„Amnesty International” თამარ მეარაყიშვილის დევნის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

2017-09-14 13:30:27
196

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Amnesty International” ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ახალგორის რაიონში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილის დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

შესაბამისი განცხადება ორგანიზაციამ თავის ვებ-გვერდზე განათავსა.

განცახადების თანახმად, დე ფაქტო ხელისუფლებამ «გარკვეული ხნით დააკავა და ცილისწამების ბრალდება წაუყენა საქართველოს ამ სადავო რეგიონში მცხოვრებ აქტივისტს, რომელიც მას სოციალურ ქსელებში აკრიტიკებს, რაც აზრის გამოხატვის უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს».

„სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერი თამარ მეარაყიშვილი აქტიურად წერს იმ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შესახებ, რომელსაც ახალგორის მაცხოვრებლები აწყდებიან. 31 ივლისს თამარმა ადგილობრივი პროკურატურიდან უწყისი მიიღო იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ ერთ–ერთი წევრის განცხადების საფუძველზე მის მიმართ ცილიწამების მუხლით გამოძიება იყო დაწყებული. თამარ მეარაყიშვილი 16 აგვისტოს დააკავეს და საქართველოს ამ სადავო რეგიონის დე ფაქტო მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულეს. საუბარია მის განცხადებებზე, რომელიც საიტ «Эхо Кавказа»– ზე 26 აპრილს განთავსებულ პუბლიკაციაში გამოქვეყნდა. ამ  მასალაში მოყვანილია თამარ მეარაყიშვილის კრიტიკური მოსაზრებები იმ თვითნებობის თაობაზე, რომელსაც დე ფაქტო მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთი“ მის მშობლიურ ქალაქ ახალგორში ეწევა. პუბლიკაციაში მეარაყიშვილმა მოუთხრო მკითხველს, როგორ აშინებდნენ ამ პარტიის წარმომადგენლები ადგილობრივ საავადმყოფოში ექიმებს მედიკამენტების უფასოდ მისაღებად. მეარაყიშვილმა უამბო „Amnesty International”–ს , რომ სანამ დაკავებული იყო, მას არ აძლევდნენ ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობას, არ გამოუყვეს თარჯიმანი და პირადი ნივთები ჩამოართვეს. თამარი იმავე დღეს გაათავისუფლეს, - როგორც ჩანს, ადგილობრივი აქტივისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური პროტესტის გამო. მიუხედავად ამისა, მას კვლავინდებურად ადანაშაულებენ ცილისწამებაში და უახლოეს დღეებში საგამოძიებო უწყებაში იბარებენ. ამასთან, 16 აგვისტოს თამარის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მეარაყიშვილი ადრეც ხშირად იდევნებოდა სოციალურ ქსელებში აქტიურობის გამო. ბოლო შემთხვევამდე, 2008 წლიდან იგი 6–ჯერ დაიბარეს პროკურატურაში, სადაც სოციალურ ქსელებსა და მედიაში გამოქვეყნებული კრიტიკული პუბლიკაციების გამო ემუქრებოდნენ. მეარაყიშვილს ბრალდება უნდა მოეხსნას, მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამო მისი დევნა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ცილისწამება, თუ შესაბამისი ფაქტი დადასტურებულია, შეიძლება, მხოლოდ დაზარალებული მხარის სამოქალაქო სარჩელის საფუძველს წარმოადგენდეს“, – ნათქვამია „Amnesty International”–ის განცხადებაში.