მიმართვა გარეგინ მეორეს: „ჯავახეთის ცალკე ეპარქიად გამოცხადება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს“

2017-11-09 18:15:13
1708

ჯავახეთში მოქმედმა რიგმა საზოგადოებრივ–პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა კუმურდოს ტაძრის საკითხზე სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს, უმაღლეს სასულიერო საბჭოს, კილიკიის დიდი სახლის კათალიკოს არამ პირველს, სომხეთის კათოლიკური ეკლესიის პატრიარქ გრიგორ პეტროს პირველს, სომხეთის ევანგელისტურ ეკლესიას, ჩრდილოეთ ამერიკის, საფრანგეთისა და ახლო აღმოსავლეთის სომეხი ევანგელისტების კავშირებს მიმართეს.

სომხური მედიის ცნობით, მიმართვის ავტორები უკმაყოფილებას გამოხატავენ სოფელ კუმურდოში არსებული ტაძრის საქმეზე იმ ერთობლივი გადაწყვეტილების გამო,  რომელიც სომხეთის სამოციქულო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ იქნა მიღებული და მოითხოვენ, „ჯავახეთის ვიკარიატს ეპარქიის სტატუსი მიენიჭოს“.

„კუმურდოს ეკლესიასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო.  იგი სასწრაფო რეჟიმში, რამდენიმე პირის მონაწილეობით იქნა მიღებული. მანამდე აუცილებელი იყო გადაწყვეტილების მიღება აღნიშნული ტაძრის კუთვნილებასთან დაკავშირებით. სოფლის მკვიდრთა აღშფოთება იმითაა გამოწვეული, რომ ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოების დროს სამოციქულო პერიოდის სამარხები განადგურდა.  საფლავები, რომლებიც, სულ მცირე, 700 წელს ითვლის, არ წარმოადგენენ ძეგლებს, ისტორიის ნაწილს?! ან რატომ მოსპეს უძველესი ხაჩკარები (სომხური ტრადიციული ქვის ჯვარი)? და რის საფუძველზე ამტკიცებს ერთობლივ განცხადებაში ეპისკოპოსი, რომ ეს ტაძარი არასოდეს ყოფილა სამოციქულო, როდესაც აქ სამოციქულო ეკლესიის მსახურები – ტერ-მათევოსიანები აღასრულებენ ღვთისმსახურებას?! [...]. რით შეუშლიდა სომხური ფესვები ხელს იმას, რომ UNESCO–ს ეს ტაძარი საკუთარი დაცვის ქვეშ აეყვანა? ვინ აგებს ეხლა პასუხს ამ ვანდალიზმზე?“ - ნათქვამია მიმართვაში.

მასში აღიშნულია ასევე, რომ სოფლის მაცხოვრებლებმა 500–მდე ხელმოწერა შეაგროვეს და სომხეთისა და საქართველოს სამღვდელოებას, ასევე პოლიტიკურ ხელისუფლებებს მიმართეს, რათა „განადგურებული საფლავებიდან ამოღებული ძვლები შეგროვდეს და ტაძრის ეზოში დაიკრძალოს ხაჩკარის აღმართვით“.

„ეს ბუნებრივი სურვილი იყო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს. თითოეული ჩვენგანისთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოს ეკლესიას უფრო შორს მიმავალი მიზნები ამოძრავებს, ვიდრე ტაძრის, როგორც ისტორიული ძეგლის რიგითი აღდგენა. ზოგადადაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობისა და პოლიტიკური ხელისუფლების მოქმედებები არც ქრისტიაულია და არც არიული“, – ნათქვამია მიმართვაში.

მისი ავტორები ასევე ეკლესიის მსახურთა არარასებობის პრობლემაზე, კერძოდ იმაზე მიუთითებენ, რომ „მრავალი წლის განმავლობაში ჯავახეთის სომხობისთვის ვერა და ვერ შეიქმნა პირობები სასულიერო მოღვაწეობისთვის ახალგაზრდობის მოსამზადებლად“.

„სამოციქულო ეკლესიებში არ არიან სასულიერო პირები, რომლებიც მზად იქნებიან  სამოქმედოდ.  უკანასკნელი 20-ზე მეტი წლის განმავლობაში ჩვენი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიამ არა და არ უზრუნველყო პირობები ჯავახური ახალგაზრდობიდან სასულიერო პირთა მოსამზადებლად. ეხლა ამ თხოვნის დაკმაყოფილებას სრულიად სომეხთა კათოლიკოსისგან ველით. ამასთან, შექმნილ ვითარებაში ჯავახეთის ცალკე ეპარქიად გამოცხადება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. აქ მაღალი რანგის სასულიერო პირთა ყოფნა რეალური შემაკავებელი ფაქტორი გახდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ამბიციებისთვის. მოგმართავთ ასევე თხოვნით, იფიქროთ საქართველოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განახლებაზე“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც „ინტელექტუალთა კავშირის“ წარმომადგენელი აზატ შიპაკციანი, სახალხო მოძრაობა „ჯავახკის“ წარმომადგენელი ნორიკ კარაპეტიანი, საზოგადოებივი ორგაზაცია „ჯავახკის“ წარმომადგენელი სტეფან აკოფიანი და კავშირ „ვირქის“ წარმომადგენელი დავით რსტაკიანი აწერენ ხელს.

ცნობისთვის:  30 სექტემბერს სოფელ კუმურდოში ადგილობრივი მოსახლეობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეკლესიის ეზოში შესვლას აპირებდა. ადგილობრივების თქმით, მათ ეზოში სანთლების დანთება უნდოდათ და, გარდა ამისა, ტაძრის ეზოში ხაჩკარის აღმართვას გეგმავდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ტაძარს სარესტავრაციო სამუშაოები უტარდებოდა, დაცვის პოლიციამ ისინი ტერიტორიაზე არ შეუშვა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით ინციდენტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო გამოეხმაურა. მის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტაძრის წარმომავლობის შესახებ დეზინფორმაციაა გავრცელებული: "სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ადასტურებს, რომ ტაძარზე პრეტენზია არ აქვს და მას ქართულად მიიჩნევსო“.

„ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების X ს-ის ტაძრის ეზოში ა.წ. 30 სექტემბერს მოხდა ინციდენტი ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფსა და სამართალდამცავებს შორის. პრობლემა გამოიწვია ამ ჯგუფის მცდელობამ, წინასწარი შეთანხმების გარეშე ტაძრის ეზოში აღემართათ სომხური ტრადიციული ქვის ჯვარი – ხაჩკარი.

აქ 2015 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აწარმოებს სარესტავრაციო სამუშაოებს. არქეოლოგიური გათხრების დროს სხვა არტეფაქტებთან ერთად ტაძრის ეზოში აღმოჩნდა საფლავები და მიცვალებულთა ნეშტი, რომლებიც დროებით იქნა გადატანილი შერჩეულ ადგილას, სადაც მოსახლეობას გაუჩნდა   ჯვრის აღმართვის სურვილი.

გაუგებრობა გამოიწვია გავრცელებულმა დეზინფორმაციამაც ტაძრის წარმომავლობის შესახებ. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ადასტურებს, რომ ტაძარზე პრეტენზია არა აქვს და მას ქართულად მიიჩნევს.

წინაპრების საფლავისათვის პატივის მიგება სადავო არაა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ასწლეულების მანძილზე ტაძრის ეზოში ქართველებიც, სომხებიც და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც დაიმარხნენ და მათი პატივისცემა ყველა ჩვენგანის ვალია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ა.წ. 5 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის  წარმომადგენელთა შორის.

შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, შემდგომი სხდომების  დროს განიხილონ და ურთიერთშეთანხმებით მიიღონ გადაწყვეტილება წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით, რომელსაც სამართლებრივი და რელიგიური დატვირთვის გარდა მორალური მნიშვნელობაც ექნება და ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების მაგალითი გახდება.

ყველას მოვუწოდებთ:

ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია  და პროვოკაცია, – დაუშვებელი.  დავიცვათ ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართულ-სომხური მეგობრობა, გამოვიჩინოთ  წინდახედულობა და წამოჭრილი საკითხები კანონიერების და ქრისტიანული სიყვარულის გზით გადავწყვიტოთ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ 5 ოქტობერს გავრცელებულ განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"