უკრაინის იუსტიციის სამინისტრო: “უკრაინას შეუძლია სააკაშვილი საქართველოს არ გადასცეს“

2017-09-13 15:27:31
746

უკრაინას შეუძლია, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს არ გადასცეს მანამ, სანამ ქართული სასამართლო მის საქმეზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, – ამის შესახებ ტელეარხ „122 უკრაინას“ ეთერში უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დენის ჩერნიშოვმა განაცხადა.

„ჯერ–ჯერობით უკრაინაში არაფერი მომხდარა, სააკაშვილის მიერ საზღვრის გადმოკვეთის გარდა, ის დოკუმენტები, რომელიც იუსტიციის სამინისტროში და გენერალურ პროკურატურაში მოგვივიდა ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით, მოწმობს, რომ მის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე წარმოებს. ეს ჯერ კიდევ არ არის მორიგი ეტაპი ექტრადიციის განხორციელებაში და ამ ეტაპში იუსტიციის სამინისტრო არ მონაწილეობს. სააკაშვილი, რომ უკვე იყოს გასამართლებული საქართველოში იმ მუხლებით, რომლებიც პრესკონფერეციაზე ჩემმა კოლეგამ, მინისტრის მოადგილემ სერგეი პეტუხოვმა დაასახელა, მაშინ ეს იუსტიციის სამინისტროს ნაწილობრივი პრეროგატივა იქნებოდა“, – განმარტა ჩერნიშოვმა.

წამყვანის კითხვას, შეუძლია თუ არა უკრაინას , სააკაშვილი საქართველოს არ გადასცეს, სანამ ქართული სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მინისტრის მოადგილემ დადებითი პასუხი გასცა.

სექტემბრის დასაწყისში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის განაცხადი მიიღეს.  2015 წელს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქართულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი განუცხადა და ეს იმით ახსნა, რომ სამშობლოში მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდება.