"საკმაოდ ჭკვიანი ინსტრუქტორია მიმაგრებული ფსბ-დან საქართველოს მთავარ აგენტზე"

2017-11-14 13:38:23
582

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ამერიკულ-ქართული სამედიცინო ასოციაციის (GAMPHA) პრეზიდენტი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს: 

"საკმაოდ ჭკვიანი ინსტრუქტორია მიმაგრებული ფსბ-დან საქართველოს მთავარ აგენტზე. ქვეყანაში საერთოდ გააქრეს პოლიტიკა. პოლიტიკური პარტიები მხოლოდ დე-იურე არსებობენ. მკვეთრად გააძლიერეს შინაგანი კონტროლის ძალოვანი სტრუქტურები; მინიმალურამდე დაიყვანეს თავდაცვა და დე-ფაქტო საერთაშორისო სამშვიდობო მისიების შემსრულებელ საკონტრაქტო ორგანიზაციად აქციეს. პოლიტიკური ოპოზიცია იმდენად დაქუცმაცებული და გადაკიდებულია ერთმანეთზე, რომ მათი გაერთიანება პრაქტიკულად შეუძლებელია, მითუმეტეს რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი ძალა ეფექტურად არის ინფილტრირებული პროვოკატორებით და თან დემონიზებულია როგორც კეთროვანი. პარალელურად შექმნილია ილუზია, რომ ქვეყანას ჰყავს მთავრობა. რაც შეეხება განვითარების ჩამოყალიბებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ დოქტრინას, ასეთი რამ ბუნებაში არც არსებობს. უკრაინის მაგალითს თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ იქ მმართველ ოლიგარქს და მის კლუბს მეორე ოლიგარქთა კლუბი დაუპირისპირდა, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ ეფექტურად იყენებს მასების უკმაყოფილებას. მოპროტესტე მასებსაც სჭირდებათ ამჟამად შეძლებული, გავლენიანი სპონსორები, რომლებიც დააფინანსებენ ქუჩის აქციების ლოჯისტიკას. რა მოხდება შემდეგ, ეს ამჟამად არცერთმა მხარემ არ იცის ზუსტად. რაც შეეხება საქართველოს, აქ ასეთი განვითარება გამორიცხულია, რადგან ქვეყანას ჰყავს მხოლოდ ერთი ფინანსური ძალა, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება. ამასთან, არ არსებობს მეტნაკლებად ეროვნულად განწყობილი შეძლებულ ადამიანთა კლუბიც. ერთადერთი, რაც შეიძლება დაპირისპირების ერთგვარ ხავსად იქცეს, საერთო სახალხო, არაპარტიული და არაპოლიტიკური წინააღმდეგობაა, რომლის საფუძველი მხოლოდ ყოფითი-ეკონომიკური ხასიათის განხეთქილება იქნება და არა რაიმე სერიოზული, იდეოლოგიური ნიადაგი. ამის კარგი მაგალითი იყო ის, რაც ოზურგეთში ( და მანამ თიანეთში ) მოხდა. თავად კოალიციის შიგნით დაპირისპირებული მეტნაკლებად მისაღები პირების შეჯახებისას ადგილობრივმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ერთი შეხედვით ნაკლებად კორუმპირებულ ელემენტებს. საქართველოში პოლიტიკური პროცესების გამოცოცხლების და აღორძინების რაიმე შანსი ამჯამად მინიმალურზე მინიმალურია. ბრძოლის ტაქტიკის ერთადერთი ვარიანტი ისევ ყოფითი ხასიათის ნიადაგზე ადამიანთა მასობრივი, სპონტანური გაერთიანება თუ იქნება საჭირო მომენტში. სხვა ყველა ვარიანტი ეფექტურადაა განეიტრალებული".