ციხელაშვილი – ბიბილოვის მოსკოვში "ვიზიტზე" : "ამ პროცესების მიზანია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია"

2017-11-14 18:28:07
172

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის მოსკოვში "ვიზიტს" ეხმიანება და  აცხადებს, რომ "ამ პროცესების მიზანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიაა".

„მთელი ეს პროცესი გამიზნულია იქითკენ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია მოხდეს. რაც შეეხება დახვედრას, ეს არის ნომინალური ქმედებები და ნაბიჯები, რომ განცდა და ილუზია შეიქმნას, თითქოს, დამოუკიდებელ ერთეულთან არის ურთიერთობა. სინამდვილეში, ამ შეხვედრების შინაარსი და მათ შორის, ამ კონკრეტულ შეხვედრაზე როგორც იქნა დაანონსებული, განიხილებოდა სწორედ ის მეკავშირეობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმება, რომელიც სრულიად არალეგიტიმური და არასამართლიანია, მაგრამ შავით თეთრზე გაწერს იმ მექანიზმებს და სფეროებს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ასეთ ექსკლუზიურ კონტროლს ამ რეგიონებში. საქართველოს ხელისუფლება არის ცალსახა და ძალიან მკვეთრი, ასევე არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში რაიმე სახის ესკალაციას გეგმავდეს.

„სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობის რუსეთში ვიზიტები ხშირია. პრაქტიკულად, სამხრეთ ოსეთი რუსეთიდან იმართება და მათ სჭირდებათ ინსტრუქციები, შეთანხმება ნებისმიერი გადაწყვეტილებების. იქ შეიძლება განხილული საკითხები იყოს სამხრეთ ოსეთის შემდგომი ანექსიის შესახებ. არსებობს რისკები, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში რაიმე ესკალაციას გეგმავდეს იმიტომ, რომ სულ უფრო ხშირდება კონტაქტები ნატო-ს წევრ სახელწმიფოებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან და ეს ყველაფერი შეიძლება იწვევდეს რუსეთის ხელისუფლებაში მოთხოვნილებას, რომ მიიღონ ადეკვატური ზომები“, - განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ კახა გოგოლაშვილმა.

კონფლიქტოლოგ ლევან გერაძის თქმით, პუტინი-ბიბილოვის შეხვედრა რუსეთის მხრიდან ოკუპაციური პოლიტიკის გაგრძელებაა.

ცნობისთვის: ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რამდენიმე საათში შეხვდება, მანამდე კი, მან კრემლის კედელთან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.