“მოვუსმინე სუს-ის ბრიფინგს და ახლა უფრო მეტი კითხვები გაჩნდა“

2017-12-01 14:50:20
174

”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ში გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ახლა, მოვუსმინე სუს-ის ბრიფინგს.

პირველ რიგში, კარგია, რომ, როგორც იქნა, სუს-მა დაადასტურა, რომ ახმედ ჩატაევი იყო ერთ-ერთი მოკლული.

ახლა უფრო მეტი კითხვები გაჩნდა:

- როგორ შემოვიდა საქართველოში ჩატაევი? ადამიანი, რომელსაც ორი კიდური აკლდა?

- გაეროს შავ სიაში მყოფი ადამიანი, რომელსაც ცალი ხელი და ცალი ფეხი ჰქონდა, იმყოფებოდა ბინაში, და ამ ბინაზე მიდიოდა თვალთვალი. როდის გაიგო სუს-მა, რომ ეს ადამიანი თბილისში, კერძოდ, კი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იმალებოდა?

- იარაღი როგორ იქნა გადმოტანილი საზღვარზე? და თუ არ იქნა გადმოტანილი, სად შეიძინეს ამხელა არსენალი?

- ვინ მფარველობდა ჩატაევს საქართველოში? მაშინ, როდესაც ის დიდ ზარ-ზეიმით გაუშვეს ჯერ სასამართლო დარბაზიდან და მერე ქვეყნიდან და მაშინ, როდესაც ის ქვეყანაში შემოვიდა?

- როდესაც თეა წულუკიანმა თქვა, რომ არ ეთანხმებოდა ჩატაევის გაშვებას, რა ვითარებაში მიმდინარეობდა ეს შიდა პოლიტიკური დისკუსია და ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ეს კაცი გაუშვეს?

და ბოლოს, მთავარი კითხვა ისევ რჩება - რა საფრთხე ავიცილეთ თავიდან? ტერორისტულ აქტს გეგმავდა ჩატაევი და მისი ხალხი?”, – წერს კაპანაძე „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.