“აფხაზეთიდან ყველას გაყრა იგეგმება?”

2017-11-13 21:44:40
2286

რუსულ მედიაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით აღშფოთების მორიგი ტალღა აგორდა. მიზეზი ამჯერად აფხაზეთის “მოქალაქეობის” მიღების კუთხით შექმნილი პრობლემებია, რომელიც სხვებთან ერთად, რუსეთის მოქალაქეებსაც შეეხოთ.


ამ საკითხს უძღვნის ვრცელ სტატიას “რეგნუმიც”

(http://m.rosbalt.ru/world/2017/11/13/1659782.html).

როგორც პუბლიკაციის ავტორი - ანდრეი ნიკოლაევი აღნიშნავს, “პასპორტიზაციის ახალმა სქემამ შესაძლოა, აფხაზეთში მხოლოდ აფხაზები დატოვოს”. ჟურნალისტი სვამს კითხვას: “მიატოვებს თუ არა მოსკოვი “თავისიანებს”?”.

ქართველებისთვის საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, “აქცენტი” ამ სტატიის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

ნაწილობრივ აღიარებული აფხაზეთი კვლავ აგონიაშია.ამჯერად ემოციების აფეთქება გამოწვეულია რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის საკითხების რეგულირების შესახებ შეთანხმების მზადებითა და მოქალაქეთა ნაწილისთვის ახალი აფხაზური პასპორტების გაცემაზე უარის თქმით. თუ ეს დოკუმენტი არ გაგაჩნია, აფხაზეთში არაფერი გესაქმება: გირჩევნია, მიატოვო სახლი, მიწა, მთელი ქონება და მშვიდობიანად დატოვო იქაურობა, რათა კიდევ მეტ უსიამოვნებას არ გადაეყარო.

დავიწყოთ რუსეთთან შეთანხმებით და გავიხსენოთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარინა ზახაროვას ინტერვიუ “Sputnik”-თან, რომელშიც მან პირდაპირ განაცხადა, რომ მოსკოვი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტზე აფხაზეთის რეაქციას მოელის. «აფხაზეთის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივება რუსული მხარის მიერ აფხაზეთთან “სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის შესახებ” 2014 წელს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა. რუსული მხარის მიერ უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროექტი. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ იგი ძალაში სხვა სახელმწიფოთაშორის შეთანხმებასთან - “ორმაგი მოქალაქეობის საკითხების რეგულირების შესახებ” დოკუმენტთან ერთად უნდა შევიდეს. ველით აფხაზური მხარის რეაქციას ჩვენს პროექტზე, რომელიც სოხუმს 2016 წლის ნოემბერში გადაეცა», — აღნიშნა ზახაროვამ.

ამ შეხსენებამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაიჟღერა და აი, გვიანი შემოდგომით სოხუმში “მოძრაობა” დაიწყო. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სპციალური სხდომა ჩაატარა ზემოაღნიშნული დოკუმენტის მოსამზადებლად. ცხადი გახდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე საქართველოსგან გამოყოფილი ამ რეგიონის ლამის ყველა მცხოვრებს რუსული პასპორტები დაურიგა, მისთვის “სამადლობელის გადახდას” აფხაზები დიდად არ ლამობენ. ისინი რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების კუთხით ”აფხაზეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამის დაცვით მექანიზემბზე” ალაპარაკდნენ. აქაოდა, რესპუბლიკა მთლიანად ”რუსიფიცირებული” გახდება, აფხაზური ენა ისტორიას ჩაბარდება, რუსები დაიკავებენ ყველა საპასუხისმგებლობა თანამდებობას და «დაეპატრონებიან აქ ყველაფერსო»...

რა თქმა უნდა, აფხაზეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ რუსეთის ყველა მოქალაქე როდი ოცნებობს. თუმცა მათი მცირე ნაწილი, რომელსაც რესპუბლიკაში ბიზნესი გააჩნია, ან მასში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს, ამაში დაინტერესებულია, თვლის რა, რომ აფხაზეთის მოქალაქეობა მათ შემოსავლიან ადგილებში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას მისცემს და მათი საკუთრების დაცულობას შეუწყობს ხელს. როგორც ჩანს, ეს მოლოდინები მიამიტურია, ვინაიდან აფხაზეთში უმძიმესი კრიმინოგენული ვითარებაა და ამჟამად იგი ფაქტობრივად უმართავია, რაც მძიმე დანაშაულებისა და ტურისტების რაოდენობის შემცირების მიზეზად იქცა.

ინვესტორებმა რუსეთიდან (სხვები აფხაზეთში პრაქტიკულად არ არიან, აქ რეგისტრირებულია დაახლოებით 240 კომპანია 100%-იანი რუსული კაპიტალით და დაახლოებით იმდენივე - რუსულ-აფხაზურით) უკვე შეარჩიეს მომგებიანი ტერიტორიები და შემოსავლიანი დარგები, თუმცა მუდმივად აწყდებიან საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამგვარად, აფხაზეთში ინვესტირების რისკი მაღალია, თუმცა ის რომ მოქალაქეობით, უძრავი ქონების შეძენის უფლებით, რბილი კრიმინოგენული ვითარებით ყოფილიყო გამყარებული, რუსეთის მოქალაქეები აქ თავის საქმიანობას გაცილებით ფართოდ გაშლიდნენ, ვიდრე ახლა და მწირ აფხაზურ ბიუჯეტსაც შეავსებდნენ. თუმცა სწორედ ამის – რუსების მიერ “წალეკვის” ეშინიათ აფხაზებს: ისინი ამბობენ, რომ მათთვის რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების კონტინგენტიც კმარა.

თუმცა არა მხოლოდ რუსები “აღიზიანებენ” ძირითად ერს — აქ მოქალაქეობა შეიძლება, ეროვნული უმცირესობების იმ წარმომადგენლებსაც ჩამოართვან, რომლებიც აქ დაიბადნენ და ქართველებთან ომშიც კი მონაწილეობდნენ აფხაზების მხარეზე. და ეს ძალიან მარტივად კეთდება. ამჟამად აფხაზეთში მოქალაქეების პასპორტების შეცვლა მიმდინარეობს და შესაბამისი პროცედურის მსვლელობისას ადამიანებს უცხადებენ, რომ მათი საბუთები ყალბია.

აფხაზურმა პრესამ გაავრცელა უფლებადამცველ ასიდა შაკრილის წერილი, რომელიც რესპუბლიკის საზოგადებრივი პალატის სხდომაზე იყო წარმოდგენილი. მასში, კერძოდ, ნათქვამია: «პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პასპორტის შეცვლის პროცედურის მსვლელობისას აფხაზეთის რესპუბლიკის შსს-ს საპასპორტო განყოფილებების თანამშრომლები რიგი პირების მიმართ აფხაზეთის მოქალაქის წინა პასპორტების უკანონოდ აღების კონსტატირებას ახდენენ და აცხადებენ, თითქოს ამ პირებს აფხაზეთში უწყვეტად ცხოვრების 5-წლიანი ცენზი აქვთ დარღვეული. პასპორტის გამოცვლაზე უარი ავტომატურად იწვევს მოქალაქეობის შეწყვეტას. მოქალაქეობის შესახებ 1993 წლის კანონი არ შეიცავდა მუხლს, რომელიც აფხაზეთის მოქალაქეობის დასადასტურებლად 1994-99 წლებში რესპუბლიკის ტერიტორიაზე უწყვეტად ცხოვრების აუცილებელ პირობას მოიცავდა.  ეს მოთხოვნა მხოლოდ 2005 წლის კანონში გაჩნდა, თუმცა ახალ კანონშიც კი იგი არ ვრცელდება იმ კატეგორიის პირებზე, რომლებიც 1994-1999 წლებში, იყვნენ რა არასრულწლოვანები, საშუალო განათლებას აფხაზეთის ფარგლებს გარეთ იღებდნენ».

ანუ, გამოდის, მოქალაქეობის შესახებ 2005 წლის კანონს უკუძალა აქვს და რიგი სხვა კატეგორიების მოქალაქეებს პრობლემებს უქმნით. ასე, მაგალითად, ეჭვქვეშ დგება აფხაზეთის მოქალაქეობის ქონის ფაქტი იმ პირთა მიერ, რომლებსაც 1994-დან 1999 წლამდე პერიოდში უმაღლესი განათლება აფხაზეთის ფარგლებს გარეთ აქვთ მიღებული და სამშობლოში სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ. დაზარალდნენ პენსიონერებიც, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში ჩაწერის ადგილი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების გარეშე შეიცვალეს. «ყველა ამ შემთხვევაში საუბარია არააფხაზ მოქალაქეებზე. მათგან განსხვავებით, ეთნიკურ აფხაზებს, კანონდებლობის თანახმად, აფხაზეთის მოქალაქეებად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე სცნობენ», — ნათქვამია ანალიტიკურ წერილში.

როგორც შაკრილი აღნიშნავს, “არააფხაზებს” პასპორტის შესასცვლელად განაცხადის განხილვისთვის დამატებით დოკუმენტებს სთხოვენ (ცნობა სკოლიდან, ატესტატი, დიპლომატი და ა.შ.), რაც «დისკრიმინაციული ხასიათისაა და პროცედურის უსაფუძვლო გართულებას წარმოადგენს». ყველა მათგანი დამატებით შემოწმებას ექვემდებარება, მათი ჩათვლით, ვინც “სადავო” პერიოდში არასრულწლოვანი იყო. გარდა ამისა, როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, საგულისხმობა, რომ პირის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხშირ შემთხვევაში მეზობლების გამოკითხვის გზით ხდება, ამდენად, იგი შესაძლოა, “ადამიანების პირად ურთიერთობებზე იყოს დამოკიდებული».

რას ამბობს ამაზე ხელისუფლება? ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ასეთ განმარტებას იძლევა: აფხაზეთის (რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუას და ნაურუს მიერ) აღიარების შემდეგ გაჩნდა აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების უამრავი მსურველი, არიან ადამიანები, რომლებმაც ის “იყიდეს” კიდეც, მათ შორის – საქართველოს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც, რაც რესპუბლიკის იმიჯზე უარყოფითად აისახებაო.

თუმცა მსგავსი განმარტება აშკრად შეუმდგარად გამოიყურება, მით უფრო, რომ აფხაზეთში დარჩენილი ქართველები (ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ გალის რაიონში) ხმის ამოღებასაც კი ვერ ბედავენ. თუ ომამდე ქართველები აფხაზეთის მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ და მის მთელს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ახლა მათი რაოდენობა 20%-საც ვერ აღწევს. სამჯერ შემცირდა ეთნიკური რუსების რაოდენობა, ათჯერ – ბერძნებისა და უკრაინელების. სხვებზე მეტად “შენარჩუნდნენ” სომხები, თუმცა მათაც ახლა აქტიურად “იშორებენ».

ქართველები, რომლებიც აქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ, სრულიად უუფლებონი არიან  - მათ უმარტივესად ართმევენ პასპორტებს, სახლებს, მიწებს; აიძულებენ, შეიცვალონ ეროვნება: საბჭოთა დროს მეგრელები (ქართველების სუბეთნიკური ჯგუფი) “აფხაზებად” ეწერებოდნენ, რათა უმაღლესში ჩაბარებისას ან პრესტიჟულ სამსახურში მოსაწყობად პრივილეგიებით ესარგებლათ. ამდენად, აფხაზების უმრავლესობას მეგრული გვარი აქვს და “მშობლიური” აფხაზური ენა არ იციან. მთლიანობაში, სიტუაცია ამჟამად ასეთია: მაქსიმუმი, რისი იმედიც შეიძლება, ჰქონდეს ქართველების ნაწილს აფხაზეთში — ეს ბინადრობის მოწმობის მიღებაა, თუმცა ნულოვანი უფლებებით.

ამგვარად, თუ პასპორტების შეცვლასთან და რუსების ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული ვითარება არ გაუმჯობესდება, ეროვნული უმცირესობები აფხაზეთში ამა თუ იმ ფორმით ადგილობრივი რეჟიმის, ხოლო თუ პირდაპირ ვიტყვით, განუკითხაობის მსხვერპლად იქცევიან.

ამ ფონზე ძალზე საინტერესოდ წარმოჩინიდება კითხვა, აპირებს თუ არა და თუ აპირებს, როგორ რუსეთი “ჩვენიანების” დაცვას? მას ხომ აფხაზეთზე ზეწოლის ყველა ბერკეტი გააჩნია: საკმარისია, ვთქვათ, რომ რუსეთი მას ინახავს; აღიარა მისი დამოუკიდებლობა და “დაიცვა ქართველებისგან”.

და თუკი რუსეთი ვერ უღებს ამას ყველაფერს ალღოს, მაშინ სხვებზე რაღა უნდა ითქვას? საქართველო გასაგები მიზეზებით ქართველებს აფხაზეთში ვერ იცავს. ანალოგიურად არ მისცემენ აფხაზეთში ცხვირის შეყოფის საშუალებას სომხეთის, უკრაინის, სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს, რათა აფხაზეთში თაობიდან თაობამდე მცხოვრებ სომხებს, უკრაინელებს და სხვა “თავისიანებს” შეეწიონ.

რისი ეშინია მოსკოვს? აფხაზებისთვის უკვე ნაცნობი ანტირუსული ბუნტის? თუ მას ამოძრავებს იმედი, რომ რუსების ორმაგი მოქალაქეობისა და მათი უფლებების დაცულობის საკითხს საბოლოოდ მაინც “გაათრევს” და აფხაზეთში, ბოლოს და ბოლოს, დარჩებიან მხოლოდ აფხაზები, რუსეთის მოქალაქეები და აქ ოდითგანვე მცხოვრები ეთნიკური რუსები და მაშინ პირველებთან გამკლავება გაცილებით ადვილი გახდება?

თუმცა თუ ასეა, აფხაზები მარტივად და სწრაფად არ დანებდებიან. თუ დანებდება ხელისუფლება, მას, უკვე მერამდენედ, ისევ გადააყენებენ”.

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”