უვიზო ევროპა და ბალასტი

2017-11-14 17:40:32
519

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 28 მარტიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. მას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, სრულიად სამართლიანად თვლიდნენ რა, რომ ქვეყნის მოქალაქეების ევროპაში თავისუფალი შესვლა ყველაზე საგრძნობი ჯილდოა პროდასავლური პოლიტიკის განუხრელი მხარდაჭერისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში მიღწეული გარკვეული წარატებებისთვის. თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ პრობლემები იქნებოდა, თანაც დიდი.

და აი, უკვე რამდენიმე თვე გავიდა, შეიძლება პირველი დასკვნების გამოტანა და ისინი არცთუ სახარბიელოა... როგორც მოსალოდნელიც იყო, ტრადიციულმა ქართველებმა, რომლებიც ყველაფერს, რასაც ეხებიან, ნაგვად აქცევენ, აქაც სრულად წარმოაჩინეს თავი.

მათ ააოხრეს და კეთროვანთა ბარაკად აქციეს საკუთარი სოფლები, საიდანაც ვისაც შეუძლია, ყველა გარბის; საკუთარი დედაქალაქი – გაუთავებელი ვაჭრობით, დაჟანგებული კარკასებით მეტროს ყველა სადგურთან და უსაქმურთა მოხეტიალე ჯგროებით. ისინი საკუთარ ქვეყანას მავნებელივით გაუსწორდნენ და გადაწყვიტეს, რომ დროა, “ღირებული” გამოცდილება გაზულუქებულ ევროპასაც გაუზიარონ – ნუთუ შეიძლება, არსებობდეს უფრო ღირსეული ამოცანა, ვიდრე ბერლინის ან ამსტერდამის საპირფარეშოდ ქცევაა?

160 000 ადამიანიდან, რომელმაც ნახევარი წლის განმავლობაში ევროპა მოინახულა, დაახლოებით 10 000 აორთქლდა, გაქრა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩარჩნენ ევროკავშირში. თავად ციფრი, შესაძლოა, არც ისე დიდი იყოს – თუ არ გავითვალისწინებთ, რა კატეგორიაზეა საუბარი და რა “სარგებელს” მოუტანს მათი უმრავლესობა ევროპას.

საქართველოში მიღებულია, პოლიტკორექტულად დახარო თავი და თქვა, რომ “ემიგრაციაში საუკეთესონი მიდიან”. ამაზე არავინ დავობს, და ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი სწორედ ასეა.

რათქმა უნდა, ქართველ მიგრანტებს შორის არის მართლაც ფასეული სპეციალისტების გარკვეული პროცენტი, ხალხი შრომითი უნარ-ჩვევებით, დისციპლინის მაღალი დონით, ერთი სიტყვით - ისინი, ვისაც მართლაც შეუძლია სარგებლის მოტანა თავისი ახალი ქვეყნისათვის. არიან ასევე შრომისმოყვარენი განსაკუთრებული განათლების გარეშე, რომლებიც, ამის მიუხედავად, იქ სასარგებლო სამუშაოს შეასრულებენ.

თუმცა ასეთები უმცირესობას წარმოადგენენ. ქართველი იმიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი – ეს, საუკეთესო შემთხვევაში, უსარგებლო ბალასტია, არაფრის მცოდნე და არაფრის მაქნისი ლუმპენები. ეს – საუკეთესო შემთხვევაში. არის უარესიც – ჩვენ მას თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ სიახლეებში იმის შესახებ, რომ მორიგმა ქართულმა ბანდამ სადღაც ვიღაც ან რაღაც დააყაჩაღა.

გააფუჭეს რა ყველაფერი, რისი გაფუჭებაც კი შეიძლებოდა მშობლიურ ქვეყანაში, უცხო ქვეყნებში მიდიან. მიდიან თავის სტილში, ისე, როგორც იციან: არცთუ იშვიათად ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, უყვებიან რა მიამიტ ევროპელ ჩინოსნებს, როგორ დევნით მათ ხელისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო; როგორი სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ მათ ოჯახებს ადგილობრივი კაციჭამია სამსახურებისგან; როგორ ცხრილავენ “სიკვდილის ესკადრონები” მათ ქვეყანაში ღამღამობით საუკეთესოებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საკუთარი აზრის გამოთქმა გაბედეს...

ურა-პატრიოტები, რომლებიც აქ, საქართველოში ნაციონალისტებს აძლევენ ხმას, მოითხოვენ ყველა უცხოელის გაყრას, ევროპელებს გეებად და ქათმებად მოიხსენიებენ, მღვდლებს ხელებს უკოცნიან, სამშობლოს სადღეგრძელოებს სვამენ. მორალისტების პირველ რიგებში მუდმივად მდგომნი, გვიხსნიან ჩვენ – ბინძურ ლიბერალებს, როგორ გვიყვარდეს სამშობლო სწორად.

და აი, ისინი, საზღვრის კვეთისას საკუთარი ქვეყნის მიმართ ისე, რბილად რომ ვთქვათ, არაპატრიოტულად იქცევიან, როგორც არც ერთ ყველაზე კოსმოპოლიტ ლიბერალსაც კი არ მოუვა თავში...

შემდეგ, მიიღებენ რა ამ ფასად ევროპაში ცხოვრების უფლებას... სხდებიან სოციალურ ქსელებში და იწყებენ ჩვენთვის – საქართველოში მცხოვრებთათვის იმაზე საუბარს, რა არის ზნეობა, მორალი, დიადი ეროვნული იდენტობა და მართლმადიდებლობა.

