სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება და დეპუტატის უფლებები? - გასაოცარი ქმედებები საკრებულოში და არანაკლებ გასაოცარი განმარტებები

2017-10-10 19:53:01
431

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, თბილისის საკრებულომ დღეს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული კომპანიების - "თაბორი რიზორთისა" და "თბილისი სითისთვის" მიწების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემას მხარი საბოლოოდ დაუჭირა. გადაწყვეტილება 31 ხმით იქნა მიღებული ორის წინააღმდეგ, კიდევ ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

ამავე კომპანიებისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემას მხარი საკრებულოს 29 წევრმა დაუჭირა, სამმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს რიგი ოპოზიციონერი დეპუტატები დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრნენ. ისინი შენობიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც პროტესტი გამოიხატა სხდომის დახურვასა და დღის წესრიგის დამტკიცების ფორმასთან დაკავშირებით. ხოლო პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს, რამაც დღის განმავლობაში რამდენჯერმე მათსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა გამოიწვია.
სხვათა შორის, პოლიციაც და სპეცრაზმიც დღეს როგორც უშუალოდ საკრებულოს შენობასთან, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებით მრავლად იყო მობილიზებული. ხოლო თუ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს დავუჯერებთ, თავად შენობაში სუს-ის თანამშრომლები იყვნენ დაბანაკებულები და საკრებულოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ფანჯრებიდან სურათებს უღებდნენ. 

ყველაფრის მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებულია, მიწა გადაცემულია. გადაცემულია, მაგრამ როგორ?

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას დღეს თბილისის საკრებულოში და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა გასაკვირია, ურთიერთსაპირისპირო პოზიციები აქვთ. მთელი დღის განმავლობაში ისმოდა ტრადიციული ურთიერთბრალდებები, რაც ასევე არავის უკვირდა. თუმცა მმართველი გუნდის მხრიდან უკვე აურზაურის დასრულების შემდეგ გაკეთებულმა განცხადებებმა და დღის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების განმარტებებმა ბევრი, რბილად რომ ვთქვათ, გაახალისა.

მაგრამ დავიწყოთ ოპოზიციის შეფასებებით. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დღეს საკრებულოს შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ “მთელი ადგილობრივი ხელისუფლება იმართება სუს-ის მხრიდან, რომელიც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის მორჩილია”.

"ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ თვითმმართველობა არათუ დამოუკიდებელი არ არის,  მთელი ადგილობრივი ხელისუფლება იმართება სუს-ის მხრიდან. დღეს საკრებულოს მთელს შენობაში მობილიზებულები იყვნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სახეს მალავდნენ და გარბოდნენ, როდესაც ვუახლოვდებოდით. დღეს ვნახეთ, როგორი შეშინებული თავმჯდომარე ჰყავს საკრებულოს; კახი კალაძე [ყოფილი ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი, ამჟამად – თბილისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”] და მისი გუნდი არის ის, რაც ვნახეთ დღეს: კანონდარღვევა, კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვა და სუს-ის მორჩილება, რომელიც, თავის მხრივ, ემორჩილება ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს [ყოფილი პრემიერი]. ამ უკანასკნელმა მოინდომა 1 ლარად თბილისის ტერიტორიების დაკანონება, საჯარო ქონების მითვისება საკუთრებაში და მთელი სახელმწიფო აპარატი, სუს-ის ხელმძღვანელები ჩაერთვნენ ამ პროცესში, კანონიც დაარღვიეს, ადამიანებზე ძალადობაც იყო…” - განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, თავად საკრებულოს სხდომაზეც დღის წესრიგიცა და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს ძალადობრივი მეთოდებით:

“ვისაც განცხადების გაკეთების სურვილი ჰქონდა, ამის საშუალება არ მისცეს; ზოგიერთი ოპოზიციონერი შენობიდან საერთოდ გააძევეს… დღეს ვნახეთ, როგორი მშიშარა თავმჯდომარე ჰყავს თბილისის საკრებულოს:  კითხვა დავუსვი ალიბეგაშვილს [თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე], რომელმაც აღიარა, რომ შეეშინდა იმის ფონზე, რაც 29 სქტემბერს ხდებოდა ზონალური ცვლილებების განხილვისას და დღეს სწორედ ამ შიშის გამო დახურეს სხდომა. კითხვას, რის საფუძველზე დახურეს, მან პასუხი ვერ გასცა. საბოლოო ჯამში, ძალადობრივად მიიღეს დღის წესრიგიც, საბოლოო გადაწყვეტილებაც და კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას, რომ თუ ივანიშვილს სურს, ისინი ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ის ფოჩიანი კანფეტები, რომელსაც კახი კალაძე ჰპირდება მოსახლეობას, დღეს სრულად გადახაზა საკუთარი ქმედებებით მისმა გუნდმა”.

