ყველა გზა მოსკოვში მიდის? - ანუ ერთი კაცის ბიზნესები სოხუმსა და ბათუმში, ღარიბაშვილი და «ქართული მარში»

2017-09-13 23:25:29
848

 

გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორ ელისო კილაძის ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე გავლენიანი აფხაზი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი, მმართველი პარტიის ფრაქცია “ედინაია როსიას” თავმჯდომარის მოადგილე და პრეზიდენტ პუტინის “მარჯვენა ხელად” ცნობილი ოთარ არშბა ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია და ბათუმში ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

„პუტინის “მარჯვენა ხელი”, რუსეთის დუმის ფრაქცია ”ედინაია როსიას” თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არშბა ბათუმში ჩავიდა და მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. ოკუპაციის შესახებ კანონი გააუქმეთ და არ გვიმხელთ?!” – დაწერა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში.

იმის რკვევა, შედგა თუ არა ეს შეხვედრა რეალურად, დროის ფუჭი კარგვაა, ვინაიდან საიდუმლო შეხვედრების ფაქტს, როგორც წესი, არც ერთი მხარე არ ადასტურებს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რუსულ მედიაშიც მრავლად მოიპოვება ინფორმაცია ბატონი არშბას ოჯახის ბათუმური ბიზნესებისა და საქართველოს ხელისუფლებებთან მისი კონტაქტების შესახებ, გადავწყვიტეთ, მაინც დავინტერესებულიყავით, ვინ არის, რას ფლობს საქართველოში და რა აკავშირებს ოფიციალურ თბილისთან ოთარ არშბას.

როგორც ინტერნეტ-სივრცეში ხელმისაწვდომი წყაროებიდან ირკვევა, КГБ–ს ყოფილმა თანამშრომელმა ოთარ, იგივე თენგიზ არშბამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატობამდე საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზა განვლო.
ოთარ არშბა 1955 წლის 12 აპრილს ქალაქ სოხუმში დაიბადა. მამით აფხაზი და დედით ქართველი, ეროვნებასთან დაკავშირებულ კითხვას შემდეგ პასუხს სცემს: „მე რუსეთის მოქალაქე ვარ“. ბავშვობა არშბამ ბათუმში გაატარა, იქვე დაამთავრა სკოლა. ადრეული ასაკიდან იტაცებდა ფეხბურთი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც, თუმცა როდესაც ჯერი პროფესიის არჩევაზე მიდგა, გადაწყვიტა, მამის გზას გაჰყოლოდა, რომელიც იმხანად КГБ–ში მუშაობდა. 1973 წელს ოთარ არშბა სსრკ–ის КГБ–ს უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა. აქვს იურისტ–სამართალმცოდნის დიპლომი. 1992 წლამდე КГБ–ს მეხუთე განყოფილების თანამშრომელი გახლდათ. არის პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი სპეციალობით «ეთნოკონფლიქტოლოგია». დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი: არსი და მართვის ტექნოლოგიები».

1994 წლიდან, ბიზნესსკოლაში კურსების გავლის შემდეგ არშბა საინფორმაციო ტექნოლოგიებითა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებით დაკავდა. 2003 წელს კი მმართველი პარტია „ედინაია როსიადან“ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს. იმავე პერიოდში არშბა ეთნოკონფლიქტების კუთხით პროფესიულ საკითხებს დაუბრუნდა და ჩრდილოეთ კავკასიის თემებზე მუშაობდა. 2007 წელს გახდა რუსეთის მეხუთე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს წევრი.

ოთარ არშბას სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული უმსხვილეს რუსულ კომპანია „ევრაზჰოლდინგთან“. საერთაშორისო კვლევით ცენტრ International Iron and Steel Institute-ის მონაცემებით, „ევრაზ გრუფი“ (ყოფილი „ევრაზჰოლდინგი“) მსოფლიოში მეტალურგიის სფეროში სიდიდით მე–14 კომპანიაა, რომლის კაპიტალიზაციამ 42 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო შემოსავალი 2007 წლის განმავლობაში 54,5%–ით გაიზარდა და 12,808 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. კომპანიის მსხვილ აქციონერებს შორის არიან: რომან აბრამოვიჩი – 36,44%; ალექსანდრე აბრამოვი – 24,29%; ალექსანდრე ფროლოვი - 12,15%, იგორ კოლომოისკი - 9, 72%.

