ბაშარ ასადი ოკუპირებულ აფხაზეთს პროგრესსა და კეთილდღეობას უსურვებს

2017-11-09 20:03:45
1366

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ რაულ ხაჯიმბას მის მილოცვაზე საპასუხო წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამ უკანასკნელს „მის აღმატებულება აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად“ მოიხსენიებს, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონს კი პროგრესსა და აყვავებას უსურვებს. „აქცენტი“ ასადის წერილის სრული ტექსტის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

„სირიის არაბული რესპუბლიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მის აღმატებულებას,

აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს,

ბ–ნ რ.ჯ. ხაჯიმბას

პატივცემულო პრეზიდენტო!

სიხარულით მივიღე თქვენი წერილი, რომელშიც თბილ გრძნობებს გამოხატავთ პირადად ჩემს და ჩემი ქვეყნის – სირიის მიმართ. მსურს, მადლიერება გამოვხატო თქვენი თბილი სიტყვების გამო, რომელიც ჩემს იუბილესთან დაკავშირებით გამოთქვით, გისურვოთ პირადად თქვენ ჯანმრთელობა, ხოლო აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხს – პროგრესი და აყვავება.

წავიკითხე რა თქვენი წერილი, მივხვდი, რომ მშვენივრად ხართ გათვითცნობიერებული ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, განკსაკუთრებით კი იმ შემოტევების შესახებ, რომელსაც რიგი ქვეყნები განადგურების პოლიტიკის ფარგლებში აწარმოებენ თავისუფალი ერების ნების გამოხატვისათვის ძირის გამოსათხრელად, ნაცვლად იმისა, რომ ტერორიზმის მუქარის გარეშე ხალხებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების შესახებ ცივილიზებულ დიალოგს შეუწყონ ხელი.

ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს პოზიციას ჩვენი ჯარის მიმართ, ასევე ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და მათი მოკავშირეების მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებების თქვენისეულ შეფასებას.

ღრმა მადლიერებას გამოვხატავ თქვენი მხარდაჭერის გამო იმ კრიზისის ეროვნული დიალოგის გზით გადასაჭრელად, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემს ქვეყანას შეეხო.

თქვენს მიმართ ღრმა პატივისცემითა და დაფასებით,

ბაშარ ალ ასადი“.

შეგახსენებთ:

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მსოფლიო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია დამასკოში საერთაშორისო გამოფენაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შესახებ, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სარაკეტო დარტყმა სირიის ოპოზიციამ განახორციელა. მაშინ გაირკვა, რომ გამოფენის მონაწილეთა შორის იყო აფხაზური დელეგაციაც, რომლის შემადგენლობაში დე ფაქტო საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები დაურ კოვე და ადგურ არძინბაც შედიოდნენ.

მათ გარდა, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აფხაზური სავაჭრო-სამრეწველო პალატის დე ფაქტო პრეზიდენტი გენადი გაგულია, მისი მოადგილე თამილა მირცხულავა, სართაშორისო კავშირების სამმართველოს უფროსის მოადგილე კამა ცვიშბა და კიდევ ერთი თანამშრომელი, წარმოშობით სირიელი, რომელმაც აფხაზეთის “მოქალაქეობა” მიიღო.

საერთაშორისო სამრეწველო გამოფენა დამასკოში პირველად 1954 წელს მოეწყო და მას შემდეგ 2011 წლის კრიზისამდე ყოველწლიურად ტარდებოდა. წელს, 17 აგვისტოს იგი 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიხსნა და მიუხედავად ამისა, საკმაოდ მასშტაბური გამოდგა: ღონისძიებაში 43 სახელმწიფო მონაწილეობდა, მათგან 20 კომერციული ორგანიზაციებით იყო წარმოდგენილი, 23 კი – ოფიციალურად, საელჩოების ჩართულობით.

როგორც სირიის გამოფენებისა და საერთაშორისო ბაზრების გენერალურმა დირექტორმა ფარეს ალ-ქირთლიმ აღნიშნა, დამასკოს წინააღმდეგ ევროპული სანქციების მიუხედავად, გამოფენაში საბერძნეთის, ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და იტალიის დელეგაციები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციას, მან გამოფენაზე, ტრადიციულად, საკვები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნიმუშები წაიღო.

«ეს ძალზე პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა. გვქონდა მოლაპარაკებები. იქ ჩვენი წარმომადგენელი გვყავს. ამჯერად აფხაზეთიდან სოლიდური დელეგაცია გაემგზავრა. მას ყველაზე მაღალ დონეზე მოუწყვეს შეხვედრა. აფხაზური ექსპოზიცია გამოფენაზე ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ადგილზე განათავსეს – შესასვლელშივე, სომხეთის გვერდით. გამოიფინა ყველა მონაწილე ქვეყნის დროშები, მათ შორის - ჩვენიც. გამოფენას უამრავი ადამიანი დაესწრო, ათასობით და ჩვენი ექსპოზიციისთვის გვერდი არავის აუვლია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ჩვენი სავაჭრო-სამრეწველო პალატა დამასკოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სირიის მეწარმეთა ასოციაციას თანამშრომლობაზე შეუთანხმდა” - განაცხადა ვიაჩესლავ ცუგბამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის წარმომადგენლებს დამასკოს გამოფენაში მონაწილეობის განზრახვა წინასწარ არ გაუხმაურებიათ, რათა “ქართული დიპლომატიის მხრიდან  მოსალოდნელი წინააღმდეგობა აერიდებინათ თავიდან” (https://www.ekhokavkaza.com/a/28688822.html).

