ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს

2017-09-14 10:41:07
133

UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას და ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩია UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე. 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. 

ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქ. ჩენგდუში იმართება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

გენერალური მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდგომ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცების პროცედურას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.