“არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება იქ, სადაც ეთნიკური წმენდა ჩაატარე!”

2017-10-12 23:08:42
233

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თემაზე დაგეგმილ რეფერენდუმს ეხმიანება და აცხადებს, რომ “არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება იქ, სადაც ეთნიკური წმენდა ჩაატარე”.


ასეთი პასუხი გასცა პრეზიდენტმა რუსული ტელეკომპანია “Дождь”-ის ჟურნალისტის შემდეგ კითხვას: “მოსკოვში გასული წლიდან მიდის საუბრები სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე. თუ ასეთი რეფერენდუმი ჩატარდება, და ადვილი წარმოსადგენია, როგორი იქნება მისი შედეგი, რა რეაქცია ექნება საქართველოს?”.


გიორგი მარგველაშვილის პასუხი ასეთი იყო:


“სიმართლე გითხრათ, არ მესმის ლეგიტიმური პროცესის იმიტაციის ეს მცდელობა... ზოგადად ლეგიტიმური პროცესებისა, როგორიცაა რეფერენდუმი, საერთაშორისო ურთიერთობები (იქ ხომ ოუპირებულ ტერიტორიასა და მოსკოვს შორის რაღაც ხელშეკრულებებიცაა), იქ საელჩოების გახსნა… ეს ხომ ყველაფერი იმიტაციაა, რეალური პროცესების იმიტაცია! არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება იქ, სადაც ეთნიკური წმენდა ჩაატარე! ჩაატარე ეთნიკური წმენდა? - ჩაატარე და ახლა არ შეიძლება იმიტაცია იმისა, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ შენ იქ რეფერენდუმს ატარებ! - ეს უკვე დაცინვაა რეფერენდუმისთვისაც, როგორც ასეთის, და მთელი იმ პროცესისთვისაც, რომლის იმიტაციასაც შენ იქ ცდილობ! არ შეიძლება, დებდე საერთაშორისო შეთანხმებებს ტერიტორიასთან, რომელიც შენს მიერვეა ოკუპირებული! ეს ხომ შენს მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა და ვისთან აფორმებ ამ ხელშეკრულებებს?!”.