საკადრო აურზაური: "პრემიერმა თავისი ბოღმა ამით გამოხატა"

2017-11-13 17:05:53
998

მედიაში საკადრო ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე დაადასტურა. კერძოდ, გაირკვა, რომ სამთავრობო კაბინეტს ტოვებენ შს და განათლების მინისტრები. ალექსანდრე ჯეჯელავასგან განსხვავებით, ცნობილია სად გააგრძელებს კარიერას გიორგი მღებრიშვილი. ის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმის შედეგად წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს. ამ დროისთვის უცნობია რა საქმიანობით დაკავდება კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე, რომელიც უწყებაში გაცემული სოლიდური დანამატების გამო არაერთხელ გახდა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი http://accent.com.ge/ge/news/details/40358. თავად მღებრიშვილის სავარძელს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, ეკონომიკის სამინისტრო შეიერთებს ენერგეტიკის სამინისტროს, მინისტრის პორტფელს კი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს. ენერგეტიკის სამინისტროს მსგავსად ცალკე არსებობას წყვეტს რამდენიმე უწყება -  სპორტის სამინისტრო (მას კულტურისა და განათლების სამინისტროები დაინაწილებენ), საგარეო დაზვერვა (შეერწყმება სუსს), ერთიანდება გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო აპარატი კი საგარეო პოლიტიკურ უწყებაში გადაინაცვლებს. სამთავრობო გადაადგილებისა და სტრუქტურული შერწყმის პარალელურად აღმასრულებელ ხელისუფლებაში ორი ახალი კადრი გამოჩნდა: საქართველოს რკინიგზის განერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრის რანგში მოგვევლინება, უცნაური იდეების ავტორ (გვახსოვს კომბლეს ისტორია და "ვაშლების პროგრამა") ალექსანდრე ჯეჯელავას კი  მიხეილ ჩხენკელი შეცვლის.

პასუხობს თუ არა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს მსგავსი საკადრო გადაადგილებები თუ ცვლილებები, "აქცენტი" ამ თემაზე ქართველ ანალიტიკოსებს ესაუბრა.

ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი მიმდინარე პროცესებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლს ვერ ხედავს და უწყებების "პრივატიზების" მოლოდინშია:

"გადავავლოთ თვალი გვარებს: ქუმსიშვილი, გახარია, ბახტაძე - საქართველოს კადრთუხუცესის ნდობით აღჭურვილი პირები. როგორც ჩანს, ასეთი დანიშნვები არა მხოლოდ ერთგულების, არამედ სრული მზაობის შემთხვევაში ხდება -  დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროდან გადაჰყავთ ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად და რატომ? იმიტომ, რომ აუცილებელი აღმოჩნდა, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გამხდარიყო. რატომ? იმიტომ, რომ იგი წლების განმავლობაში საერთოდ არ ერეოდა რკინიგზაში მიმდინარე პროცესებში. როცა ხელმისაწვდობი გახდა ინფორმაცია რკინიგზაში არსებული დარღვევების, გადაზიდვების, ფასების შესახებ, ცხადი გახდა, რომ ბახტაძეს არავინ არაფერს ჰკითხავს. ეს ის სანდო კაცი აღმოჩნდა, რომელიც ხმას არ იღებს. ახლა კი, როდესაც ფინანსთა მინისტრი იქნება, ორჯერ თქმა არ დასჭირდება. კიდევ უფრო გაუგებარია მსგავსი დანიშნვა მას შემდეგ, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრემა ბატონი ბახტაძე წარმოგვიდგინა როგორც ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორი. საინტერესოა, ფინანსთა მინისტრებს შორის რამდენია ტექნიკურ-მეცნიერებათა დიქტორი? თავად გახარიას შს მინისტრად დანიშნვა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ყოფილი მინისტრის 100%-იანი პრივატიზაცია არ მოხერხდა. ვისაც უხარია, გაიხაროს, მაგრამ როდესაც ადამიანი თავად არის მზად ეკონომიკის მინისტრობიდან შს მინისტრად გადავიდეს, ეს უკვე ნიშნვს, რომ იგი საკუთარ თავს არ ეკუთვნის.

იმედი ვიქონიოთ, რომ ამ პროცესებში პრემიერ-მინისტრის როლი პარლამერნტში მაინც გამჟღავნდება. გამიკვირდა, რომ ღიმილიც არ ჰქონდა სახეზე, როცა ამბობდა, ბახტაძე იქნება ფინანსთა მინისტრიო, ტექნიკურ-მექცნიერებათა დოქტორი - ესეც გზავნილია. შეეძლო საერთოდ არ ეთქვა, მაგრამ შეიძლება, თავისი ბოღმა ამით გამოხატა".

საგარეო დაზვერვის სამსახურის სუსი-სთვის შერწყმას აფასებს ანალიტიკოსი სამხედრო–პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე:

"ბოლო წლებში საგარეო დაზვერვაში სერიოზული რეფორმები გატარდა, ბევრი რამ შეიცვალა, გაუმჯობესდა და ამ ორი სტრუქტურის შერწყმით ქვეყანა სერიოზულ სპეცსამსახურს მიიღებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ აბსოლუტურად სხვა არის შიდა უსაფრთხოების საკითხები და სხვა - საგარეო საფრთხეები. სისტემაში ჩაუხედავებს შესაძლოა, მოეჩვენოთ, რომ ეს ორი სტრუქტურა რიგ შემთხვევებში ერთმანეთს კვეთდა, მაგრამ რეალურად განსხვავებული საკითხებია. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოდელი მოქმედებს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარია, როგორ ჩამოყალიბდება სტრუქტურა, რამდენად ეფექტურად იმოქმედებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძლიერი პოტეციალი გააჩნია ორივე სტრუქტურას, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს".

ბრიგადის გენერალი შს სამინისტროდან საგანგებოს სიტუაციების სამსახურის გამოყოფასაც მიესალმება:

"აგვისტოს ომამდე დავწერე სტატია  - "სამოქალაქო თავდაცვა და სახელმწიფო უსაფრთხოება". სამოქალაქო თავდაცვა მშვიდოდიან პერიოდში საგანგებო სიტუაციებია, საომარ ვითარებაში კი სახეს იცვლის. ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ საგანგებო სიტუაციები, სახანძრო, სასწრაფო, 112 და მსგავსი სამსახურები გამოსულიყო შს სამინისტროდან. შს მინისტრს თავი უნდა სტკიოდეს მხოლოდ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე და არა სტიქიურ უბედურებაზე, ამისთვის ცალკე სტრუქტურა უნდა არსებობდეს. ბოლო წლებს თუ გავაანალიზებთ, საკმაოდ იმატა სტიქიურმა უბედურებებმა  - დიდთოვლიანობა, წყალდიდობები, ხანძრები და ა.შ. უნდა იყოს სტრუქტურა, რომელიც დღე და ღამ იქნება მობილიზებული, ორიენტირებული პრევენციაზე და მთავრობასთან ერთად მიიღებს შესაბამის ზომებს, სტიქიური უბედურების შემთხვევაში კი მას უნდა ჰქონდეს საკმარისი რესურსი სამოქმედოდ".

- ცვლილებები არ შეეხო თავდაცვის სამინისტროს. თქვენ ერთ-ერთ სტატუსში ბრძანეთ, საქართველოს თავდაცვის მინისტრებში არ გაუმართლაო... 

