ვინ ზღუდავს ოკუპირებული ახალგორიდან ავადმყოფების ქართულ მხარეს გადმოყვანის შესაძლებლობას

2017-11-10 19:47:20
355

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების მიერ დე ფაქტო საზღვრის კვეთის ახალი არაფორმალური წესები მოქმედებს. ახლა მათ დე ფაქტო საზღვრის დასვენების დღეებში და საღამოს 8-დან დილის 8 სთ-მდე კვეთა ეკრძალებათ.

ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, იმის შესახებ, რომ უკვე თითქმის ერთი თვეა, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის “საქართველოსთან საზღვრის” კვეთის ახალი არაფორმალური წესები მოქმედებს, მან შემთხვევით შეიტყო:

«ერთი ახალგაზრდა შეუძლოდ გახდა, აქ მისი დახმარების შესაძლებლობა არ იყო და ოჯახმა ლენინგორის სასწრაფო დახმარების სამსახურს მიმართა, რათა ავადმყოფი თბილისის კლინიკაში გადაეყვანათ. უპასუხეს, რომ საღამოს რვა საათის შემდეგ და დასვენების დღეებში, როდესაც გამშვები პუნქტი დახურულია, მათ საზღვრის კვეთას უკრძალავენ. ამბობენ, “ვიღაცამ თქვა, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი განკარგულება აქვს გაცემულიო”. სამუშაო დღეებში, გამშვები პუნქტის სამუშაო დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გადაადგილების კუთხით არანაირი პრობლემა არ იქმნება».

აქამდე საკითხი ასე გვარდებოდა: თუ იქმნებოდა სასწრაფო დახმარების მანქანის საჭიროება გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ, ექიმები ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელს აწუხებდნენ, ჩვეულებრივ – რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროს ალექსანდრე ბარათაშვილს. ის უთანხმდებოდა მესაზღვრეებს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ატარებდნენ. ხაზგასმით ვიტყვი: ეს ყველაფერი არაფორმალური ურთიერთობებია, ამდენად, ხშირად სასწრაფოს დე ფაქტო საზღვარზე გატარების პროცესი იწელებოდა, ორჯერ კი ტრაგედიითაც დასრულდა. ბოლო ახალი წლის წინ ახალგორელი მამაკაცი კლინიკაში მეტისმეტად გვიან მიიყვანეს და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა...

2013 წელს კიდევ ერთი მძიმე ავადმყოფი ორჭოსანიდან ქართულ მხარეს იმ აკრძალვის გამო არ გადაუშვეს, რომელიც იმხანად რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელ ჯემალ ჯიგკაევს წინაგარის ზონის მაცხოვრებლებისთვის დე ფაქტო პრეზიდენტთან მასზე კოლექტიური საჩივრის შეტანის საზღაურად ჰქონდა დაწესებული. სანამ რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის ვეტოს ძლევდნენ, დაკარგეს ძვირფასი დრო და საწყალი კაცი გზაში გარდაიცვალა.

თუმცა, პრინციპში, ყველა ნაკლის მიუხედავად, მძიმე ავადმყოფების გადაყვანის არაფორმალური სქემა სადღეღამისო რეჟიმში, დასვენების დღეების გარეშე მოქმედებდა. ახლა რატომ შეჩერდა? ამის შესახებ ახალგორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთავარ ექიმს ჯემალ ბედოევს ვკითხე:

«არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, რადგან არ არსებობს არანაირი ოფიციალური დოკუმენტი. უბრალოდ არ უშვებენ დასვენების დღეებში და საგუშაგოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ. ვეკითხები მესაზღვრეებს, რატომ არ უშვებთ-მეთქი, ისინი კი მპასუხობენ: «არ ვიცით, იქ იკითხეთ – ზემოთო». თბილისამდე ნახევარი საათია, ცხინვალამდე - 1,5-2. მძიმე ავადმყოფებისთვის ეს სხვაობა დიდია. არ ვიცი, ვისთან – მესაზღვრეებთან თუ ვინმე სხვასთან, თუმცა ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას – ავადმყოფებს ხომ არაფერი დაუშავებიათ».

ამ ახალი შეზღუდვების ავტორებისა და მიზეზების შესახებ კონკრეტული ვერაფერი დავადგინე. მოვისმინე მხოლოდ ორიოდე ვერსია ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრებისა და რაღაც ადმინისტრაციული ინიციატივების თაობაზე. ანუ, კონკრეტული არაფერი.

თამარ მეარაყიშვილის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ შეზღუდვების ინიციატორები იმ ადამიანებს შორის უნდა ვეძებოთ, რომლებიც თავად ავად არასოდეს გამხდარან და არც ავადმყოფი უნახავთ:

«ამერიკას არ აღმოვაჩენ, თუ ვიტყვი, რომ გულის პრობლემები ხშირად სწორედ საღმოს საათებში ან გამთენიისას იჩენს თავს. სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის დღე-ღამის ამ მონაკვეთში გადაადგილების აკრძალვა ცუდი გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, მსგავსი გადაწყვეტილება რეალურად არ არსებობს და ეს ყველაფერი უბრალოდ გაუგებრობაა.

მაინც რატომ არ შეიძლება ცხინვალში სასწრაფო სამედიცინო დახმარებით გამგზავრება?

საიდუმლო არ არის, რომ იქ მედიცინა შორსაა მაღალი დონისაგან. ცხინვალელები, რომელთაც ჯანმრთელობის მხრივ რთული მდგომარეობა აქვთ, ასევე მიდიან თბილისში ან ვლადიკავკაზში. გარდა ამისა, ავადმყოფები თბილისამდე მთელს გზას არ გადიან. ჩვენი სასწრაფო სამედიცინო დახმარებიდან სიგნალის მიღების შემდეგ ქართულ საგუშაგოსთან ავადმყოფებს მობილური სამედიცინო ჯგუფი ხვდებათ, რომელსაც გააჩნია შესაძლებლობა, მაშინვე დაიწყოს მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. ხოლო თუ ცხინვალში გადაწყვიტეთ წასვლა, მოგიწევთ, ჯერ საათნახევარი მიხვეულ-მოხვეული გზით იაროთ. შესაბამისად, მძიმე ავადმყოფისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია».

საიდუმლო არ არის, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ჯერ კიდევ ლეონიდ თიბილოვის მმართველობის დროიდან უარყოფით დამოკიდებულებას იჩენდა მოქალაქეთა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის მიმართ. ისინი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ეს ყველაფერი ქართული მხარის პოლიტიკის ნაწილია აფხაზებისა და ოსების ჩასათრევად და არა მათ მიმართ დიდი სიყვარულის გამოხატულება. ამავდროულად, ცხადია, რომ ჯანდაცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი ყველაზე რთულად აღსადგენი დარგია.

ამ სფეროს სპეციფიკა იმგვარია, რომ ოკუპირებულ რეგიონში თანამედროვე სამედიცინო მომსახურების შესაქმნელად ათწლეული ან კიდევ მეტია საჭირო. მანამდე კი ადამიანებს ვითარებიდან რაღაცნაირად გამოსვლა სჭირდებათ. და აქ ყველა ხერხი მისაღებია. ვიღაც ვლადიკავკაზში მიდის, ვიღაც – თბილისში. და ხელს ნურავის შეუშლის.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენება

https://www.ekhokavkaza.com/a/28842952.html