აფხაზური დელეგაციის სირიაში ვიზიტთან დაკავშირებით 22 აგვისტოს ვრცელი განცხადება გაავრცელა ოკუპირებული რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ. მისი ინფორმაციით, 17 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი სირიის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ მუჰამედ სამერ ჰალილს შეხვდა.

მხარეებმა სოციალურ-ეკონომიკური, სავაჭრო და ფინანსური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განისაზღვრნენ კონკრეტული პასუხისმგებელი პირები ორივე მხრიდან, რომლებიც მუდმივ კონტაქტზე იქნებიან ერთმანეთთან და კოორდინირებას გაუწევენ სამომავლო ორმხრივ საქმიანობას პროფილური უწყებების მიმართულებით” - იუწყება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მისივე ინფორმაციით, აფხაზური დელეგაცია დამასკოში სირიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ იმად ჰამისმაც მიიღო.

იმად ჰამისმა სირიის ხელმძღვანელობის სახელით განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ მისი ობიექტური პოზიციის გამო სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ყველა იმ სირთულის მიუხედავად, რომელსაც რესპუბლიკა აწყდება, მთავრობა მაინც ახერხებს მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენასა და ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღინიშნა, რომ სირიის ხელმძღვანელობა აფხაზეთის რესპუბლიკას მეგობრულ სახელმწიფოდ აღიქვამს და ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების გზით გეგმავს სვლას, რათა პრეზიდენტ ბაშარ ასადის ბრძანების შესაბამისად, ჩამოაყალიბოს სრულმასშტაბიანი ურთიერთობები სირიის პარტნიორებთან, მათ შორის – აფხაზეთთან. სირიის ხელისუფლებამ გამოთქვა დაინტერესება აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებით. ჩამოყალიბდება სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც აფხაზ კოლეგებთან ერთობლივად შეიმუშავებს ორი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე მიმართულ კონცეფციას. თავის მხრივ, აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელმა – საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ აღნიშნა, რომ აფხაზეთში ყურადღებით ადევნებენ თვალს სირიის მოვლენებს და ღრმად გულშემატკივრობენ სირიელ ხალხს, რომელიც, აფხაზი ხალხის მსგავსად, იარაღით ხელში იცავს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. კოვემ აღნიშნა ისიც, რომ აფხაზეთი სრულად უჭერს მხარს სირიის ხელმძღვანელობის მოქმედებებს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით” - აღნიშნულია აფხაზური უწყების განცხადებაში.

მისივე ცნობით, 20 აგვისტოს აფხაზური დელეგაცია სირიის სახალხო საბჭოს თავმჯდომარემ ნაჯათ ანზურმაც მიიღო. შეხვედრაზე “ორი ქვეყნის საპარლამენტო კავშირების განმტკიცების” საკითხები იყო განხილული.

ოფიციალური თბილისი სირიაში აფხაზური დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა და მას „რუსეთის და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელება“ უწოდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი სირიაში, მრავალწლიან ომში გახვეულ ქვეყანაში, სადაც რუსეთი საკუთარი გავლენის განმტკიცებას ყველა საშუალებით ცდილობს, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა. მსგავსი ქმედებებით რუსეთი უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციასა და სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას" - ნათქვამია "აქცენტის" მიმართვის საფუძველზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ კომენტარში.

უწყების ინფორმაციით, შესაბამისი არხებით შედგა კომუნიკაცია სირიის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან.

"საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩვენი ხელისუფლების ინტენსიური მუშაობის შედეგად საქართველოს ტერიგორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მოვუწოდებთ ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენულ უფლებებს და არ მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ პროვოკაციულ ქმედებებში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.

თბილისის მიერ პოზიციის დაფიქსირების მიუხედავად, მოგვიანებით – უკვე ოქტომბერში აფხაზეთს სირიის დელეგაცია ესტუმრა. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ სირიის სახალხო საბჭოს დელეგაცია მიიღო. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთქმედების პერსპექტივები განიხილეს, – იუწყება „აფსნიპრესი“.

ბოლო წლის განმავლობაში აფხაზეთსა და სირიას შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ეს სხვადასხვა უწყებების თანამშრომლობაში გამოიხატა. ცოტა ხნის წინ გვსტუმრობდა სირიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, რომელმაც ჩვენთან საერთაშორისო შეჯიბრი გამართა. გარდა ამისა, იყო რიგი კონტაქტები ჟურნალისტებს შორის, რომლის დროსაც მომზადდა რეპორტაჟები აფხაზეთის შესახებ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც დინამიურად განვითარდება ორმხრივი დიალოგის საფუძველზე“, – განაცხადა კოვემ.

თავის მხრივ, სირიის დელეგაციის ხელმძღვანელმა სანაა აბო ზაიდმა  აღნიშნა, რომ „აფხაზებს უკვე გამოვლილი ის მოვლენები, რომელიც ამჟამად სირიაში ხდება და გადატანილი აქვთ ის ტკივილი, რომელსაც ამჯამად სირიელი ხალხი განიცდის“.

ჩვენ დავინახეთ, რომ აფხაზი ხალხი კარგადაა ინფორმირებული სირიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩვენი ხალხის სოლიდარობის ხარისხი უმაღლეს დონეზეა აყვანილი. შესაბამისად, არსებობს მყარი საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მშენებლობისთვის“, – დასძინა მან. 

საინფორმაციო სააგენტო “აქცენტი”