ოფიციალური ინფორმაციით, არშბა რამდენიმე მილიონ დოლარს ფლობს, თუმცა არაოფიციალურად სახელდება განსხვავებული ციფრები 1–დან 2,5 მილიარდ დოლარამდე. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ოფიციალურად ცნობილია მის მიერ მოსკოვში 8 და საქართველოში 2 დიდი ნაკვეთის, ასევე მოსკოვში 4 ფეშენებელური ბინის, საქართველოში კი 2 კერძო სახლის ფლობის თაობაზე. გარდა ამისა, არშბა 10–მდე კომპანიის 17–დან 90%–მდე აქციების მფლობელია. არშბა სახელდებოდა ასევე რუსეთში მოქმედი მთელი რიგი საინფორმაციო რესურსების მეპატრონედ. ამასთან, 2007 წლის მაისში მან უმსხვილესი კომპანია „ევრაზ გრუფის“ აქციების 0,03% შეიძინა, რომელიც შემდგომ 2,2 მილიონ დოლარად გაყიდა.

ოთარ არშბასა და „ევრაზ ჰოლდინგის“ სახელები მჭიდროდ არის კავშირებული თავის დროზე საქართველოში «ჭიათურმანგანუმისა» და «ვარციხეჰესის» ირგვლივ აგორებულ სკანდალთან. 2005 წლის იანვარში ქართულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ „ევრაზჰოლდინგის“ აფხაზ დამფუძნებელ არშბას საეჭვო რეპუტაცია ჰქონდა. 2005 წლის 31 იანვარს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ «არაფერი სმენია КГБ–სთან არშბას თანამშრომლობის თაობაზე», რომ «არშბა ბათუმელია და იქ ბიზნესი აქვს». რაც შეეხება „ევროჰოლდინგს“, ჟვანიას თქმით, მან საქართველოს ხელისუფლებას შესაბამის ობიექტებში ყველაზე მეტი თანხა შესთავაზა. თუმცა საბოლოოდ ეს გარიგება მაინც არ შედგა.

რაც შეეხება არშბას ბიზნესებს ბათუმში, არაოფიციალური ინფორმაციით, მისი მეუღლე მარინა ზენაიშვილი, რომელთანაც არშბა უკვე 25 წელია, ქორწინებაშია, ფლობს სავაჭრო სახლს, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელს, იყო „სახალხო ბანკისა“ და „სახალხო აფთიაქის“ აქციების თანამფლობელი. 2008 წლის 6 მაისს, აჭარაში «ვარდების რევოლუციის» წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარინა ზენაიშვილის კუთვნილი სავაჭრო ცენტრი საზეიმოდ გახსნა.

ეს – რაც შეეხება არშბას კონტაქტებს საქართველოს წინა ხელისუფლებასთან. და აქვე შევახსენებთ მკითხველს, რომ «რუსეთთან შეკრულობის» ბრალდებების საპასუხოდ საქართველოს ამჟამინდელი მმართველი ძალის წარმომადგენლებს არაერთხელ წაუყენებიათ «ნაციონალური მოძრაობის» წევრებისთვის «რუსეთისთვის სხვადასხვა ობიექტების გადაცემის» ბრალდებები.

ახლა – რაც შეეხება არშბას კონტაქტებს საქართველოს «ახალ» ხელისუფლებასთან.

“მე მინდა, აღვნიშნო ამ ოჯახის პატრიოტიზმი, ვინაიდან ისინი არიან პიონერები, რომლებმაც ბათუმში დაიწყეს ინვესტიციების ჩადება [...]”, – ეს განცხადება ექს-პრემიერმა ღარიბაშვილმა 2015 წელს ბათუმში სასტუმრო “კოლიზეუმის” გახსნისას გააკეთა.

როგორც ელისო კილაძე ირწმუნება, ის “პატრიოტი ინვესტორი”, რომელზეც ღარიბაშვილი საუბრობდა, სწორედ თენგიზ, იგივე ოთარ არშბაა – ადამიანი, რომელმაც 2008 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის” აღიარების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, რომელიც ზოგადადაც კურირებს აფხაზეთს, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ძალიან ხშირად იმყოფება და იქ როგორც სამშენებლო ბიზნესი აქვს, ისე რუსეთიდან საწვავი მასალების იმპორტს აკონტროლებს...

