„უგულებელჰყავით რუსეთი, მოიქეცით ისე, როგორც ერთ დროს ჩვენ მოვიქეცით“

2017-09-13 17:49:47
1283

ლიტვის პარლამენტის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი თვლის, რომ საქართველოს რუსეთის პრობლემის არა, მაგრამ საკუთარი შიდა პრობლემების მოგვარება შეუძლია და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა უნდა გააგრძელოს.

პავილიონის საქართველოს ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ურჩევს.

„თქვენ ვერ მოაგვარებთ რუსეთის პრობლემებს, მაგრამ შეგიძლიათ, ეფექტურად მოაგვაროთ თქვენი პრობლემები. ეს არის ბალტიისპირეთის გამოცდილება, რომელიც უნდა გაიზიაროთ. ჩვენთან, ბალტიისპირეთშიც იყვნენ რუსი ჯარისკაცები, მაგრამ ვიბრძოლეთ და მივაღწიეთ, რომ რეგიონში ყველაზე ძლიერი დემოკრატია გვქონოდა. თქვენც უნდა გახდეთ რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა, შემდეგ კი უნდა იშრომოთ, რომ რეგიონში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გქონდეთ. ეს არ არის ძალიან შორეული მომავალი, თქვენ ამასთან ძალიან ახლოს ხართ. მე თქვენი ქვეყანა შევადარე უკრაინას, მოლდოვას, მონტენეგროს. თქვენ ბევრად უკეთესი ქვეყანა გაქვთ ვიდრე მათ. მთელ რიგ საკითხებში ლიტვაზე უკეთესი მდგომარეობაც გაქვთ, გყავთ ბევრი ამერიკელი და ევროპელი მეგობარი, რომლებიც თქვენთვის მუშაობენ. უგუვებელყავით რუსეთი, მოიქეცით ისე, როგორც ერთ დროს ჩვენ მოვიქეცით: იყავით დემოკრატიულები და განახორციელეთ ბევრი რეფორმა, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის აუცილებელია. ახლა თქვენ ნაწილობრივ მზად ხართ, მაგრამ არა 100%–ით. აუცილებლად უნდა იყო 100%–ით მზად, რადგან არ იცით როდის გაიღება ნატოს კარი სპეციალურად თქვენთვის“,– განაცხადა ანალიტიკოსმა.