კატალონიური პარალელები

2017-10-09 18:59:26
396

როგორც მოსალოდნელი იყო, კატალონიის რეფერენდუმმა პოსტსაბჭოთა სივრცეში ემოციების შტორმი გამოიწვია და, ამასთან, მას ყველა საკუთარი გადასახედიდან აფასებს: ერთნი აღფრთოვანებულები არიან და ამბობენ, რომ „გაჭირვებული ხალხი, ბოლოს და ბოლოს, თავისუფლების ჰაერს შეისუნთქავს“, სხვების განცხადებითკი, „მადრიდი აჩვენებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მთავარია“.

 

თუმცა რეალურად, კატალონიის რეფერენდუმის მნიშვნელოვანება სულ სხვა რამეში მდგომარეობს: მან დასავლურ საზოგადოებას თვალი აუხილა იმაზე, რომ მარსზე ადამიანის მოახლოებული გაფრენისა და მართვადი თერმობირთვული სინთეზის აღმოჩენის მიუხედავად, ჰომოსაპიენსის ბუნება ძირეულად არ შეცვლილა. მრავალი წლის განმავლობაში ევროპელები, რომლებიც საქმეს იჭერდნენ ჩვენს კავკასიურ პრობლემებთან, ვერ ხვდებოდნენ, რატომ იყო ისინი ესოდენ აქტუალური: ახლა ხომ 21–ე საუკუნეა – ტექნოლოგიებისა და ღია კარების ეპოქა, პერიოდი, როდესაც მთავრობის სასახლის თავზე მოფრიალე დროშას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს...

 

„ნახეთ, როგორ გაუმკლავდნენ ევროპელები ამ პრობლემას: იქ უკვე აღარ არსებობს საზღვრები, საერთო კანონებია, საერთო ვალუტა, შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვისი იურისდიქციის ქვეშ იცხოვრებ“, – გვიხსნიდნენ გაკვირვებული ევროპელი პოლიტიკოსები. ისინი დარწმუნებულები იყვნენ ასევე, რომ შესაძლებელია, მოილაპარაკო ყოველთვის და ნებისმიერთან, - მთავარია, საჭირო ფორმულა იპოვო და დანარჩენს პრაგმატიზმი იზამს.

 

კატალონიის რეფერენდუმმა აჩვენა: ყველაფერი ისევე დარჩა, როგორც იყო ყოველთვის; გლობალიზაცია, საზღვრების გახსნა, ინტერნეტი, ერთიანი სავალუტო სივრცე, ცხოვრების უმაღლესი დონე და სტაბილურობა... – ამ ყველაფრის ფონზე თითქოს უნდა დაივიწყო ფიქრი სხვადასხვა სახის სტატუსებზე. თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და ყოველმხრივ კეთილდღეობაში მცხოვრები რეგიონი აჯანყდა და მსოფლიოს წინაშე ნათლად მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ თუ ყურადღებას არ მივაქცევთ ვილებს, ძვირადღირებულ მანქანებს, პიჯაკებსა და მაღალი საზოგადოების მანერებს, სადღაც ღრმად ჩვენში ჯერ კიდევ ცოცხლობს გამოქვაბულის ადამიანი, რომელიც მზადაა, კომბლით ხელში დაიცვას საკუთარი ტერიტორია... 

 

განსაკუთრებით გულითადად იზეიმეს „კატალონიის დამოუკიდებლობის დღე“ სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში. იქ უკვე დაიწყეს შესაფერისი კადრების ძებნა სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობისთვის, მათ შორის – «გაეროში აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლისთვის»... აბა როგორ? – ახლა, კატალონიის შემდეგ, აფხაზეთის აღიარება ხომ პრაქტიკულად გადაწყვეტილი საქმეაო...

 

მახსოვს, უფრო ადრე ამბობდნენ, „თუ კოსოვოელი ალბანელებისთვის შეიძლება, აფხაზებისთვის რატომ არაო?!“; კიდევ უფრო ადრე – „ბოსნიელებისა და ხორვატებისთვის თუ შეიძლებაო...?!“... ალბათ, უკვე მიხვდით გაგრძელებას.

პირველი პასუხი ამ კითხვებზე, რა თქმა უნდა, ის ორმაგი სტანდარტია, რომლის არსებობის შესახებაც ყველამ იცის, ყველა გმობს, თუმცა ყველა სათავისოდ იყენებს.  ორმაგი სტანდარტი – ეს მოცემულობაა, ისეთივე, როგორიც ის, რომ ღამეს დღე ცვლის და პირიქით, და ამას ვერავინ ვერაფერს მოუხერხებს.

 

თუმცა ოდიოზურ ორმაგ სტანდარტსაც რომ დავანებოთ თავი და ყველა საკითხის მხოლოდ და მხოლოდ  სამართლიანობის პრინციპით გადაჭრა ვცადოთ, კატალონიისთვის შეიძლება, აფხაზეთისთვის კი – მაინც არა. და, სხვათა შორის, მიზეზები ამისათვის არცთუ ბევრია.

ქართულ მხარეს სხვადასხვა არგუმენტები მოჰყავს ამის სასარგებლოდ, რომელიც, ერთი შეხედვით, დამაჯერებლად ჟღერს, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. მაგალითად, ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია ავტონომიური წარმონაქმნის გამოყოფის შესაძლებლობას არ თვალისწინებს; დიდხანს და მოსაწყენად აღწერენ, როგორ იქმნებოდა სსრკ და შემდეგ როგორ იშლებოდა იგი...

 

ეს დროის ფუჭი ხარჯვაა – ახალი სახელმწიფოები არ იქმნება სხვა ქვეყნების კონსტიტუციების საფუძველზე, სეპარატიზმი – ეს ხალხების ნებაა და არა ქაღალდის ბიუროკრატია. სხვა შემთხვევაში დღეს მთელი მსოფლიო ბრიტანეთისა და საფრანგეთის მსგავსი ათობით მეგა–იმპერიისგან იქნებოდა შემდგარი. მათი კანონმდებლობა ხომ, დიდი ალბათობით, არ დაუშვებდა ინდოეთის ან მაროკოს გამოყოფას...

 

კიდევ ერთი არგუმენტი ეკონომიკური ხასიათისაა: «კატალონია სუპერგანვითარებული რეგიონია, აფხაზეთი კი – ვერ გაიგებ, რაო». თუმცა ეს არგუმენტი საერთოდაც შეუმდგარად შეიძლება, ჩაითვალოს. თუ საკითხს ასე მივუდგებით, კატალონიას ათწლეულებით ჩამორჩება თავად საქართველოც, მაგრამ აქედან სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ უფლება არ უნდა გვქონდოს, დამოუკიდებლები ვიყოთ.

 

გარდა ამისა, მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამოუკიდებლობას, როგორც წესი, ღარიბი ქვეყნები მოიპოვებენ: უკვე ჩვენს დროს მსოფლიოს მიერ აღიარებული სახელმწიფოებრიობა მოიპოვეს აღმოსავლეთ ტიმორმა, ერიტრეამ და სამხრეთ სუდანმა, აფხაზეთი კი, მათთან შედარებით, სილიკონის ველია...

ასევე ვერ უძლებს კრიტიკას არგუმენტი იმის შესახებ, რომ აფხაზეთს რუსეთი ინახავს, აფინანსებს და საზღვრებს უცავს. რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ ბიუჯეტის 70% სხვა ქვეყნის მიერ ივსება, თუმცა ეს არჩევანის საქმეა. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1990-იანების  დასაწყისში საქართველოც საერთაშორისო დახმარების წყალობით არსებობდა...

 

ამგვარად, მე გადავხედე ყველა შესაძლო არგუმენტს იმის სასარგებლოდ, რომ არც ერთი სერიოზული, თავმოყვარე ქვეყანა აფხაზეთს არასოდეს აღიარებს და ვიპოვე მხოლოდ ერთი, თუმცა წონადი: აფხაზეთს არავინ არასდროს აღიარებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს „ქვეყანა“ ეთნიკური წმენდის შედეგად შეიქმნა. მსოფლიოს შეუძლია, ყველაფერი გაპატიოს, მაგრამ არასოდეს არაფრის ფასად დაიჭერს საქმეს „სახელმწიფოსთან“, რომლისთვისაც ეთნიკური წმენდა დაუფარავი პოლიტიკაა სამთავრობო დონეზე.

 

რა თქმა უნდა, ბოლო ათწლეულებში საკმარისად ბევრი რეგიონული კონფლიქტი იყო, მათ შორის – ისინიც, რომლებიც დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა. ამ ომებში ყველაფერი მომხდარა, მათ შორის – ნაწილობრივი ეთნიკური  წმენდაც.

 

ამ წინადადებაში სიტყვა „ნაწილობრივი“ საკვანძოა. მსოფლიოში მშვენივრად ესმით, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ორი ხალხი ერთსა და იმავე ტერიტორიაზე მშვიდობიანად ვერაფრით იცხოვრებს. სწორედ მსგავს სიტუაციებში წყდება კონფლიქტები იმგვარად, რომ ორივე მხარემ რაიმე მიიღოს. ასეთი პრინციპებით შეჩერდა ომი იუგოსლავიაში, ამავე პრინციპებით იქნა აღიარებული კოსოვო. ყველა ამ შემთხვევაში დაზარალებული მხარე სერბები აღმოჩნდნენ, თუმცა მათაც კი შესთავაზეს გონივრული კომპენსაცია – თვითმართვადი ანკლავები კოსოვოში, ბოსნიასა და ხორვატიაში.

 

ამ პრეცედენტებს შორის აფხაზეთი გამოირჩევა იმით, რომ იქ სრული და აბსოლუტური ეთნოწმენდა განხორციელდა და ნუ დაიწყებენ ისევ ზღაპრების მოყოლას 40 ათას გალელ ქართველზე, - მონებს სათვალავში არ იღებენ. 

აფხაზეთის არანაირი აღიარება არ იქნება და ვერანაირი კატალონია ამაში ვერ დაეხმარებათ.

 

რომ წარმოვიდგინოთ კატალონიელები, რომლებმაც განაცხადეს, „ესპანელები ბარსელონაში ფრანსისკო ფრანკომ ჩამოასახლა, მალე აქედან ყველა კასტილიელს გავყრითო“, ხოლო შემდეგ იტალიის არმიის დახმარებით ყველა არაკატალონიელი გაყარეს, მათი სახლები დაიკავეს და დიდი ასოებით დააწერეს „დაკავებულია“, – რამდენად მაღალი იქნება ალბათობა იმისა, რომ დამოუკიდებელ კატალონია არათუ აღიარონ, საერთოდ საუბარი დაიწყონ მასთან? ვფიქრობ, პასუხი ყველასთვის გასაგებია.

 

ასე რომ, თქვენთვის ზეიმის საფუძველს დიდად ვერ ვხედავ და მეტისმეტად ნაადრევად დაგიწყიათ «გაეროში აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლის» თანამდებობისთვის კანდიდატურის ძებნა: მსგავსი არაფერი გელით, 100 კატალონია, 50 შოტლანდია და 200 სამხრეთ სუდანი რომ არსებობდეს.

 

წყარო: https://www.ekhokavkaza.com/a/28769734.html