გაერომ უკრაინას ქვეყნის ძალოვანი უწყებების ინიციატივით მოქმედი სკანდალური საიტის საქმიანობის შესწავლა მოსთხოვა

2017-09-13 20:09:58
166

გაერო უკრაინას ვებგვერდ „მიროტვორეცის“ საქმიანობის შესწავლას სთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ “Украинская правда“ ავრცელებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის რეკომენდაციაზე საუბარია ანგარიშში, რომელიც უკრაინაში ადამიანთა უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2014 წლის აგვისტოდან საიტი ათასობით ადამიანის, მათ შორის მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების პირად მონაცემებს აქვეყნებს.

ცნობისთვის: ხსენებული საიტი „მიროტვორეცი“ 2014 წელს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იმხანად – შტატგარეშე, ხოლო ამჟამად ოფიციალური მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს ინიციატივით დაარსდა. ინტერნეტ–რესურსის პარტნიორებს შორის არიან უკრაინის შსს, ეროვნული უშიშროების სამსახური და სხვა ოფიციალური ძალოვანი უწყებები.

საიტი თავს „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშულების კვლევითი ცენტრის ინტერნეტ–წარმომადგენლობად“ პოზიციონირებს. იგი შეიცავს ადამიანების იმ პირადი მონაცემების ღია ბაზას, რომელიც არალეგალური გზებით ("ჰაკინგი", "ფიშინგი") და ღია არხებით დაზვერვის საშუალებით არის მოპოვებული და ამ ადამიანების თანხმობის გარეშე ქვეყნდება. თავად ამ ადამიანებს კი საიტზე  „სეპარატისტებად“  და „კრემლის აგენტებად“ მოიხსენიებენ.

მას შემდეგ, რაც საიტზე ოლესია ბუზინას და ოლეგ კალაშნიკოვის პირადი მონაცემები, მათ შორის მისამართები გამოქვეყნდა და ორივე მალევე მოკლეს, საიტი სკანდალურად გახდა ცნობილი.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სამართალდამცველი საზოგადოებრიობა ამ საიტით მხოლოდ 2016 წლის მაისში დაინტერესდა– მას შემდეგ, რაც ინტერნეტ–რესურსმა „AFP“ –ის, „Al Jazeera“ –ის, „Le Monde“ ის, „BBC“–ის, „Reuters“–ისა და „ფორბსის“ ჟურნალისტების პირადი მონაცემები გამოაქვეყნა ( წყარო: ვიკიპედია).