ბოლო 2 თვეში საწვავი 10 თეთრით გაძვირდა

2017-11-14 13:01:27
76

საქართველოში ოქტომბერსა და ნოემბერში  საწვავი 10 თეთრით გაძვირდა. 

 ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირშირის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების და ლარის გაუფასურების ფონზე,  ევრო დიზელის საწვავის ფასმა საშუალოდ 6-11 თეთრით მოიმატა, რეგულარი ტიპის ბენზინზე - 5-10 თეთრით.

„ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდება და დაახლოებით ბოლო 2 წლის მაქსიმუმ მაჩვენებელზე დგას. კერძოდ, დღეისათვის ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობისფასმა შეადგინა  63.16 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 56.76 დოლარი/ბარელზე.
ნავთობის ფასის ზრდა ძირითადად გამოიწვია „ოპეკი +“-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების შესაძლო გაგრძელებამ. კერძოდ, როგორც ცნობილია 2016 წლის ბოლოს ოპეკის წევრმა და რამდენიმე არაწევრმა ქვეყენამ მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების 1,8 მლნ ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება დაიდო 2017 წლის პირველი 6 თვის ვადით მისი შესაძლო გაგრძელების პერსპექტივით. 2017 წლის მაისში ის გაგრძელდა კიდევ 9 თვით 2018 წლის მარტის ბოლომდე. 

30 ნოემბერს ვენაში დაგეგმილია „ოპეკი +“-ის  მორიგი შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ მოხდება აღნიშნული შეთანხმების გაგრძელების საკითხის განხილვა. საწვავის ფასის შემდგომი ტენდენცია დამოკიდებული იქნება საერთაშორისოფასებზე S&P Global Platts-ის მიხედვით და ლარის კურსზე დოლართან მიმართებაში", - აცხადებენ ორგანიზაციაში.