აქცია პარლამენტთან: „ჩვენც ვარსებობთ, ვეღარ ვიჭერთ ქამრებს, თქვენც დაბერდებით“

2017-11-07 12:57:45
170

„ჩვენც ვარსებობთ, ვეღარ ვიჭერთ ქამრებს, თქვენც დაბერდებით“ - ამ სლოგანით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პენსისი 250 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ამასთან, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში მცხოვრებ პენსიონერებსა და შშმ პირებს შეხვდნენ.

მათივე თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

აქციაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ:

"დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია. რასაკვირველია ეს საკმარისი არაა და ჩვენ მხოლოდ ვემხრობით, თუ გვექნება საშუალება გაიზარდოს პენსია. ჩვენი გაცხადებული გეგმები ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის, თუ ფასების ზრდის პარალელურად პენსიონერებისთვის პენსიები გაზრდილიყო. ეს მთავრობამ გაითვალისწინა და ველოდებით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პენსიონერი არ იყოს პოლიტიკოსზე წინასაარჩევნოდ დამოკიდებული, საჯილდოო ქვადაა პენსიის ზრდა გადაქცეული, ახლა ყველას ეცოდინება, რამდენით გაეზრდება პენსია, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, "- განაცხადა ზოიძემ.