Forbes: “საქართველო ყოველთვის იყო მასპინძლობისა და თბილი მიღების სინონიმი"

2017-10-04 19:52:05
201

"საქართველოს ტურიზმის სტრატეგია შემოსავლიანი ხდება“, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა Forbes. 

„საქართველო ტურიზმს სერიოზულად, ძალიან სერიოზულად უდგება. ჰკითხეთ ჯესპერ ბლეკს. როდესაც 2016 წელს ჰოლანდიელი ტურისტი ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ქვეყნის მეექვსე მემილიონე ვიზიტორი გახდა, მას წითელი ხალიჩით დახვედრა მოუწყვეს და პრემიერ-მინისტრთან სავახშმოდ „მერსედესით“ წაიყვანეს“, - წერს სტატიის ავტორი სტეფან რაბიმოვი. 

როგორც მასალაში აღნიშნული, 2011 წელს საქართველოში 2,8 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა, 2016 წელს კი ექვსი მილიონი. ეს ნახტომი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის დიდი გამოწვევაა.

„მოულოდნელად, ქვეყანა თითქოს ყველა მოგზაურის რადარზე გაჩნდა“, - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ 2015 წელს ნიუ-იორკ თაიმსმა მსოფლიოში მოსანახულებელ 50 ადგილს შორის საქართველო 25-ე ადგილზე დაასახელა. 

სტატიაში ნათქვამია, რომ ტურიზმის განვითარებასთან ერთად ევროპის ქალაქებში ახალი რეისები დაემატა. 

“ეს შემოსევა არის, ყველა ფრონტზე განხორციელებული ინვესტიციისა და ბიძგის კულმინაცია, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია მდგრად, ძირითად მამოძრავებლად გადაიქცეს, რათა გაუმჯობესდეს ქვეყნის გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა“, - ნათქვამია სტატიაში. 

“საქართველო ყოველთვის იყო მასპინძლობისა და თბილი მიღების სინონიმი, სადაც ამბობენ, რომ სტუმარი უფლის საჩუქარია“, - წერს ავტორი.

სტეფენ რაბიმოვი საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მრავალი ახალგაზრდა ქართველი, რომელმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღო, ბრუნდება სამშობლოში, რომ ბიზნესის მრავალი სფეროსა და ტურიზმს განვითარების ბიძგი მისცეს. 

ამასთან, საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიაში ამბიციური გეგმა დაისახა: მან უახლოესი ორი წლის განმავლობაში 25 ახალი სასტუმრო უნდა ააშენოს, გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა, შავი ზღვის პირეთში საოჯახო სასტუმროების განვითარებისთვის ადგილობრივებთან იმუშაოს და აამაღლოს ტურისტული სტანდარტები.

ამასთან, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებულ მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზეა 3.70 ქულით. ინდექსი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, საქართველომ 1 პოზიციით წინ წაიწია - 2015 წელს საქართველო 71-ე ადგილზე იყო 3.68 ქულით,– ამ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

მაქსიმალური ქულა - 7 არც ერთ ქვეყანას არ აქვს.

სიაში ყველაზე მაღალი ესპანეთს - 5.43 ქულა აქვს. მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე გერმანია. კვლევა 136 ქვეყანას მოიცავს და ბოლო ადგილს იემენი იკავებს. ინდექსში საქართველოს მეზობლები იამაიკა და აზერბაიჯანია.

ინდექსი 14 კონპონენტისგან შედგება, რომლებიც აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ შესაძლებლობებს. საქართველოს ყველაზე მაღალი - 6.1 ქულა ჯანმრთელი გარემოს (ეპიდემიების გავრცლების დონე და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა) მხრივ აქვს. ასევე, მაღალი ქულა (6.0 ქულა) აქვს უსაფრთხოების მხრივ. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა (1.6 ქულა) აქვს კულტურული რესურსების და ბიზნეს ტურიზმის მხრივ და საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მხრივ (2.2 ქულა).

წელს ზამთრის კურორებზე ტურისტების დიდ ნაკადს ელოდებიან. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის - ალექსანდრე ონოფრიშვილის თქმით, წინასწარი ჯავშნები მოწმობს, რომ წლევანდელი წელი რეკორდული იქნება.

2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით