დიახ, საზოგადოება ძალადობრივია, ეს ჩვენი თაობის ბრალია, რომ ჩვენი  შვილები მოძალადეები არიან. ახლა საზოგადოების თითოეულმა რგოლმა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა მოხდა ამ სკოლაში და რა  ხდება სხვა სკოლებში. როგორ მოხდა, რომ ერთი სკოლიდან შეიარაღებული ბიჭების ჯგუფი წამოვიდა, დღისით, ქალაქის ცენტრალურ უბანში მოხდა გარჩევა, ამ დროს სად იყო პოლიციას, სად იყო პედკოლექტივი,  რატომ გამოეპარათ პედაგოგებს, თუ სკოლაში ასეთი სერიოზული ბულინგის შემთხვევები ხდებოდა, იქვე რატომ არ ამოიწურა ეს თემა. სურათს თუ კარგად შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ არავის თავისი მოვალეობა არ შეუსრულებია.  ორი წლის წინ კახეთის ერთ-ერთ  სკოლაში მეხუთე კლასელმა ბიჭმა მოიკლა თავი, რადგან ის რამდენიმე თვის განმავლობაში იყო სერიოზული ბულინგის მსხვერპლი და შარშანდლამდე ამ სკოლას იგივე დირექტორი ჰყავდა, დამრიგებელი კი დღემდე ასწავლის ბავშვებს",- განაცხადა მაია ასათიანმა "იბერიის" ეთერში.

მისივე თქმით, მომხდარი გაკვეთილი უნდა იყოს საზოგადოებისთვის: 

"თბილისის და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ძალიან ბევრ სკოლაში არის მსგავსი შემთხვევა და სანამ კიდევ რაღაც ფატალური შემთხვევა მოხდება, სეიროზული სამუშაოაა საჭირო. ვინ არის ახლა დამნაშავე? თითოეული ჩვენგანი და რეალურად არც არავინ. ჩვენი თაობა გაზრდილია წლებში, როდესაც ახალგაზრდის სიკვდილი სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავი იყო. ჩვენმა თაობამ გაზარდა ასეთი მოძალადე თაობა. რასაც ბავშვები ხედავენ ეკრანზე (ერთი სტუმარი მეორეს ჭიქას ესვრის), იგივეს იმეორებენ რეალურ ცხოვრებაში. სერიოზული ფსიქოლოგიური კვლევაა საჭირო, რა მოხდა, რა ხდება მოზარდის თავში.

უნდა გვახსოვდეს, რომ არ უნდა ვიხმაუროთ გასვენებამდე, არ უნდა ვირტყათ გულზე მჯიღი და 4-5 დღეში ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, სანამ შემდეგი ტრაგედია მოხდება. ეს უნდა იყოს გაკვეთილი. საზოგადოებამ საკუთარი თავი უნდა აკონტროლოს, თავი შეიკავოს აგრესიისგან. განათლების სამინისტრომ უნდა მიხედოს საკუთარ თავს. მთავარი არ არის ბავშვმა წერა-კითხვა იცოდეს კარგად, ეს უნდა იცოდეს, მაგრამ პირველ რიგში, უნდა იყოს ადამიანი. სკოლა ზრდის ადამიანებს? შს სამინისტრომ კი მიხედოს თავის საქმეს. რაც შეეხება მედიას, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი მაყურებელი ამ აგრესიისგან. ძალიან სერიოზულად არის შესასწავლი და დასაფიქრებელი, როგორ გავთავისუფლდეთ აგრესიისგან".