სამნიძის განცხადებით, “ეს უკანონობა და უტიფრობა 21 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს”:

“ყველას მინდა, მივმართო: 21 ოქტომბერი არის საშუალება, ეს უტიფრობა, კანონდარღვევა, დამოკიდებულება უსაფრთხოების სამსახურზე და არა ადამიანებზე, რომლებმაც რეალურად უნდა მართონ ქალაქი, შეიცვალოს. ხოლო თუ “ქართული ოცნება” დარჩება ადგილობრივ ხელისუფლებაში, ყველა რესურსი ისევ და ისევ ერთი ადამიანის ირგვლივ იქნება მობილიზებული”.

საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა ფრაქცია "რესპუბლიკელების" კიდევ ერთმა წევრმა დავით ზურაბიშვილმაც:

"საკრებულოს უმრავლესობამ მოახდინა უპრეცედენტო მობილიზება სამართალდამცავებისა. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ცდილობდა, უხმაუროდ მიეღო გადაწყვეტილება და „ხაზეინისთვის“ დაემტკიცებინა მიწის ფართობები, მათ მაინც მიიღეს ხმაური. უნდოდათ, უხმაუროდ ჩაეტარებინათ და ჩუმად გაეპარებინათ ის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად სერიოზულ პროტესტს იწვევს, მაგრამ მაინც მიიღეს ხმაური,“ -განაცხადა ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დღეს საკრებულომ კანონის ფარგლებში იმოქმედა, კანონის დარღვევა კი ოპოზიციას ჰქონდა გამიზნული - ამიტომაც არ შეუშვეს, ხოლო ვინც შესული იყო, გააძევეს.

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არ უარყოფს, რომ პარლამენტის და მით უფრო თავად საკრებულოს დეპუტატებს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება ჰქონდათ, თუმცა აცხადებს, რომ "ქმედებები,  რომელიც საკრებულოს სხდომის ჩაშლისკენ არის მიმართული, უნდა აღიკვეთოს":

„მსგავსი აქციები უნდა აღიკვეთოს. პარლამენტის წევრს აქვს საკრებულოში შესვლის უფლება, თუმცა მათი მიზანი იყო სხდომის ჩაშლა. ეს იყო წინასწარ დაანონსებული და საკრებულოს გადაწყვეტილება იყო სწორი".

თავად საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, "ის პროექტები, რომელიც დამტკიცდა, ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს; დღეს საკრებულოს დიდმა ნაწილმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ის დღის წესრიგი დამტკიცებულიყო, რომელიც დამტკიცდა, ოპოზიცია კი უბრალოდ ცდილობდა, მოეწყო შოუ":

„უმცირესობამ თავისი პოზიცია გამოხატა, თუმცა შეეცადა, რომ ეს გადაეზარდა შოუში. ოპოზიცია წინასწარ აკეთებდა განცხადებებს, რომ სხდომა უნდა ჩაეშალა, ამიტომ იქნა მიღებული პრევენციული ზომები. რაც შეეხება პარლამენტის წევრების საკრებულოში არშეშვებას, წინა სხდომიდანაც [29 სექტემბრის სხდომა - რედ.] ჩანდა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები შეეცდებოდნენ, ისევ ჩაეშალათ და იგივე განზრახვა ჰქონდათ. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ისინი დღეს საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს" - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ: აანონსებდნენ ჩაშლას და კარგი ქნეს, რომ არ შეუშვესო:

"ვფიქრობ, საკრებულოს თავმჯდომარე დღეს სწორად და მართებულად მოიქცა, როცა არ შემოუშვა საკრებულოში ის ადამიანები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, აანონსებენ, რომ  ხელს შეუშლიდნენ საკრებულოს საქმიანობას. სიტყვას და გამოხატვას აქვს თავისი საზღვრები".

მმართველმა გუნდმა საჭიროდ ჩათვალა, ამ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოჰხმაურებოდა და საკითხი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი კუთხით განემარტა. თუმცა რა გამოვიდა, თავად განსაჯეთ:

„მართალია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მესამე პუნქტი ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა შესაძლებლობას, სათათბირო ხმის უფლებით მიიღონ მონაწილეობა საკრებულოს სხდომაში, თუმცა საკრებულოს ხელმძღვანელობის, ადგილობრივი თვითმმართველობის განმარტებით, მათი პოზიციისა და მათი სამართლებრივი განმარტების თანახმად, რეგლამენტის ეს ნორმა ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“.

როგორ წაადგება თბილისსა და თბილისელებს საკრებულოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, - მომავალი გვიჩვენებს.

საინფორმაციო სააგენტო"აქცენტი"