“... ამას ვგულისხმობდი, როცა ჩემს “პოსტში” ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ვახსენე” - განუმარტა “აქცენტს” კილაძემ.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილთან სავარაუდო შეხვედრას, მისი ინფორმაციით, საუბრის ძირითად თემას „ქართული მარში“ და მის მიერ 15 სექტემბრიდან დაანონსებული აქციები წარმოადგენდა. აქ კილაძე ღარიბაშვილს მძიმე ბრალდებებს უყენებს და ხელისუფლებას საკითხით სათანადოდ დაინტერესებისკენ მოუწოდებს:

„მხედველობაში მაქვს რაღაც აქციები, კარვების დადგმა სახელმწიფო კანცელარიასთან. სწორედ არშბაა საკონტაქტო პირი პუტინსა და იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის, რომლებიც რუსული ფულით, მათ შორის, საქართველოშიც ფინანსდებიან. არშბამ ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ბათუმში საკუთარი სასტუმრო გახსნა. გახსნის ღონისძიებაზე პირადად იმყოფებოდა ღარიბაშვილი. ჩემი ინფორმაციით, ღარიბაშვილი არშბასთან დააკავშირა მისმა სიმამრმა, რომელიც საქართველოში „გრუ“–ს სტაჟიანი რეზიდენტია და კახა თარგამაძემ. ამის შემდეგ არშბა ღარიბაშვილთან კოორდინაციაში იყო. ექს–პრემიერი გახლავთ რუსული სპეცსამსახურების ერთ–ერთი საყრდენი საქართველოში თავის გარემოცვასთან ერთად, - ვგულისხმობ მინდია ჯანელიძეს და სხვა პირებს, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობებზე იმყოფებოდნენ ამ ქვეყანაში. რაც შეეხება არშბას ბოლო ვიზიტს, არაერთგზის მითქვამს, რომ „ქართული მარში“ არის რუსებისა და ირაკლი ღარიბაშვილის პროექტი. სანდრო ბრეგაძეს [“მარშის” ერთ-ერთი ინიციატორი] ახლა გაახსენდა, რომ საქართველოს მთავრობა უნიათოა? ამ მთავრობის მინისტრის მოადგილე არ იყო?! ახლა გაიგო, რომ ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების პრობლემაა, რომელიც პირდაპირ ექვემდებარებოდა და ეხებოდა მის სამინისტროს?! ეს არის გზა ქვეყნის არეულობისკენ! გუშინ, როცა ეს „მარში“ მიუვარდა [თბილისის მერობის კანდიდატს, ვიცე-პრემიერ კახი] კალაძეს ოფისში, “მარშის” წარმომადგენელი [გია] კორკოტაშვილის გვერდით იმყოფებოდა ჯუმბერ კირვალიძე, რომელიც ალექსანდრე ჭაჭიას „კასირია“ საქართველოში. სწორედ ჯუმბერ კირვალიძის მეშვეობით გადის ფული ალექსანდრე ჭაჭიასგან სამეგრელოში, მათ შორის - სხვადასხვა ორგანიზაციების დასაფინანსებლად. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, თუ ელემენტარული თავმოყვარეობა აქვთ შერჩენილი, ამ ქვეყანაში „ქართული მარში“ ალაგმონ, რადგან ეს არშბას, მისი ყოფილი მძახალის - ალექსანდრე ჭაჭიას, ირაკლი ღარიბაშვილისა და რუსული სპეცსამსახურების პროექტია; დაიწყოს გამოძიება იმაზე, მაგალითად, ვინ უქირავა და ვინ უხდის „ქართულ მარშს“ მელიქიშვილის გამზირზე, სასტუმრო „საქართველოს“ შენობაში განთავსებული ოფისის ქირას; რა სახსრებით გადაადგილდებიან ისინი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და რა არის მათი საბოლოო ამოცანა. მაქვს ვარაუდი და ინფორმაციაც, რომ მათი მთავარი ამოცანა სწორედ რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით ქვეყანაში არეულობის შემოტანაა. ეს მარტივი თემა არ არის. ეს ძალიან მძიმე თემაა და ქართული სახელმწიფოს ნგრევის გზაა“, – განაცხადა კილაძემ.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“