ასპინძელმა მეფუტკრემ რიგაში 2 კგ თაფლი 50 ევროდ გაყიდა

2017-11-29 10:58:10
338

ევროპულ ბაზარზე ალპურ თაფლზე მაღალი მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც ქართველ მეთაფლეებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ ეტაპზე არ შეუძლიათ. EUGeorgia.info ესაუბრა ახალციხეში მდებარე კოოპერატივ „სკა“-ს თავმჯდომარეს, ჯაბა შეშაბერიძეს, რომელმაც მიმდინარე წლის სექტემბერში ლატვიის დედაქალაქ რიგაში, საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე ათეული კგ ალპური თაფლი გაყიდა.

კოოპერატივი „სკა“, რომლის საფუტკრე ევროსტანდარტების შესაბამისი ხარისხის თაფლს აწარმოებს,  სოფელ სამებაში (ახალციხე) ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში მდებარეობს. კოოპერატივში 10-წლიანი გამოცდილების მქონე 5 პროფესიონალი მეფუტკრეა დასაქმებული.  წელიწადში დაახლოებით 7 ტონა თაფლს, მათ შორის ალპურ თაფლსაც აწარმოებენ და ქართულ ბაზარზე ყიდიან.

„ლატვიაში დაახლოებით, 30 კგ თაფლი გავყიდეთ. ჩვენი თაფლის გემომ უცხოელები გააოცა, მეკითხებოდნენ: „სად შეიძლება ამ თაფლის შეძენა, რომელ მაღაზიაში მივიდეთ“ და ისიც მითხრეს, „ჩვენთან ასეთი თაფლი არ არისო“. ევროპაში თაფლს, ძირითადად, მცენარეულ ფრუკტოზაზე ამზადებენ, რაც დასაშვებია ევროკავშირის ნორმებით, ალპური თაფლი კი, თითქმის არ არის. გამოფენაზე 2 კგ თაფლი 50 ევროდ გავყიდე.  შესაძლებელია, რომ იქ შევიტანოთ ქსელში და მაღაზიამ  ერთი კგ 15 ევროდ გაყიდოს“,  - ამბობს ჯაბა შეშაბერიძე.

ლატვიაში გამართულ გამოფენაზე „სკა“-ს პროდუქციით რამდენიმე კომპანია დაინტერესდა, მაგრამ მეწარმე ჯაბა შეშაბერიძე ამბობს, რომ მიღებულ წინადადებაზე უარის თქმა მოუწია, რადგან კოოპერატივს მოთხოვნილი რაოდენობის დაკმაყოფილება არ შეუძლია.

„არაბული ქვეყნებიდან კონკრეტული წინადადებები მივიღეთ,  საუბარი იყო დიდ შეკვეთებზე - წელიწადში 8 კონტეინერზე (20 ტონა თითო კონტეინერი). კონკრეტულად, ალპურ, აკაციის თაფლზე ჰქონდათ მოთხოვნა, მაგრამ ამისთვის ჯერჯერობით მზად არ ვართ, რადგან წარმადობა არ გვაქვს საკმარისი. მეორე მთავარი პრობლემა ის არის, რომ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და მთელი საქართველოს მასშტაბით რომ ვაწარმოოთ ალპური თაფლი, მაინც ვერ დავაკმაყოფილებთ ამ მოთხოვნას“, - ამბობს ჯაბა შეშაბერიძე.

მისი თქმით, საქართველოში მეფუტკრეობის სექტორისთვის კიდევ ერთი პრობლემა მიწოდების  უზრუნველყოფაა.

„2015 და 2016 წლებში კარგი მოსავალი იყო, წელს კი გაცილებით ნაკლები, შესაბამისად, რთული იქნება სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. თუ მაგალითად, მივიღეთ შეკვეთა 10 ტონა ერთი სახეობის ალპურ თაფლზე, მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ, რადგან მთლიანად ვაწარმოებთ 7 ტონას. ამ შემთხვევაში უნდა დავიხმარო მეგობარი მეფუტკრეები და კოოპერატივები. მაგრამ  ბევრი მათგანი ანტიბიოტიკს იყენებს და ასეთ თაფლს ჩვენ ევროპაში ვერ შევიტანთ“, - ამბობს ჯაბა შეშაბერიძე.

ჯაბა შეშაბერიძე აღნიშნავს, რომ მეფუტკრეები ქართულ ბაზარზე რეალიზაციის პრობლემას აწყდებიან, რადგან ბაზარი არასტაბილურია და ადგილობრივი პროდუქცია იმპორტირებულ, დაბალი ხარისხის თაფლს კონკურენციას ვერ უწევს. მეფუტკრე მიიჩნევს, რომ მეფუტკრეობის სექტორის საექსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

„სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს პრეპარატების შემადგენლობა, შეესაბამება თუ არა ევროპულ სტანდარტებს, მეფუტკრეებისთვის უნდა აიკრძალოს მავნე ნივთიერებებს შემცვლელი პრეპარატების გაყიდვა. ეს საკითხი დარეგულირებული ჯერ არ არის. მეფუტკრეების კეთილსინდისიერების დონეც ჯერჯერობით დაბალია, ხშირად არ იციან ფუტკრის სწორი მოვლა და პრეპარატების სწორი გამოყენება. მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული“,  -ამბობს მეწარმე.

გასულ წელს ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების სიაში შეიყვანა, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ვერც ერთმა ქართველმა მეწარმემ ევროპულ ბაზარზე თაფლის  გატანა ვერ მოახერხა.

წყარო: http://eugeorgia.info