ლიბიაში თურქულ გემზე მყოფი 11 წევრი, მათ შორის სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს

2017-09-14 12:07:21
196

ლიბიაში თურქულ გემზე მყოფი 11 წევრი, მათ შორის  სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გემის კაპიტანი ქართველია. დაკავების მიზეზი  სავარაუდოდ, ის ტვირთია, რომელიც ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე იყო მოთავსებული.

დაკავებულები ლიბიის ციხეში უკვე ორი კვირაა იმყოფებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, მათ გემის კაპიტნის, გენადი კომახიძის ოჯახმა მიმართა და შეატყობინა რომ ეკიპაჟის წევრები 30 აგვისტოს დააკავეს.

საზღვაო სამსახური მოლაპარაკებებს ტანზანიის შესაბამის სამსახურთან აწარმოებს.  

„სააგენტოში შემოვიდა განცხადება მოქალაქისგან, სადაც ის იტყობინებოდა მათი ოჯახის წევრის, მეზღვაურის, გემის კაპიტნის დაკავებას ლიბიაში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ლიბიის  ტერიტორიულ ზღვაში დააკავეს გემი, სახელწოდებით „რექსი,“ რომელზეც იმყოფებოდა ეკიპაჟის 11 წევრი და სამწუხაროდ სამი ქართველი მეზღვაური. გემი დააკავა ლიბიის სანაპირო დაცვამ, ე.წ. ცხელ კვალზე დევნის პრინციპით და სავარაუდოდ საქმე ეხება არალეგალურ ნაოსნობას და არალეგალურ ტვირთს. ეკიპაჟის 11-ვე წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც ამჟამად გადაყვანილნი არიან ციხეში და მიმდინარეობს მოკვლევა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ.

მომხდარის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე აცნობეს.