“...რეალობა ყოველთვის ახსნადი როდია...”

2017-10-12 22:45:27
203

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “Дождь”-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან ისაუბრა იმაზე, როგორ შეიცვალა საქართველოს პოლიტიკა პოსტსაბჭოთა პერიოდში, რა ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა ქვეყანამ; ასევე იმაზე, თანახმაა თუ არა საქართველო, მორჩილად შეეგუოს ცვლილებებს, რომელიც 2008 წლის ომს მოჰყვა, მათ შორის – ტერიტორიულ დანაკარგებს. გიორგი მარგველაშვილმა რუს ჟურნალისტს იმის შესახებაც უამბო, რა ურთიერთობები აქვს სადღეისოდ საქართველოს რუსეთთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან, ნატო-სთან; ასევე იმაზე, რა რეაგირებას მოახდენს საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე პოტენციურ რეფერენდუმებზე. საუბარი შეეხო ასევე მის ურთიერთობებს საკვანძო ქართველ პოლიტიკურ ფიგურებთან – ბიძინა ივანიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან.

“აქცენტი” ამ ტელეინტერვიუდან რიგი ამონარიდების ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

- ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების კრიტიკოსები მიუთითებენ იმაზე, რომ სახეზეა ერთგვარად უცნაური ისტორია: ერთის მხრივ, მიდის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არ ვცნობთ არანაირ ფაქტს, რომელიც უშუალოდ სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში იქმნება, არ ვაღიარებთ ანექსიას და ა.შ., ხოლო მეორეს მხრივ, ვაგრძელებთ ჰუმანიტარულ თანამშრომლობას, ვაჭრობასთან დაკავშირებული გარკვეული სფეროების განვითარებას და ა.შ. ეს არ არის წინააღმდეგობრივი?

- კი, ბატონო, ვისაუბროთ წინააღმდეგობრიობებზე. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გაყოფილ ქვეყანაში, იქაც იყო ეს ემოცია, რომ იყო ოკუპაცია. ამ ემოციებით ცხოვრობდა გერმანელი ხალხი, ამ ემოციებით აშენებდა მომავალს. და აშენებდა იმ ჭრილში, რომ გერმანია უნდა გაერთიანებულიყო. ასეც მოხდა. იქაც იყო მსგავსი, ასე ვთქვათ, შეუსაბამობები. თუმცა, მეორეს მხრივ, სიტუაცია ძალზე ცხადია და გასაგები. რუსეთმა გადადგა ნაბიჯი საქართველოს ოკუპაციის მიმართულებით. რუსეთმა გადაწყვიტა, საქართველოს ნაწილის არა მარტო ოკუპაცია მოეხდინა, არამედ გამოეცხადებინა ეს რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად, რაც ისტორიული ანომალიაც არის და უსამართლობაც. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეალობაში, უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება და ვეცადოთ, ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ. მე მესმის, რომ ეს რაღაცნაირად არ ჯდება ნორმალურ, სტანდარტულ, არათუ იდეალურ, თუნდაც ახსნად ურთიერთობებში, თუმცა რეალობა ახსნადი ყოველთვის როდია.

ჩვენ ხომ დამოუკიდებლობის შესახებ ჩვენი გადაწყვეტილების გამო ვისჯებით, აი, ამის გამო ვართ დასჯილები, დასჯილები რუსეთის მიერ. და ეს სასჯელი ოკუპაციის ფორმით მოვიდა. ცხადია, რომ ჩვენ არ ვუღალატებთ ჩვენს ბუნებას, არ შევიცვლით ეროვნულ იდენტობას, არ ვუღალატებთ იმას, რომ ვართ ერი, რომელიც, სულ მცირე, 2 ათასი წლის განმავლობაში ვითარდება, როგორც სახელმწიფო. და ვითარდება დიდი იმპერიების ფონზე და მათ გზაგასაყარზე, მათ ინტერესებში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით და ვცხოვრობდით იმისათვის, რომ აგვეღორძინებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, და, სხვათა შორის, არცთუ არაეფექტურები ვიყავით ამ მიმართულებით. ამჟამად მიმდინარეობს იგივე ისტორიული პროცესი, რომელიც მანამდეც მიდიოდა.

- იცით, მოსკოვშიც, სამხრეთ ოსეთშიც, აფხაზეთშიც თქვენ გადანაშაულებენ იმაში, რომ საქართველო იყო მინი-იმპერია, რომელიც ცდილობდა, თავს მოჰხვეოდა ოსებსა და აფხაზებს, და სწორედ ამის გამო დაისაჯაო. ასეთი არგუმენტია მოსკოვში...

