გერმანიაში საქართველოს საელჩო: „ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. „სავაჭრო და სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის დაფუძნების შესახებ“ სიმართლეს არ შეესაბამება“

2017-09-19 17:13:10
334

„ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. „სავაჭრო და სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის დაფუძნების შესახებ“ სიმართლეს არ შეესაბამება“, – ასეთ კომენტარს აკეთებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო "Апсныпресс“–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

“ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. „სავაჭრო და სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის დაფუძნების შესახებ“ სიმართლეს არ შეესაბამება და შეხვედრას გერმანიის ბუნდესტაგის არც ერთი წევრი დეპუტატი არ დასწრებია. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მკაცრი წერილებით მიმართეს ხიბლა ამიჩბას და მსგავსი სახის საქმიანობა აუკრძალეს”, - განუცხადეს „აქცენტს“ საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს „Апсныпресс“–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბერლინში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა. 

მისივე ცნობით, „წარმომადგენლობის გახსნას გერმანიის სახელმწიფო უწყებებთან მრავალწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. პრეზენტაციას გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ბუნდესტაგის დეპუტატები და ჟურნალისტები დაესწრნენ“.