– როდესაც მაქვს პრეტენზიები, ეს დასაბუთებულია. ალბათ, თავდაცვის სამინისტრო მუშაობს ამ საკითხებზე, მაგრამ მინისტრი უკვე წელიწადზე მეტია ამ პოზიციას იკავებს და მოქალაქეებს, განსაკუთრებით სამხედრო ექსპერტებს მეტი შედეგი გვაინტერესებს, რადგან საფრთხეები იზრდება, როგორ განვითარდება პროცესები, არავინ იცის, თავდაცვის სამინისტროს კი ძალიან ცოტა დრო აქვს. ჩვენ ყოველთვის ცოტა დრო გვქონდა ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში და როგორც წესი, ამ საფრთხეებისათვის მომზადებას ვერ ვასწრებდით. ამიტომ ვნერვიულობთ, თორემ პირადი ჯიბრით არ ვართ შეპყრობილები. თავდაცვის სამინისტროში გარედან კრიტიკას ვერ იღებენ, ჩვენთანაც არ მუშაობენ. გამოყენონ ჩვენი რესურსი რეფორმებში. ჩვენ ზედმეტს არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ შეცდომების გათვალისწინებას. ახლაც ძალიან ბევრი მინუსია, მაგრამ ამ საკითხებზე საუბარში თვითცენზურა მზღუდავს, ინფორმაციები კი გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე მოსახლეობას, რადგან პროცესებს პროფესიული თვალით ვუყურებთ. მეტი ტემპია საჭირო, მეტი აქცენტი საბრძოლო მზადყოფნაზე, საბრძოლო მომზადებაზე. ვიმეორებ, რისკები იზრდება, ახლო აღმოსავლეთმა შესაძლოა, საერთოდ ახლებურად იფეთქოს. "ისლამური სახელმწიფო", რომელიც საკმაოდ შევიწყოვდა სირიაში, სად ამოყოფს თავს არავინ იცის, კიდევ უამრავი სცენარია, რომელზეც ღიად საუბრისგან თავს ვიკავებ"

ორი სპეცსამსახურის გაერთიანებას მიესალმება უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესო ალადაშვილიც, თუმცა იგი პრობლემებს უფრო ღრმად ხედავს  

"საგარეო დაზვერვის ცალკე უწყებად  ჩამოყალიბების წინააღმდეგი ყოველთვის ვიყავი და არა მხოლოდ მე. ეს მოხდა 1997 წელს და ამ საკითხთან მიმართებაში არც მაშინ იყო ერთსულოვნება. პატარა ქვეყნის, მისი ფინანსური რესურსების და ადამიანური შესაძლებლობების მქონე ქვეყანაში საგარეო დაზვერვის ცალკე სამსახურად ყოლა დიდი ფუფუნებაა. ან თავი უნდა მოვიტყუოთ, ან არ უნდა გვყავდეს, ან გვყავდეს და ძლიერი. უწყების ფუნქციაა აქტიური მოქმედებები ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო ინფორმაციის მოპოვება და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ამის ანალიტიკურად მიწოდება. სამწუხაროდ, პროფესიული და ფინანსური შესაძლებლობების დეფიციტის გამო ჩვენი საგარეო დაზვერვის სამსახური ძირითადად ანალიტიკური საქმიანობით შემოიფარგლება და ისიც უმეტესად ღია წყაროებიდან არის მიღებული. რეალურად, საგარეო დაზვერვა აბსოლუტურად ფორმალურად გვქონდა, რომელიც უფრო ინფორმაციის გადინების წყარო იყო, ვიდრე ქვეყნისთვის სასარგებლო ინფორმაციის მომპოვებელი (უცხო ქვეყნის დაზვერვა აგენტურას უპირველესად სწორედ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურში აგზავნის). იყო სხვადასხვა მოსაზრებები, მედიაშიც დასახელდა სხვადასხვა გვარებიც, რომ აგვისტოს ომის დროს საგარეო დაზვერვიდან ჟონავდა ინფორმაცია. ჩვენ არ ვართ დაზღვეული, ეს სხვა სპეცსამსახურში და უწყებებშიც ხდებოდეს და ვიცით, რატომაც - საწუხაროდ, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხები მხოლოდ ქაღალდზეა დაწერილი და უკვე ათწლეულებია ასევე რჩება".