- დიახ, ჩვენ ვიცით ეს ნარატივი. და ის განსაკუთრებით უსამართლოა, რადგან საქართველო – ეს არის ქვეყანა, ხალხი, რომელიც აი, ამ ტერიტორიაზე სხვა ხალხებთან – ებრაელებთან, რუსებთან, არაბებთან, სპარსელებთან, ბერძნებთან და სხვებთან ერთად ავითარებდა საკუთარ სახელმწიფოებრიობას. და ეს ხდებოდა არა ერთი, არა ორი წლის, არამედ რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში. და ის, რომ იყო გარკვეული პროვოკაციებიც, გარკეული პრობლემებიც სსრკ-ის დაშლის პერიოდში, ფაქტია, თუმცა ამ ფაქტის გამო არ ცვლიან ტერიტორიებს, არ ახდენენ სხვა ქვეყნების ოკუპაციას. საქმე ხომ შემდეგშია: რუსეთმა გადაწყვიტა, ერთგვარ დამსჯელ ძალად ქცეულიყო მეზობლების მიმართ. და ეს გადაწყვეტილება განვითარდა აი, იმ პრობლემებად, რომელიც იყო დასაწყისშიც, სსრკ-ის დაშლის პერიოდშიც და გრძელდება დღემდე. გადაწყვეტილება ასეთი იყო: თუ არსებობს პრობლემის რაღაც კერა, რაღაც შესაძლებლობა, ჩვენ ცეცხლზე ნავთს დავასხამთ, საქმეს კრიზისამდე მივიყვანთ, ხოლო შემდეგ ყველა მონაწილის დასჯას დავიწყებთ...

როდესაც აი, ასეთი დამოკიდებულება გაქვს საკუთარი მეზობლების მიმართ, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სხვები, ბუნებრივია, ეს დამოკიდებულება გადაიზრდება გარკვეულ კონფლიქტებში. არ შეიძლება ამ კონფლიქტის რაღაც მორალური ან ეთიკური პოლიტიკის რანგში აყვანა, აქ ყველაფერი გასაგებია. იყო კონფლიქტის გარკვეული ჩანასახი, კარგად იმუშავეს სპეცსამსახურებმა, პროვოკატორებმა, შესაძლოა. არცთუ ეფექტურად იყო ეს ყველაფერი აღქმული ქართული პოლიტიკური წრეებიდან, - და დამთავრდა, შეიქმნა ტანკების შეყვანის შესაძლებლობა. რამხელა სიხარულია, ჩვენ შევიყვანთ ტანკებს და მოვახდენთ ამ რეგიონის ოკუპაციას...

- კიდევ რამდენიმე წუთით შევჩერდეთ ამ თემაზე. მოსკოვში გასული წლიდან მიდის საუბრები სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე. თუ ასეთი რეფერენდუმი ჩატარდება, და ადვილი წარმოსადგენია, როგორი იქნება შედეგი, რა რეაქცია ექნება საქართველოს?

- სიმართლე გითხრათ, არ მესმის ლეგიტიმური პროცესის იმიტაციის ეს მცდელობა... ზოგადად ლეგიტიმური პროცესებისა, როგორიცაა რეფერენდუმი, საერთაშორისო ურთიერთობები (იქ ხომ ოუპირებულ ტერიტორიასა და მოსკოვს შორის რაღაც ხელშეკრულებებიცაა), იქ საელჩოების გახსნა… ეს ხომ ყველაფერი იმიტაციაა, რეალური პროცესების იმიტაცია!

არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება იქ, სადაც ეთნიკური წმენდა ჩაატარე! ჩაატარე ეთნიკური წმენდა? - ჩაატარე, და ახლა არ შეიძლება, იმის იმიტაციას ცდილობდე, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ შენ იქ რეფერენდუმს ატარებ! - ეს უკვე დაცინვაა რეფერენდუმისაც, როგორც ასეთის, და მთელი იმ პროცესისაც, რომლის იმიტაციასაც შენ იქ ცდილობ!

არ შეიძლება, დებდე საერთაშორისო შეთანხმებებს ტერიტორიასთან, რომელიც შენს მიერვეა ოკუპირებული. ეს ხომ შენს მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა და ვისთან აფორმებ ამ ხელშეკრულებებს?!

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოიყენება