"ომბუდსმენის თანამდებობაზე სოფო ხორგუანის კანდიდატურა განიხილება"

2017-11-14 12:28:42
674

საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე სოფო ხორგუანის კანდიდატურა განიხილება,- ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მისივე ცნობით, სოფო ხორგუანის კანდიდატურაზე უკვე იმსჯელეს საქართველოს მთავრობაშიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

თავად ხორგუანის განცხადებით, ოფიციალური შეთავაზება მას ჯერ არ მიუღია:

„ოფიციალური წინადადება არ მიმიღია, შემოთავაზება ოფიციალურად არ ყოფილა, მაგრამ თქვენ რომ წყაროები გყავთ, ასეთი წყაროები მეც მიყვებიან, რომ სადღაც ჩემი კანდიდატურა განიხილება. ამის იქით, არაფერი ვიცი. სანამ არ შემომთავაზებენ, ანუ, არდაბადებული ბავშვი, როგორ განვიხილოთ? თუ ასეთი შემოთავაზება იქნება, ამას არ დავმალავ და ვიტყვი“, – აღნიშნავს ხორგუანი.

კითხვაზე – შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა წინადადებას, ხორგუანი ამბობს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა ღირსებით სავსე საქმეა.

„გააჩნია, როგორი შემოთავაზება იქნება. ეს ისეთი სამსახურია, ამაზე უკეთესი, ღირსებით სავსე, პატივსაცემი და ადამიანების დაცვაზე მადლიანი საქმე არ არსებობს. ამაზე უფრო სასარგებლო რა უნდა იყოს“, – განაცხადა ხორგუანმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია სოფიო ჯაფარიძისა და თამარ ქალდანის კანდიდატურების განხილვის შესახებაც. 

მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება და ახალი ომბუდსმენის არჩება პარლამენტს მოუწევს.