მესმის, ბევრს ჩემი მოსაზრება არაკორექტულად მოეჩვენება. მაშინვე გაახსენდებათ უმუშევრობა და ის, რომ “ამ საწყალ უდანაშაულო ხალხს საქართველოში სამუშაო ადგილი არ აქვს».

საპასუხოდ არ მოვიყვან ბიზნესმენებისა და სოციოლოგების მოსაზრებებს, რომლებიც ერთხმად აცხადებენ, რომ კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განვიცდით; რომ ჩვენ გვყავს ტაქსის მძღოლები სამ-სამი დიპლომით, შემდუღაბებლების ჩამოყვანა კი თურქეთიდან გვიწევს; რომ მსხვილი კომპანია, რომელმაც ქუთაისში სამკერვალო საწარმო გახსნა, ვერ ხსნის მეორეს, და მიზეზი იგივეა – კადრების დეფიციტი.

აღარ გავიხსენებ, რომ ჩვენ გვყავს დეკლასირებული უვიცების ჯგროები 25%-იანი უმუშევრობის ფონზე. ყველაფერ ამას უჩემოდაც გეტყვიან. მე კი მოგიყვანთ მცირე მაგალითს, რომლის შემდეგაც ქართული ლუმპენის მიმართ ყოველგვარი თანაგრძნობა და პატივისცემა დავკარგე.

1990-იანი წლების ბოლოს საქართველოში საშუალო ფენის ჩანასახი გაჩნდა – როგორც წესი, აქტიური ახალგაზრდები, რომლებმაც სკუთარი შემოსავლებიდან რაღაც კაპიტალის დაგროვება შეძლეს. ვინაიდან არავინ იცოდა, როგორ გამოეყენებინა ეს ფული, თბილისში ძალზე უჩვეულო მოდა გაჩნდა – მოქალაქეები გლეხებთან მიდიოდნენ და ერთობლივ ბიზნესზე უთანხმდებოდნენ.

მიდგომა ძალზე მარტივი იყო: «მე ვდებ ფულს, შენ მუშაობ, მოგებას შუაზე ვიყოფთ». ყველაფერი სამართლიანად იყო და პატიოსნად. მაგრამ ძალიან მალე ეს მოდა დასრულდა. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ინვესტორებს უმოწყალოდ ძარცვავდნენ და “აგდებდნენ”. 1 დოლარს გაკიდებულმა ლუმპენებმა ვერ გაიგეს, რომ ამის შედეგად კარგავენ პარტნიორებს, რომლებთან ერთადაც ხვალ 100-ის შოვნას შეძლებდნენ.

საბოლოო ჯამში, უიღბლო ბიზნესმენებს უწევდათ იმის წაღება, რისი მიტაცებაც ჯერ ვერ მოსწრეს და სამსართულიანი გინებით შინ დბრუნება.

დღეს იმჟამინდელი ხელმოცარული ინვესტორების უმრავლესობა წარმატებულია, შეძლებული და ბევრად მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე მაშინ. დამეთანხმეთ, ადამიანი, რომელმაც 90-იანებში რაღაც შემოსავლის მიღება მოახერხა, მით უფრო არ დარჩება ცარიელ-ტარიელი 2017-ში.

აი, ისინი კი, რომლებიც მათ იმ დროს ატყუებდნენ და ძარცვავდნენ, ისევ იქ დარჩნენ, სადაც 90-იანებში იყვნენ, არ ესმით რა, რომ შესაძლოა, ფორტუნამ მაშინ შანსი გამოუგზავნა, მათ კი საკუთარი სიბეცისა და გაუმაძღრობის გამო არ გამოიყენეს. სწორედ ისინი შეადგენენ სადღეისოდ მათ მნიშვნელოვნ ნაწილს, ვინც შტურმით იღებს ევროპულ ქალაქებს და უყვება ევროჩინოსნებს, როგორ ცერად წაუვიდათ ცხოვრებაში ყველაფერი...

დაამატეთ ამას ქალაქელი უიღბლოების მთელი კასტა, რომელიც მუდმივად უკმაყოფილოა, არაფრის სწავლა არ სურს და თვლის, რომ მთელს მსოფლიოს მისი ვალი აქვს – და მიიღებთ ჩვენი დროის ქართული ემიგრაციის მიახლოებით სურათს.

ახლა მათ გამო ის 150 000 ნორმალური ადამიანი, რომელმაც ევროკავშირი მოიარა, როგორც წესი და რიგია და შინ დროულად დაბრუნდა, ისევ იძულებული იქნება, ვიზა აიღოს. უფრო სწორად, არა ვიზა, როგორც ასეთი. ამას სხვა სახელი ერქმევა - «ავტორიზაცია», - განსხვავებულად ჟღერს, თუმცა არსობრივად, იგივე ვიზაა. და ამით საქართველოს წაერთვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა დამოუკიდებლობის მთელი წლების განმავლობაში.

და ისევ, როგორც ყოველთვის და ყველაფერში დამოუკიდებლობის განვლილი წლების განმავლობაში, არსებობს ქართველების ერთი ნახევარი ნორმალური სახელმწიფოს შექმნას ცდილობს, იღებს განათლებას, დაკავებულია საქმით და, საბოლოო ჯამში, აშენებს წარმატებულ ქვეყანას. და მეორე ნახევარი, რომელიც ამ ყველაფრის დანგრევას, განადგურებას, გაჩანაგებას ცდილობს. საწყენია მხოლოდ, რომ შედეგად ყბაში ყველას ერთნაირად ხვდება...

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციისას

https://www.ekhokavkaza.com/a/28851814.html