მიხეილ გიორგაძე: "შტატების შემცირება გარდაუვალია"

2017-11-14 14:53:14
52

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 346 თანამშრომლის ბედი გაურკვეველია. სპორტის კომპონენტი კულტურის სამინისტროს, ახალგაზრდობის ნაწილი კი განათლების სამინისტროს უერთდება.

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სამუშაო შეხვედრები დაიწყება სპორტის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.

გიორგაძემ შემცირებები დააანონსა. ამასთან, აღნიშნა, რომ სპორტის მინისტრის მოადგილეებიდან ერთი ან ორი მისი მოადგილის პოსტებს დაიკავებენ.

„ადამიანების რაოდენობის მხრივ ციფრებზე სასაუბროდ, მზად არ ვარ. ოპტიმალური როგორც სტრუქტურა, ისე საშტატო განრიგი უნდა ჩამოვაყალიბოთ. პირველ ხანებში, მოგვიწევს ორ შენობაში გადანაწილება, თუმცა ოპტიმალური და იდეალური იქნებოდა, ერთ შენობაში განთავსება. გარდაუვალია შტატების შემცირება,“ - "რუსთავი 2"-ის ცნობით, აღნიშნა გიორგაძემ.

მინისტრის თქმით, ახალგაზრდობის ჯანსაღი წესი პრიორიტეტული იქნება, სტრატეგიის გეგმას მალე წარადგენენ.