ალადაშვილის თქმით, აუცილებელია თავად სპეცსამსახურის ამოცანების გადასინჯვა, ვინაიდან ორი უწყების მხოლოდ გაერთიანებით პროცესი წინ ვერ წავა:

"ეს იქნება მორიგი პიარი და დაკარგული დრო, თუ არ მოხდა საგარეო დაზვერვის, ისევე როგორც სუს-ის ფუნქციების გადასინჯვა, ოპტიმიზაცია. ღია წყაროების ანალიზი კარგია, მაგრამ არასაკმარისი, ამას არანაკლებ კარგად აკეთებენ ჟურნალისტები. მხოლოდ ღია წყაროებზე დაყრდნობით მომუშავე ამხელა სამსახურის არსებობა, ამხელა პრემიებით, ლიმუზინებით გაბღენძილი სიარული სირცხვილია. საგარეო დაზვერვამ უნდა მოიპოვოს წინმსწრები ინფორმაცია მომავალ საფრთხეებზე, რაც შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო საქმიანობას განსაზღვრავს. ეს ყველაფერი მოითხოვს ფუნქციონალურად შეკრულ, ძალიან მცირერიცხოვან სამსახურს. ვიმეორებ, უნდა დაიწყოს შინაარსობრივი ცვლილებები. მაგალითად, გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, მაგრამ მათსავე საიტზეც არ არის გაშიფრული, რა ევალება ამ დანაყოფს. ჩემი ვარაუდით, ეს იგივე "კაგებეს" დროინდელი მეხუთე სამმართველოა (იდეოლოგიური), რომელიც პოლიტიკურ პარტიებზე, იქ აგენტურის შეგზავნაზე მუშაობს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონში კი ცალსახად არის აკრძალული აგენტურული მუშაობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებში. ჩვენს პირობებში ასევე ნონსენსია სუს-ში ანტიკორუფციული სააგენტოს არსებობა. ეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დუბლირებაა. რომელია ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე -  რომელიღაც მთლიანი რეგიონის გამგეობაში კონტრაქტით მომუშავე პირის მიერ ქრთამის სახით 100 ლარის აღება, თუ საერთაშორისო ტერორისტების მოძრაობა, უცხო ქვეყნის გაბიბინებული სპეცსამსახურების თავისუფალი პარპაში, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის (ამ სიის გაგრძელება შეგვიძლია) სპეცსამსახურების ფაქტობრივად შეუზღუდავი საქმიანობა? სუსს ასევე არ უნდა ჰქონდეს საგამოძიებო დეპარტამენტი. გამოდის, რომ ოპერატიულად თავად მოიპოვებს ინფორმაციას, თავად იძიებს და გადასცემს სასამართლოს, ფაქტობრივად თავის მუნდირს იცავს, აქ კი წარმოიშობა სამართალის გამრუდების ალბათობაც. ამდენად, მექანიკური შერწყმა არაფერს მოგვიტანს თუ არ მოხდა უწყებისთვის მხოლოდ იმ ფუნქციების დატოვება, რაც ქვეყნის დღევანდელი უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი".

ალადაშვილი ფიქრობს, რომ დაგროვილი პრობლემების გადაჭრა მთავარით - საკადრო პოლიტიკით უნდა დაიწყოს:

"ზოგადად, ჩვენი აქილევსის ქუსლი კადრებია - პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმის, პატიოსნების თვალსაზრისით. კადრების შერჩევა კვლავ კომუნისტური მეთოდებით მიმდინარეობს, სადაც მთავარი კრიტერიუმი პირადი ერთგულებაა. ასე იყო და დღემდე ასე რჩება. ამდენად პრობლემა ბევრია და გადაჭრა სწორედ საკადრო საკითხებით უნდა დაიწყოს". 

 

დიანა მუსელიანი

ახალი ამბების სააგენტო "აქცენტი"